საზოგადოება

,,სამედიცინო ინსტიტუტიდან დამრჩა დიპლომი და მეუღლე”_ გიორგი კვირიკაშვილის პირადი ცხოვრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველად ალაპარაკდა ისეთ პირადულ თემებზე, როგორიცაა ბავშვობა, სტუდენტობა, სამხედრო სამსახური, პროფესია, მშობლები, მეუღლე და შვილები. პრემიერის ბიოგრაფიის და პირადი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები ექსკლუზიურად ჟურნალ OK-ს საახალწლო ნომერში დაიბეჭდა.

გთავაზობთ ამონარიდებს OK-ს იანვრის ნომრიდან:

“დიპლომიანი ექიმი გახლავართ. არ ვიცი, რატომ ავირჩიე სამედიცინო, არავინ მყოლია ექიმი, თანაც რთული იყო ჩაბარება, კორუფციაც იყო და სხვაც. ერთი გამოცდით მოვხვდი, რადგან ოქროს მედალი მქონდა კომაროვის სკოლიდან. პირველი ბარდებოდა ფიზიკა. მაშინ დანიშნეს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ გია მაჩაბელი. ნამდვილად სამართლიანი  გამოცდა იყო. დავწერე, ხუთიანი მივიღე და ჩავირიცხე. ეს დიდი ამბავი იყო. 6 კურსი ვისწავლე, მერე ერთი წელი ინტერნატურაში, თანაც 2 წელი ჯარში გავატარე და 9 წელი გამომივიდა სამედიცინო ინსტიტუტში… პარალელურად ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე.

…სამედიცინო ინსტიტუტიდან დამრჩა დიპლომი და მეუღლე, მაკა ცინაძე, რომელიც ჩემს კურსზე, ჩემს ჯგუფში სწავლობდა. ინსტიტუტს ვამთავრებდი, როდესაც დავქორწინდით. ჩემმა ცოლმა წითელ დიპლომზე დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი, მერე ორდინატურა კარდიოლოგიის განხრით და მერე ოჯახს მიუძღვნა თავი. როცა იყო უშუქობა, სიცივე, სროლა, ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით სამი შვილით, პირველ სართულზე. საწოლები ისე გვედგა, ტყვია რომ შემოვარდნილიყო, ვინმეს არ მოხვედროდა. მძიმე დრო იყო, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ ყველაფერს უძლებ. გამოცდილებით კი არა, გუმანით ხვდები რა და როგორ. წინ მთელი ცხოვრება გაქვს, ე.ი გაქვს იმედი.

– როგორი ბავშვობა გქონდათ?
– ბავშვობაზე ლაპარაკი ძალიან მიყვარს. კარგი ბავშვობა მქონდა. ერთად ვცხოვრობდით დიდი ბებია, ბებია, დედა, მამა და ორი შვილი, სამოთახიან “ხრუშჩოვკაში”. ბებია იყო მათემატიკის ცნობილი მასწავლებელი კომაროვის სკოლაში. მათემატიკისადმი სიყვარულიც მან მომცა, თვითონ მასწავლიდა, ღამის 2 საათამდე მეჯდა და მამეცადინებდა.

მამა ეკონომისტია. დედა იყო ფილოლოგი, დოქტორი, ძველი ბერძნულისა და ლათინურის სპეციალისტი. სიმონ ყაუხჩიშვილის მოწაფე. მისი საქმის გამგრძელებელი. მისი შრომის შედეგია ბიზანტიურ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონი. ექვსი ათასი გვერდია, დედაჩემის ხელით ნაწერი, რა თქმა უნდა, კოლეგებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ ძირითადად დედაჩემის ხელითაა დაწერილი. ბავშვობაში ჰორაციუსის ოდებს მასწავლიდა ლათინურად. იტალიაში რომ გვქონდა ვიზიტი, ერთ-ერთი ოდა გამახსენდა და დიდი გაოცება გამოიწვია, როცა თავიდან ბოლომდე წარმოვთქვი. ისეთი ტანჯვით მქონდა ნასწავლი, რომ 50 წლის კაცს მახსოვს. საძინებელი მე და ჩემს ძმას დედაჩემის კაბინეტში გვქონდა. გამოტენილი იყო წიგნის თაროებით და ცნობილი მეცნიერების, მწერლების სურათებით. ასეთ ადგილას გვეძინა.

წაიკითხეთ მეტი OK-ს იანვრის ნომერში

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close