სიღნაღის ამბები

,,ჩემმა ქმარმა მარნის კარს წაჰკრა ხელი და შესძახათ, გამოდით, დავიღუპეთ, ხალხოო”

,,მომაკვდავი მომღერალი ინერციით აწეულა ზემოთ და ლომი თავად გამოუღია გულიდან"

   ნელი ვარდიაშვილი

საქართველოს ბულბულად წოდებული ჰამლეტ გონაშვილის მემორიალური მუზეუმი არ არსებობს. მის  მშობლიურ სოფელში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, გონაშვილების სახლი გამოკეტილია და ეზოში ბალახი ბიბინებს. იქაურობას ძველი მშვენების კვალი მაინც ეტყობა – ჰყვავის უამრავი ყვავილი. მეზობლებმა მითხრეს, რომ ჰამლეტს ძალიან უყვარდა მცენარეების დარგვა. თურმე უცხოეთიდან ხშირად მოჰქონდა უნიკალური ჯიშის ყვავილები. ანაგელებმა საფრანგეთიდან ჩამოტანილი ლეღვის ხის ამბავიც იციან – უცნაურად გრძელ და ტკბილ ლეღვს ისხამდაო.

ჰამლეტ გონაშვილის მშობლიური სოფლის სახლი ორსართულიანია,  ხის შიდა, ლამაზი კიბითა და ძველი მარნით. ახლა ყველა ოთახი ჰამლეტის ფოტოებითაა გავსებული – კედლებიდან უტკბილესი ხმის მქონე ჰამლეტი იყურება. მისი საყვარელი ხის ფანდური,  ჩოხა-ახალუხი  და დედამისის დაირაც მოწყენილი ჰკიდია კედელზე. მაგიდა საოჯახო ალბომებით, ჰამლეტის ფოტოსურათებიანი წიგნებითა და ფირფიტებით არის სავსე.

.

მოვინახულეთ ის ადგილი, სადაც მომღერალმა სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. მაშინ ჰყვებოდნენ, რომ თბილისში გამგზავრების წინ დედამ ჰამლეტს ხის ტოტის მოჭრა სთხოვა, გზიდან მიაბრუნა და დედის თვალწინ დატრიალდა საშინელება, ჰამლეტი ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა.

87 წლის ციალა დარჩაშვილმა, რომელიც სოფელ ანაგაში ოჯახის მეზობელი და ახლობელია, ჩვენთან საუბრისას ეს დღე გაიხსენა და გონაშვილების ეზოში, იმ აკაკის ადგილმდებარეობაზეც მიგვანიშნა, რომელიც დიდი ტრაგედიის მიზეზი გახდა. ციალა ბებომ მოიგონა დრო, როცა გონაშვილების ოჯახში სიცოცხლე დუღდა და მათ გარშემო ყველა ხარობდა. ჰამლეტის გარდაცვალება კი მეხის გავარნასავით იყო სოფელსა თუ სამეზობლოშიო.

 ციალა დარჩაშვილი:

_ გონაშვილების ოჯახის კარის მეზობელი ვარ. იშვიათი მეზობლობა გვქონდა, უსაყვარლესი ოჯახი იყო. გული მტკივა, რომ დღეს მათი კარ-მიდამო გამოკეტილი და აბალახებულია. მათი სახლის გასაღები ახლაც ჩემთან ინახება. წარმოშობითაც ანაგელი ვარ და როცა ამ უბანში გამოვთხოვდი, ჰამლეტი უკვე დიდი ბიჭი იყო. როცა იკითხავენ ხოლმე, ვინ ასწავლა ასეთი კარგი სიმღერა, მეღიმება. ოჯახის ყველა წევრი უბადლო მომღერალი იყო. ჰამლეტის დედას, მარგოს არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, მამა – დიმიტრიც კარგად მღეროდა, მაგრამ ჰამლეტის და, ჯულიკო, ყველაზე განსხვავებული ხმის პატრონი იყო. ერთად რომ დაიწყებდნენ სიმღერას, გინდოდა, აღარ დაესრულებინათ, ისე კარგად მღეროდნენ.

8 მარტს, ქალთა დღესასწაულს ყოველთვის აღვნიშნავდით ქეიფით. მეზობლები შევიკრიბებოდით, სუფრას გავშლიდით, მარგო დაირას  ჩამოიღებდა და გონაშვილების სიმღერა იქაურობას ატკბობდა. ჰამლეტის დედა დაირაზე უკრავდა, ჰამლეტი – ფანდურზე და შეხმატკბილებულად ღუღუნებდნენ. მარგოს საყვარელი დაირა და ჰამლეტის ფანდური ახლაც მის სახლში ინახება.

     _ როგორც ცნობილია, ჰამლეტს განსაკუთრებით უყვარდა დედა. გამოდის, რომ სიმღერის ნიჭი მისგან გამოჰყოლია. დედამისზე მოგვიყევით…

_ უმაღლესდამთავრებული, ძალიან ლამაზი ქალი იყო მარგო კაცელაშვილი. ანაგის საბავშვო ბაღში მუშაობდა, თუმცა ვენახებიც ჰქონდათ და იქ შრომასაც არ თაკილობდა. ჰამლეტის მამა, დიმიტრი, პედაგოგი გახლდათ. ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა ცხინვალში და როცა მარგო შეირთო, თავადაც აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად.

ჰამლეტი ახალგაზრდობის მერე წავიდა თბილისში, მაგრამ ხშირად მოდიოდა სოფელში. ყოველი მისი ჩამოსვლა ზეიმი იყო. მარგო დაგვიძახებდა მეზობლებს, ვამზადებდით კერძებს, ვაცხობდით პურს, ვშლიდით სუფრას და მოდიოდნენ ნათესავები. საოჯახო კონცერტი იმართებოდა ყველა ასეთ შეკრებაზე – გინდოდა თუ არ გინდოდა, იცოდი თუ არ იცოდი ან შეგეძლო თუ არა სიმღერა, მთელი ოჯახი ისე მღეროდა, ჩვენც, ყველანი ვმღეროდით.

ჰამლეტმა თბილისელი გოგო მოიყვანა ცოლად, ძალიან კარგი ოჯახიშვილი, განათლებული ქალი და როცა პირველად ჩამოიყვანეს ანაგაში, სწორედ იმ დღეს გაიხსნა ჩვენს სოფელში შინმოუსვლელის სკვერი და პატარძალი პირველად იქ წაიყვანეს. ცხადია, ყველას აინტერესებდა ჰამლეტის მეუღლე. მარგომ სახლში პურმარილი გაამზადა და პატარა ქორწილი გადავუხადეთ. დიდი მხიარულება იყო. აი, ამ ხნის ქალი ვარ და ახლაც მახსოვს, როგორ მღეროდა იმ დღეს ყველა, ვინც კი სუფრასთან იყო.

ჰამლეტს თავისი სოფელი უყვარდა და ყველა მნიშვნელოვან დღეს, თუ გასტროლებზე არ იყო წასული, აუცილებლად ჩამოდიოდა. კახეთი და კახური, ყველაფერი ხიბლავდა.

მახსოვს, ერთხელ რუსთავის მთელი ანსამბლი ჩამოიყვანა და წნორში გამართეს კონცერტი. ამბობდნენ, საუკეთესოდ იმღერეს, კახელებმა ლამის ხელში აიყვანეს ჰამლეტიო. ჩვენ ვერ წავედით, რადგან მთელი მეზობლობა ვეხმარებოდით ჰამლეტის დედას სუფრის მომზადებაში – ცხვარიც დავკალით. კონცერტის შემდეგ მთელი ანსამბლი ჰამლეტის სახლში მოვიდა, სუფრას შემოვუსხედით და მთელი ღამე ვიქეიფეთ. ისეთი საღამო გამართეს, ყველა იქ მყოფს რომ ემღერებოდა. მთელი წელი ამ ქეიფზე ლაპარაკობდა სოფელი.

 _ მისი ტრაგიკული გარდაცვალებაც სოფელ ანაგასთან არის დაკავშირებული. იმ საშინელ დღესაც გაიხსნებთ?

_ სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ერთი კვირით ადრეც იყო ჩამოსული ჰამლეტი ანაგაში. ჩემს ქმარს მოტოციკლეტი ჰქონდა და ვენახიდან რომ დაბრუნდა, ჰამლეტი ლეღვს შეექცეოდა. რა თქმა უნდა, ჩემმა მეუღლემ გადმოიპატიჟა და მე დამიძახა,  გაშალე სუფრა, ქალოო. ჰამლეტი თურმე იმ საღამოს აპირებდა თბილისში გამგზავრებას, მაგრამ ჩემი ქმარი გადაეკიდა და არ გაუშვა. პატარა ,,ტუმბუჩკაში“ მქონდა მომზადებული ,,სტოლი“, კიდევ ერთ მეზობელს დაუძახეს და მაგრად იქეიფეს. მღეროდნენ კიდეც. ეს ჰამლეტის უკანასკნელი მშვიდობით ჩამოსვლა იყო ანაგაში და ბოლო სიმღერა, რომელიც ჩემ ჭერქვეშ იმღერა. ერთი კვირის მერე კი მოხდა ის საშინელება, რომელიც არ უნდა მომხდარიყო.

თელავში გასტროლებზე იყო ანსამბლი და ჰამლეტმა, უცხოელი მეგობრის ოჯახთან ერთად, დედის სანახავად ჩამოირბინა ანაგაში. იმ ღამით გონაშვილების სტუმრებს ჩემს სახლში ეძინათ. მათი ეზოს უკანა მხარეს საბედისწერო აკაკის ხე ახლაც დგას. მეზობელი სულ ეჩხუბებოდა მარგოს, ტოტები ჩემს ბოსტანში აქვს და შეაჭერითო. ჰამლეტის მოსვლა რომ გაუგია, ღობიდან დაუძახია და უთქვამს, იქნებ შენ მაინც შეაჭრაო.

დილიდან წვიმდა, ჰამლეტი კი გამოპრანჭული იყო. მიუხედავად ამისა, მეზობელს არ აწყენინა და მოჭრა ხის ტოტი, მაგრამ პრიალაძირიანი ფეხსაცმელებით ასულა ხეზე. როგორც ჩანს,  სველ ტოტზე ფეხი გაუცურდა და ჩამოვარდა. ქვემოთ კიდევ ის ოხრად დასარჩენი რკინის ლომი ყოფილა ჩარჭობილი. ზედ გულით დაეგო საცოდავი. მეზობელი, რომელმაც უთხრა, ტოტი შეაჭერიო, უყურებდა ამ ყველაფერს და კიოდა, გვიშველეთო. მომაკვდავი ინერციით აწეულა ზემოთ და ლომი თავად გამოუღია გულიდან. იქვე დალია სული.

      _ ჰამლეტის დედა ამ დროს იქ იყო?

_ მეზობლის კივილზე მე და ჩემი ქმარი გავიქეცით. ამ დროს მარგოს ჰამლეტის მეგობარი თავისი ცოლ-შვილით შეყვანილი ჰყავდა მარანში და ძველ ნივთებს ათვალიერებინებდა. მეზობლის კივილი მათ არც გაუგიათ. ჩემმა ქმარმა მარნის კარს წაჰკრა ხელი და შესძახათ, რა დროს ეგ არის, გამოდით, დავიღუპეთ, ხალხოო. მარგოს კივილი ცას სწვდებოდა. კახეთში უცებ გავარდა ხმა, ჰამლეტი დაიღუპაო და ზღვა ხალხი მოაწყდა გონაშვილების სახლს. იმავე დღეს გადავასვენეთ თბილისში და როგორც იცით, იქ არის დაკრძალული.

დედამისის მდგომარეობა ღმერთმა ყველას აშოროს, საშინელ დღეში იყო, მაგრამ  ცრემლს ყველას არ აჩვენებდა და მხნეობას ინარჩუნებდა. მეც ერთადერთი ბიჭი მყავს გარდაცვლილი და მას მერე კარჩაკეტილი ცხოვრებით ვცხოვრობ. ჰამლეტის სიკვდილის მერე მარგო მეუბნებოდა, შენსავით არ მოვიქცევი, კიდევ ერთი შვილი მყავს, მან რა დააშავა, დედას ნაადრევად ვერ გამოვაცლიო. აქეთ მამხნევებდა, მაგრამ ხშირად თვალცრემლიანი მხვდებოდა, ჩუმად დასტიროდა ჰამლეტს.

საოცარი შვილი დაკარგა. რამდენიმე წლის წინ მარგოც გარდაიცვალა, წნევამ დაარტყა. სანამ მარგო ცოცხალი იყო, მათ სახლში ჩამოდიოდნენ ჰამლეტის მეგობრები და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოებს მართავდნენ.

_ მის სახლში მემორიალური მუზეუმი რატომ არ გახსნეს?

_ ბოლო დროს ჰამლეტის დას, ჯულის უნდოდა თავიანთ სახლში გაეკეთებინა ჰამლეტის მუზეუმი, მოეწვია ხოლმე სტუმრები, მაგრამ რატომღაც ვერ მოახერხა. ახლა დაც გარდაცვლილია და გამოიკეტა მათი სახლი.

სიღნაღში, კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილის სახლ-მუზეუმში, ჰამლეტ გონაშვილის გასახსენებლად საღამო გაიმართა. სტუმრებს სკოლის მოსწავლეებმა საოცარი  ხმის მქონე მომღერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ეპიზოდები შეახსენეს. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჰამლეტის ნამღერი ,,ურმული“, ,,წინწყარო“, ,,დაიგვიანეს“…  ღონისძიებას ჰამლეტ გონაშვილის ახლობელი, პედაგოგი მალეხ ჯალიაშვილი ესწრებოდა. ჰამლეტთან დაკავშირებული ამბები მანაც გაიხსენა:

_ ბავშვობიდან საოცრად ზრდილობიანი იყო ჰამლეტი. საკუთარ დედას სიცოცხლის ბოლომდე თქვენობით ესაუბრებოდა. მარგო დეიდა ჰამლეტის გამოგზავნილ წერილებს დიდხანს ინახავდა, სადაც განსაკუთრებულად ჩანს მისი მოკრძალება მშობლების მიმართ. დედის გავლენა ყველაფერში ეტყობოდა, ის ითხოვდა შვილებისგან წესიერებას, ზრდილობას, უფროსის პატივისცემას. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ლამაზად მღეროდა დედამისი. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ ჰამლეტის ხმა და ნამღერი დედისას ვერც შეედრებოდა. ხალხური სიმღერების ჯადოქარი იყო მარგო დეიდა. ორივე შვილს ასწავლა სიმღერა. ჩემს ოჯახში ინახება დედისა და შვილების ერთად ნამღერი ხალხური სიმღერები.

ერთხელ შემოდგომით გვესტუმრა ჰამლეტი. მაჭარი უკვე დუღდა, ჩემმა მეუღლემ მარანში შეიყვანა, ქვევრს სახურავი მოხადა და უთხრა, აბა, ყური დაუგდე, როგორ ღუღუნებს მაჭარიო. ჰამლეტი დაიხარა და მიაყურადა. კი, მესმისო, ჩაიღიმილა. ჰოდა, მაგ მაჭრის ღუღუნს მაგონებს შენი ნამღერიცო, აუხსნა ჩემმა ქმარმა.

ზაფხულში დეიდაშვილი წავიყვანეთ თბილისში სავაჭროდ. ტროლეიბუსში ჩავსხედით,  თან ჰამლეტს რაღაცას ვუყვებოდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ არ მისმენდა და ფორიაქობდა. მითხრა, გუშინ ერთი ნოტი ვერ ავიღე და მას შემდეგ ვერ მომისვენია. ახლა ვცდილობ, ეს შეცდომა გამოვასწორო და თუ მოულოდნელად მაღალ ხმას ამოვუშვებ, ხელი მომაფარეო. მაშინ ჰამლეტი ცნობილი ჯერ არ იყო. ვთხოვე, ბევრი ხალხია, გეხვეწები, აქ არ იმღერო-მეთქი. ვინ მომისმინა, იმდენი იწვალა ტროლეიბუსში, ნოტი მაინც აიღო. ვერც კი წარმოიდგენთ, ტროლეიბუსში რა მოხდა. ყველამ ჩვენ დაგვიწყო გაკვირვებით ყურება. ისე გამაბრაზა მათმა მზერამ, ჰამლეტს ვუთხარი, მიდი, ამათ ჯიბრზე აქ იმღერე-მეთქი და მასაც მეტი რა უნდოდა, ,,ურმული“ წამოიწყო. მთელი ტროლეიბუსი გაისუსა მის ხმაზე. სანამ არ დაასრულა, ხმა არავის ამოუღია, მერე კი ისეთი ტაში შემოსცხეს, თავი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში გვეგონა.

ჰამლეტი რომ გარდაიცვალა, სანამ ამ ამბავს შევიტყობდით, ჩემს სახლში, ფანჯარასთან ვიჯექი და რადიოში მის სიმღერას ვუსმენდი. უცებ გადაცემა შეწყდა და დიქტორმა გამოაცხადა, საშინელი ამბავი უნდა გაუწყოთ, ტრაგიკულად გარდაიცვალა საქართველოს ბულბული, ჰამლეტ გონაშვილი, აღარ ძგერს ამ დიდი ადამიანის გულიო. თითქოს ვიღაცამ ხანჯალი ჩამარტყა, სკამიდან წამოდგომა ვეღარ შევძელი. ფანჯრიდან ცას გავხედე. ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. უეცრად დავინახე, ერთი დიდი ვარსკვლავი როგორ მოწყდა ცას და ქვემოთ წამოვიდა. მას მერე ხშირად ვფიქრობ ამ ვარსკვლავზე. ალბათ ეს იყო ჰამლეტის ვარსკვლავი.

წყარო: გაზეთი ,,კვირის პალიტრა”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close