ჯანდაცვა
სამედიცინო შეცდომები მაღალგანვითარებული ჯანდაცვის მქონე ქვეყნების კლინიკებშიც ხდება_სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების განცხადება
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აუცილებლად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება ბოლო პერიოდში სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე. კერძოდ, მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა და ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე.
მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარდა უაღრესად რთულ ოპერაცია, მსგავსი ოპერაციები ჩვენს რეგიონში საკმაოდ იშვიათია. თუ ოპერაციის მსვლელობისას დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომა, უნდა მოხდეს მისი შესწავლა და შემუშავდეს მექანიზმები, რომელიც ამგვარი შემთხვევების შანსს მინიმუმამდე დაიყვანს.
უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო შეცდომები მაღალგანვითარებული ჯანდაცვის მქონე ქვეყანების კლინიკებშიც ხდება. არსებული სტატისტიკით, ოპერაციული ჩარევისას მუცლის ღრუში უცხო სხეულის ჩარჩენის სიხშირე საშუალოდ 3-5 ათას ოპერაციაზე ერთხელ გვხვდება. აშშ-ში წელიწადში 1500, ხოლო საფრანგეთში 600 მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება.
ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდებაც, სამედიცინო შეცდომის მიუხედავად, არ შეიძლება ჩაითვალოს ადექვატურ სასჯელად. საექიმო შეცდომის გამო, ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მიუღებელია.
სამედიცინო შეცდომებთან ბრძოლის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია საერთაშორისოდ აღიარებული კლინიკური მდგომარეობების მართვის პროტოკოლების საყოველთაო დანერგვისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ეფექტიანი სისტემის შექმნა, რაც სხვადასხვა ფორმით დარგობრივი ასოციაციების მიერ არაერთხელ იქნა განცხადებული.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოიტანს შედეგებს.
გვსურს მივმართოთ საზოგადოებას, რომ მსგავსი შემთხვევების შეფასებისას გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ექიმებმა საზოგადოებრივი გაკიცხვის ან სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობის შიშის გამო, მძიმე სარპოგნოზო შემთხვევებში , თავი არ აარიდონ სამედიცინო ჩარევას, რაც გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
წყარო: ugma.ge