ეკონომიკა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს

   3 ივლისი, 2020 – საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოებასა და წარმოებისათვის მნიშვნელოვანი დანადგარების შესაძენად 18 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიცია კომპანიას სამომავლო განვითარების, წარმოების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის  ახალ შესაძლებლობას იძლევა.

„გვიხარია რომ პარტნიორობა შპს Bolero & Company-სთან გრძელდება. კომპანია  2012 წელს დაარსდა და საქართველოში ღვინისა და საკონიაკე სპირტების ექსპორტის სფეროში დღესდღეობით ლიდერ პოზიციას იკავებს.  შპს Bolero & Company ფლობს საკუთარ ვენახებს კახეთში. ექსპორტს კი აწარმოებს შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, უკრაინა. 2015 წელს კომპანია გაფართოვდა, ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და გააუმჯობესა წარმოება.  კომპანიის მენეჯმენტმა საწარმოს მეტად განვითარების მიზნით დამატებითი ინვესიტიციები განახორციელა. მიგვაჩნია, რომ კომპანია რომელიც ამდენი წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მომგებიანი იქნება და წარმოების ზრდითა თუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.

ინფორმაციისთვის, 2015 წელს შპს Bolero & Company-მ სახელმწიფოსგან გრუზვინპრომის ქარხანა შეისყიდა. აღნიშნული ქარხანა 1929 დაარსდა. ის წარმოადგენდა ცენტრალურ ქარხანას, რომელიც დამატებით 10 ქარხანას აერთიანებდა და კახეთის რეგიონში ყურძნის მიღებას უწევდა კოორდინაციას.

გრუზვინპრომში აღდგენილი იქნა ერთ-ერთი უძველესი და საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ქვევრის ღვინის მარანი, რომელიც 224 ქვევრისაგან შედგება. თითოეულის მოცულობა 2500-4000 ლიტრია და ქვევრების, როგორც ნაკეთობის ასაკი ბევრად ადრეულია, ვიდრე თვით მარნის დაარსების თარიღი. აღსანიშნავია, რომ ახალ მარნებში  ქვევრების საერთო რაოდენობა ახლაც იზრდება. გრუზვინპრომში 2 ჰექტარზე მეტ ფართობზე,  -1 და -2 დონეზე აღდგა საბრენდე სპირტის საძველო მიწისქვეშა საცავები.  ამჟამად კომპანიის საკუთრებაში დაახლოებით 15000 მუხის კასრია და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.

Related Articles

Back to top button
Close