ჯანდაცვა

,,საავადმყოფო დიდი თანხების ამოღებას ცდილობს მაშინაც, როდესაც პაციენტს ეს არ ესაჭიროება”

სკანდალური წერილი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, სოციალური ქსელით, იმ ექიმების ფოტოსთან ერთად გავრცელდა, ვიზედაც წერილი არის. როგორც ჩანს, ისინი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს უკვე ყოფილი ექიმები არიან, რადგან სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ჩანს, მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ და ამჯერად (ხშირად ასე არ ხდება) გადაწყვიტეს, რომ სიმართლე თქვან.  ,,კორპორაცია ,,ევექსი”, რომელიც BGEO ჯგუფს (საქართველოს ბანკი) ეკუთვნის და იაშვილის საავადმყოფოს მფლობელი რამდენიმე წლის წინ გახდა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პაციენტებმა მათ კლინიკებში და აფთიაქებში მუდმივად იარონ. საავადმყოფო პაციენტებისგან მაქსიმალურად დიდი თანხების ამოღებას ცდილობს, მაშინაც, როდესაც ეს არ ესაჭიროება ავადმყოფის ჯანმრთელობას” _ აცხადებენ ექიმები. 

,,წარმოიდგინეთ, რომ მუშაობთ საავადმყოფოში მისი გახსნის დღიდან, 41 წლის განმავლობაში და ერთ დღეს, უფროსი გიცხადებთ, რომ ან ნებით უნდა წახვიდეთ სამსახურიდან, ან კომპენსაციასაც ვერ მიიღებთ.

ეს შეემთხვა 4 დეკემბერს ასამდე ექიმს და ექთანს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში. ამ ადამიანებს, რომლებმაც ცხოვრება ბავშვებზე ზრუნვას და საავადმყოფოსთვის კარგი რეპუტაციის შექმნას მიუძღვნეს, ისე მოექცნენ, როგორც რომელიმე წვრილი მაღაზიის მარტივად ჩანაცვლებად კადრებს.

კორპორაცია ,,ევექსი”, რომელიც BGEO ჯგუფს (საქართველოს ბანკი) ეკუთვნის, იაშვილის საავადმყოფოს მფლობელი რამდენიმე წლის წინ გახდა. მათი მიზანია მეწილეებისთვის მოგების გაზრდა, აქციების ღირებულების ზრდა ლონდონის ბირჟაზე და ჩვენი ჯანდაცვის მორგება უცხოელ მომხმარებელზე, რათა შეიქმნას “სამედიცინო ტურიზმი” საქართველოში. ამას ჯანდაცვის ექსპორტსაც უწოდებენ. ექიმები ხედავენ ამ ცვლილებებს და ცდილობენ, გაუმკლავდნენ ახალ სირთულეებს, რომ შეძლონ პაციენტებზე ზრუნვის გაგრძელება. ჯანდაცვის სისტემაში მოგებაზე ორიენტირებული პრინციპის გაძლიერებას მოჰყვა არასამედიცინო კადრების ზრდა ადმინისტრაციულ რგოლში, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები. ამან გამოიწვია ხელფასების ვარდნა, ექიმების რეორგანიზაცია და მთლიანი დეპარტამენტების დახურვა. ექიმების თქმით, მოგების გასაზრდელად, საავადმყოფო პაციენტებისგან მაქსიმალურად დიდი თანხების ამოღებას ცდილობს, მაშინაც, როდესაც ეს არ ესაჭიროება ავადმყოფის ჯანმრთელობას. ,,ევექსი” პაციენტებს არწმუნებს მათი მომსახურების მაღალ ხარისხში მაშინ, როდესაც თავიანთ ინვესტორებს ესაუბრებიან იმაზე, თუ რამდენი საავადმყოფო, კლინიკა და აფთიაქი იყიდეს, როგორ გაიზარდა მოგება (34 მილიონი დოლარი 2017 წლის პირველ ცხრა თვეში), ბაზრის რამხელა წილს აკონტროლებენ, როგორ უზრუნველყოფენ, რომ პაციენტებმა მათ კლინიკებში და აფთიაქებში იარონ და რაც მთავარია, იმაზე, თუ როგორ შეამცირებენ ხარჯებს. სინამდვილეში, ისინი თავიდან იშორებენ ათწლეულების გამოცდილების მქონე ექიმებს, ხურავენ არამომგებიან დეპარტამენტებს, ამცირებენ ხელფასებს და ზრდიან სამუშაო დატვირთვას. მათ ანგარიშებში არ წერია, რომ ჯანდაცვა დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს პაციენტებზე. ჯანდაცვა, განსაკუთრებით კი ბავშვთა ჯანდაცვა, არ არის ისეთივე სერვისი, როგორიც საჭმლის გამოძახებაა. ავადმყოფის გამოჯანმრთელება ექიმებსა და ექთნებზეა დამოკიდებული. მაღალი სტანდარტები და პროფესიონალიზმი იწყება ღირსებული სამუშაო პირობებით და ღირსეული შრომით. ექიმებისა და ექთნებისთვის სტაბილური, კოოპერაციული და შრომაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა აუცილებელია იმისთვის, რომ პაციენტებს და განსაკუთრებით ბავშვებს შევუქმნათ გამოჯანმრთელებისთვის შესაფერისი გარემო. როგორ შეიძლება ვენდოთ კორპორაციას, რომელიც უღირს პირობებში ამუშავებს დამსახურებულ მშრომელებს და შემდეგ ასე უდიერად აგდებს სამსახურიდან?

იაშვილის საავადმყოფოდან გათავისუფლებული 25 ექიმი და ექთანი გაერთიანდა და მოითხოვს ღირსეულ მოპყრობას მათთვის და სხვებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ სურთ გააგებინონ საზოგადოებას, რომ პაციენტებზე ზრუნვა მათთვის მთავარ ძრავს წარმოადგენს და თუ ჩვენი შვილებისთვის კარგი ზრუნვა გვინდა, მათი მზრუნველებიც უნდა დავაფასოთ და დავიცვათ”.

eurinews.ge იაშვილის სახელობის საავადმყოფოდან გათავისუფლებულ ექიმებს მისცემს საშუალებას, საჯაროდ, დეტალურად ისაუბრონ ამ საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე. ჩვენ გვერდში დავუდგებით მათ, საკუთარი უფლებების დაცვისათვის ბრძოლის დროს. 

ჩვენი საკონტაქტო ტელეფონია: 597 11 12 47

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close