საზოგადოება

რატომ დაარქვეს ვარდების მოედანზე რესტორანს ,,ანდროპოვის ყურები”?

ვარდების მოედანზე მდებარე „რესპუბლიკის შენობაში თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორნი გაიხსნა. „ანდროპოვის ყურები, ასე ქვია რესტორანს, რომლის ინტერიერზეც ცნობილმა ფრანგულმა კომპანიამ Gilles & Bossier იმუშავა. დიზაინერი პატრიკ ჟილის თქმით – რესტორნის კონცეფციის შექმნის ინსპირაცია თბილისის ისტორიული ადგილები და ძველი უბნები გახდა. თანამედროვე დროსა და გარემოზე ისტორიული მნიშვნელობის მორგების გამო იქნა არჩეული სახელწოდებაც.

„დიზაინის ინსპირაცია დაკავშირებულია ჩემს პირველ ვიზიტთან ძველს ქალაქში, ის გულისხმობს თანამედროვე მასალების და ტენდენციების გამოყენებას და სინთეზს ისტორიულ ნაწილთან. რაც შეეხება სახელს, ანდროპოვის ყურები რასაკვირველია, ეს სახელწოდება არ უნდა იქნას პირდაპირ გაგებული. დღემდე ასე ეძახის ყველა ამ ტერიტორიას, ეს არის ისტორიული ეპოქა, რომლის სახელი საინტერესოდ და იუმორით გავახმოვანეთ თანამედროვე დიზაინში” – განმარტა პატრიკ ჟილი ჟილ ი ბოსიე-ს დამფუძნებელმა.

,,სუპერ წარუმატებული ადგილიდან ჩვენ გავაკეთეთ სუპერ წარმატებული პროექტი. სწორედ ასეთია ჩვენი ხედვა ვარდების მოედანთან დაკავშირებით. სასტუმრო ივერიის ნაცვლად, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში იყო ომის წაგების, დამარცხების სიმბოლო ახლა სასტუმრო ,,რადისონი” დგას, რომელიც უკვე მესამეჯერ აღიარეს საუკეთესოდ მსოფლიოში. ასეთი წარმატებული იქნება აქ ახალი სასტუმრო ტელეგრაფი, ასეთი წარმატებული იქნება მთლიანად მოედანი და ასეთი წარმატებული იქნება საქართველო“, – აღნიშნა ,,სილქ როუდ ჯგუფი”-ს დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა.

,,1982 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა ლეონიდ ბრეჟნევი, – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი, რომელიც ქვეყანას 1964 წლიდან 18 წლის განმავლობაში მართავდა.
მისი ეპოქა ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს როგორც «ჭაობი». ბოლო წლებში ბრეჟნევი მარაზმატულ ფიგურად იქცა, – საერთოდ აღარ შეეძლო ლაპარაკი და გადაადგილება. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტისას, მის საპატივცემულოდ გამართულ სადილზე მაგიდასთან ჩაეძინა. 26-ე ყრილობაზე კი 5 საათიანი სიტყვა წარმოთქვა, რომლის თავი და ბოლო ვერავინ გაიგო. «კიდევ კარგი» ეს სიტყვა ასეულ მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა, თორემ რა ეშველებოდა მილიონობით კომკავშირელ და პარტიულ აქტივისტს, რომელთაც პარტიის დავალება «მასებამდე» უნდა მიეტანათ?
ბრეჟნევის სიკვდილი საკმაოდ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ მოვლენად იქცა ქართული საზოგადოებისათვის. ყველა ელოდა განსაკუთრებულ ცვლილებებს,- გრძნობდნენ, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო, რომ ახალი ეპოქა იწყებოდა და არავინ უწყოდა, რას მოუტანდა იგი საქართველოს, თითოეულ ადამიანს.
ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კომპარტიის ლიდერი იური ანდროპოვი გახდა. მრისხანე КГБ-ს შეფი ათწლეულების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მთელს მსოფლიოს. ახალ თანამდებობაზე მისი პირველივე მოხსენების მთავარ თეზად იქცა «დისციპლინის განმტკიცება» – პირველსავე «პლენუმზე» იური ანდროპოვმა დისციპლინისა და წესრიგისათვის ბრძოლის გაძლიერება მოითხოვა.
საბჭოთა კომუნისტური სისტემა, რომელიც ბრეჟნევის ეპოქაში ოდნავ «შერბილდა» თუ «მოდუნდა», ანდროპოვის დანიშვნისთანავე კვლავ «შეიკრა» და საკუთარ არსს დაუბრუნდა. იმ დროს თბილისის ქუჩებში ადამიანებს აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ: «სად მუშაობთ, რატომ არა ხართ სამსახურში?» ამით ეს ვეებერთელა იმპერია იმავე ეპოქის «შრომა – გასწორების კოლონიას» დაემსგავსა. დღეს ეს შესაძლოა ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ იმ ეპოქაში ასეთი რამ სავსებით ბუნებრივი და კანონზომიერი იყო.
იმავე პერიოდს დაემთხვა «გიორგიევსკის ტრაქტატის» 200 წლისთავი. საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ ეს თარიღი დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. ზოგიერთი დისიდენტი (მათ შორის ირაკლი წერეთელი) პროკლამაციების გავრცელებისათვის დააპატიმრეს.
მაინც ვერ ვიტყვით, თითქოს საზოგადოება ტოტალურმა შიშმა მოიცვა. საქართველოში ერთობ გულგრილი ატმოსფერო სუფევდა – ბევრი არაფერი შეცვლილა, მხოლოდ აქტიურად საუბრობდნენ გახმაურებულ ამბებზე.
ჯერ იმაზე მსჯელობდნენ, «მოხსნიდა» თუ არა ანდროპოვი შევარდნაძეს. რატომღაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ უეჭველად «მოხსნიდა», რადგან ედუარდ შევარდნაძე «ბრეჟნევის კაცად» ითვლებოდა. შევარდნაძესთან ერთად ჰეიდარ ალიევის «მოხსნასაც» წინასწარმეტყველებდნენ. ამ ჭორის წარმოშობის მიზეზი კი ის გახდა, რომ ალიევი და შევარდნაძე ერთად იდგნენ ბრეჟნევის კუბოსთან.
მეორე, ძლიერ «რეზონანსული» ამბავი 1983 წლის 18 ნოემბერს ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცება გახდა. მათ სცადეს კიევის მიმართულებით გაფრენილი თვითმფრინავის «შეტრიალება» თურქეთისაკენ. ინციდენტის შედეგად რამდენიმე სრულიად უდანაშაულო ადამიანი (ჩვეულებრივი, საბრალო «ობივატელი») დაიღუპა. თუმცა, მსხვერპლის დიდი ნაწილი მოჰყვა თვითმფრინავის თბილისში დაშვებისას ე.წ. «მერვე პოლკის» ჯარისკაცთა უთავბოლო სროლას. ეს პოლკი მაშინ ორმაგ დაქვემდებარებაში იყო და ძირითადად რუსი ჯარისკაცებისაგან შედგებოდა.
საქართველოს КГБ-ს შეფმა, ალექსი ინაურმა, მოსკოვიდან სახელგანთქმული სპეცჯგუფი «ალფა» გამოიძახა, რომელიც სამხედრო თვითმფრინავით ორმოციოდე წუთში ჩამოფრინდა თბილისში. ამ რაზმის მებრძოლთა პროფესიონალიზმზე სასწაულებს ჰყვებოდნენ.
«ალფამ» სულ 7 წუთი მოანდომა მთელს ოპერაციას. ერთი «გამტაცებელი» შტურმის დროს მოკლეს, დანარჩენები დააპატიმრეს.
სასამართლო მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ – 1984 წლის აგვისტოში გაიმართა. გეგა კობახიძეს, რომლის მამა, ნიჭიერი კინორეჟისორი, უმუშევარი იყო და (როგორც მაშინ ამბობდნენ) ქუთაისში «პარკეტჩიკად» მუშაობდა, გრიგოლ ტაბიძესა და ძმებ ივერიელებს, აგრეთვე მღვდელს, ვინც დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, მაგრამ უშუალოდ აქციაში მონაწილეობა არ მიუღია, – სიკვდილი მიუსაჯეს. თინათინ ფეტვიაშვილს – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ესოდენ მკაცრი განაჩენის მთავარი ინიციატორი იმდროინდელი გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე გახდა. მას შემდგომშიც არაერთგზის უთქვამს, რომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და თავის სიმართლეში ეჭვიც არ ეპარება.
ცოტამ თუ იცის: იმ ხელმოწერებთან ერთად, რომელსაც აგროვებდნენ ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები ახალგაზრდა ტერორისტებისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად (მხოლოდ რამდენიმემ გაბედა ეთქვა პრინციპულად უარი იმ მოტივით, რომ ტერორისტებმა სრულიად უდანაშაულო ადამიანები შეიწირეს), – გროვდებოდა სხვა ხელმოწერებიც: თვითმფრინავში დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები აგროვებდნენ ხელმოწერებს დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯის მოთხოვნით. მათი მოტივი იმ დროისთვისაც ძალზე ნიშანდობლივი იყო: «იმათ (ტერორისტებს – ავტ.) გამოუჩნდათ პატრონი და ჩვენი მკვდრები უპატრონოები არიან?» 
განაჩენი აღსრულდა 1984 წლის შემოდგომაზე. თუმცა, მაშინ ბევრი ამტკიცებდა, ახალგაზრდები შეიწყალეს და შორეულ «ლაგერში» გააგზავნესო. მაგრამ იმდროინდელი რეჟიმის მარაზმატიულობა სწორედ იმაში მდგომარეობდა (ყველაფერთან ერთად), რომ დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.

იური ანდროპოვს დიდხანს არ უცოცხლია. იგი ჩერნენკომ შეცვალა, – ასევე მძიმედ ავადმყოფმა. «დასაფლავებათა ხუთწლედი» გრძელდებოდა. 1985 წლის 12 მარტს «საბჭოთა საზოგადოება» განცვიფრებით აკვირდებოდა ახალგაზრდა გორბაჩოვის გაზეთებში გამოქვეყნებულ ფოტოსურათს.
მიხეილ გორბაჩოვი სულ 54 წლის იყო.

წყარო

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close