საზოგადოება

,,…კამეჩის რქები მოოქროვილი იყო” _ როგორ აღმოაჩინა მეფე ფარნავაზმა საყდრისის მაღარო? (საოცარი ისტორია)

    ანტიკური საქართველო, ქართლის მეფე ფარნავაზის ეპოქა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიაში. ამ დროს ჩამოყალიბდა პირველი მყარი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება იბერიის სახით, რომელიც შემდგომში უმნიშვნელოვანესი გახდა მთლიანად ქართველთა კონსოლიდაციისა და ერთ ქვეყნად გაერთიანებისათვის. გარდა ამისა, ეს პერიოდი მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ისტორიული წყაროების მხრივ, რომელთა დახმარების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია აღვადგინოთ ფარნავაზის მეფობის დეტალები. შედარებით გვიანდელი წყაროები (ქართლის ცხოვრება) გადმოგვცემს თუ როგორ განდევნა ქართლიდან მცხეთის მამასახლისის, სამარას ძმის შვილმა ფარნავაზმა ეგრისის მმართველის ქუჯის დახმარებით ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მმართველად დატოვებული აზო.

ალექსანდრე მაკედონელის სტატერის (ოქროს მონეტა) მინაბაძი ქართლში (ძვ.წ. I-ახ.წ. I სს.)  

ფარნავაზისა და ქუჯის ისტორია ღრმადაა გადაჯაჭვული ქართველი ხალხის ერთიანობის იდეასთან, წარმოადგენს მის საწყისს და პირველად საქართველოს ისტორიაში, მემატიანე ცდილობს ქართველთა ერთიანობას საფუძველი შეუქმნას. რამდენად რეალური იყო ლეონტი მროველის მოცემული ეს ისტორიული ეპიზოდი, რთული სათქმელია წყაროების სიმცირის გამო, თუმცა გარკვეული ცნობები გაგვაჩნია ფარნავაზის მეფობის შესახებ და მეტნაკლებად შეგვიძლია მას დავეყრდნოთ. ერთ-ერთი არის I საუკუნის რომაელი ისტორიკოსისა და გეოგრაფის, პომპონიუს მელას თხზულება De situ orbis libri III და გაიუს პლინიუს სეკუნდუსის (I ს.) Naturalis Historia. გარდა ამისა, გვაქვს III საუკუნის ბერძენი ისტორიკოსის, ჰეგესია მაგნეზიელის (Ἡγησίαςὁ Μάγνης) ცნობები, რომელთა ნაწილიც შემდგომში აისახა დემეტრიუს ქრონოგრაფოსის (III ს.), ალექსანდრიაში მცხოვრები ებრაელი ისტორიკოსის თხზულებაში. ისინი წერენ ფარნავაზის მეფობის ერთ ძალიან საინტერესო ეპიზოდზე და ამავე დროს სარგებლობენ ვინმე ჰესპიარხოსის, იბერიელი ბერძენის გადმოცემით, რომელიც იბერიაში ცხოვრობდა ფარნავაზის მეფობისას და შემდგომში გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც ქალაქ ფარსალოსში დასახლდა და ადგილობრივი მმართველის მწერლად იქცა.

საინტერესო და განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ამ ცნობებში არის ცნობილი ოქროს მაღაროს მოხსენიება, რომელიც დღეს საყდრისის სახელით არის ცნობილი, ამიტომ ჩვენ თხრობისას ამ სახელწოდებას გამოვიყენებთ. მისი იდენტიფიცირება საყდრისთან კი აშკარა და უდავოა.

 

ჰესპიარხოსის ცნობებიდან, რომლის ალექსანდრიული ვარიანტითაც ვსარგებლობთ, პირველ რიგში აღსანიშნავია ფარნავაზის გაძლიერებისა და მის მიერ აზოს ჩამოგდების ისტორია, თუ როგორ იშოვა ფარნავაზმა სიმდიდრე და შეკრიბა ჯარი, მიიმხრო ადგილობრივი მმართველები და საბოლოოდ დაიპყრო ქვეყანა. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს განსხვავებულ ტექსტთან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ქართლის ცხოვრებასთან. კერძოდ, ფარნავაზის სიზმარი და ის, თუ როგორ აღმოაჩინა მან განძეული, ბერძნულ წყაროში აბსოლუტურად სხვაგვარადაა აღწერილი. ჩვენ შევეცდებით გასაგები ენით გადმოვცეთ ეს ცნობები.

ყმაწვილობაში, ფარნავაზი დღევანდელი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, შემდეგდროინდელი ბოლნისის მახლობლად ცხოვრობდა. ამ ადგილს კამეჩის ველს უწოდებდნენ. კამეჩის ველის მოსახლეობას მრავალი კამეჩი ყოლია, მათ შორის იყო ფარნავაზისაც. კამეჩს დიდი რქები ჰქონდა და ყველაზე დიდი იყო მთელ სოფელში. დემეტრიუს ქრონოგრაფოსის მიხედვით, ჰესპიარხოსი ირწმუნებოდა, კამეჩი სახლის სიმაღლე მაინც იყოო. ფარნავაზი ზედ ამხედრდებოდა და ველზე დასეირნობდა ხოლმე, მდინარეზე ჩაჰყავდა, სხვა კამეჩებსაც მწყემსავდა და სახლში მასთან ერთად ბრუნდებოდა. ხშირად მის უზარმაზარ ზურგზე ეძინა კიდეც. ერთხელ კამეჩით შორს გასეირნება გადაწყვიტა. მთელი დღე იარეს და შუაღამისას მიაღწიეს ბორცვებიან ადგილს, რომელსაც ახლა საყდრისს უწოდებენ. ამ დროს კამეჩმა წაიფორხილა, ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და დიდი ხმაურით ღრმა ნაპრალში ჩავარდა რქებით, უკანა ფეხები კი ამოშვერილი დარჩა. ფარნავაზი გონს მოეგო, ბევრი იწვალა, ბევრი ოფლი ღვარა და ვერაფრით ამოვიდა, იფიქრა რომ გათენდება მერე შევძლებ ამასო და გადაღლილს ჩაეძინა. ფარნავაზმა სიზმარი ნახა – უზარმაზარი კამეჩი მზისაკენ მიდიოდა, მისი რქები მოოქროვილი იყო და ოქროსფრად ბზინავდა, ზედ კი დიდი მიწა ტრიალებდა, ფარნავაზმა იფიქრა ეს დიდი მიწა საქართველოაო. ნელ-ნელა სიზმარი უფრო და უფრო მკრთალი ხდებოდა და ბოლოს გაქრა. ფარნავაზს გამოეღვიძა და გაიფიქრა „ასეთი გამოფიტული ვიყავი დაღლილობისაგან და სიზმარი როგორ ვნახეო”, მერე კი მიხვდა რომ ეს არა სიზმარი, არამედ გამოცხადება იყო.

უკვე გათენებულიყო კიდეც და ფარნავაზმა მოახერხა ზემოთ ასვლა და კამეჩის ამოყვანაც. შემდეგ კი შეამჩნია კამეჩს რქები უბზინავდა. ფარნავაზი მივიდა და რქები გაუსინჯა თავის კამეჩს. კამეჩის რქები მოოქროვილი იყო. როდესაც ის ორმოში ჩავარდა, რქებით ჩაერჭო და რქებზე ოქრო მოედო. ფარნავაზმა ორმოში ჩაიხედა და დაინახა რქებისგან ამონგრეულ ადგილას ოქროს ზოდები. ფარნავაზმა გაიხსენა თავისი სიზმარი, გაიხსენა როგორ ნახა გაერთიანებული საქართველო კამეჩის რქებზე და ყველაფერს მიხვდა. ბედისწერა მას უმზადებდა საქართველოს გაერთიანებას, ძლიერი საქართველოსი რომელიც კამეჩის ოქროს რქებზე იბრუნებდა.

ოქროს კამეჩის სკულპტურა ფარნავაზის პერიოდიდან (დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავებში)

ასე გახდა საყდრისის ოქროს მაღარო საქართველოს ერთიანობის საფუძველი. ფარნავაზმა დაიწყო ამ ოქროთი მოძლიერება, მხარდამჭერების შემოკრება. ის შეხვდა ქუჯის დღევანდელი ქალაქ ზესტაფონის მახლობლად (იმ დროში უძველესი ქალაქი, ბერძნების დაარსებული ფაქტორიუს მაგნა მდებარეობდა), ადგილზე რომელსაც დღესაც კამეჩის თავი ეწოდება. ეს სახელწოდება უკავშირდება ფარნავაზის სიტყვებს. როდესაც ამ შემაღლებულ ადგილას ავიდა და გადმოიხედა თქვა, „აქედან ისე მოჩანს საქართველო თითქოს კამეჩის თავზე იყოსო”.  ამის შესახებ ცნობებს ჰეგესია მაგნეზიელის ზემოთ დასახელებულ თხზულებაში ვხვდებით.

ჰეგესია მაგნეზიელთან არის კიდევ ერთი საინტერესო ცნობა, რომელიც ლეონტი მროველთან არ გვხვდება. ის ეხება აზოსა და ფარნავაზს შორის გამართულ ბრძოლას არტაანში. ერთხელ ფარნავაზი სანადიროდ ყოფილა დათვზე, დათვის მოკვლა ვერ მოუხერხებია, დათვს მთელი მისი რაზმი წაუქცევია და გაქცეულა. ფარნავაზმა იფიქრა: „თითქოს დიდი საომარი ეტლიაო, ისე მოძრაობსო” და გადაწყვიტა აზოსთან ბრძოლა როგორმე ტყესთან ახლო გაემართა.

თითქოს დიდი საომარი ეტლია, ისე მოძრაობს

როდესაც ის და აზო ერთმანეთს შეხვდნენ ტყის მახლობლად გაშლილ ფერდობზე, ფარნავაზმა ბრძანა ტყისათვის ცეცხლის მოკიდება, საიდანაც დაფეთებული დათვები გამოცვივდნენ და აზოს ჯარისაკენ გაქანდნენ. დათვებს იმხელა ხმა ქონიათ რომ აზოს უფიქრია მიწა იძვრისო, დაწოლილა, ყური მიწაზე დაუდია და მოუსმენია. სწორედ ეს იყო საბედისწერო შეცდომა. ეს მიწისძვრა კი არა, დათვების დიდი ჯგუფი იყო, რომელიც ხანძარს გაურბოდა. დათვებმა აზო მოკლეს და მისი ჯარის ნაწილი გადაჯეგეს ან გააქციეს, ნაწილი კი ფარნავაზმა და ქუჯიმ გაანადგურეს. ამ ბრძოლის შემდეგ, ფარნავაზმა მთლიანად დაიპყრო ყველა ქართული ტერიტორია და გაერთიანებული სამეფო შექმნა. ეს ცნობა საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ აშკარად ჩანს, საქართველოში იმ დროს საომარი ეტლები იყო, რადგან მას ფარნავაზი ახსენებს.

საყდრისის მოღალატეობრივი აფეთქება კომპანია RMG-ს მიერ

საინტერესოა, რომ საყდრისში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი იყო კაცისა და კამეჩის გამოსახულება, რომელიც ვერ მიაკუთვნეს ვერც ერთ ცნობილ მითოლოგიურ ეპოსს თუ კულტს. ეს გამოსახულებები ემთხვევა ჩვენს მიერ აღნიშნულ ამბავს და ადასტურებს მის სინამდვილეს. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც კომპანია RMG-მ ააფეთქა საყდრისის ოქროს მაღაროს ის ნაწილი, სადაც ისტორიული არტეფაქტების პოვნა იყო შესაძლებელი, ეს გამოსახულებებიც განადგურდა. ასე ებრძვის რუსეთი ჩვენს ისტორიას და სურს მისი წაშლა, მაგრამ ისტორიული წყაროების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპირდეთ მათ და მოვითხოვოთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა.

ახლა კი, ასე გამოიყურება საყდრისი:

წყარო: რეალური ისტორიის ბლოგი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close