,,არავითარი ხე-ტყე, არც სოფლის მეურნეობისა თუ ტურიზმის წახალისება, მხოლოდ ჰესები და ოქროს წარმოება!” – სვანეთში დაძაბულობაა
ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაგვიდასტურეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განგვიცხადეს, რომ გამოვლენილია ხე-ტყის მასშტაბური უკანონო მოპოვების ფაქტები, თუმცა დამატებით დეტალები ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. საგამოძიებო სამსახური ამ საკითხზე დღის განმავლობაში სავარაუდოდ ბრიფინგს გამართავს.
ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხაიშსა და ჭუბერში ჩატარებული ოპერაციით. ხაიშის სკოლის მასწავლებელი და აქტივისტი, ზურაბ ნიჟარაძე აცხადებს, რომ ეკოლოგიის კუთხით მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ განწყობილ სოფლებში დამსჯელი რაზმები ჩააყენეს.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღკვეთის მოტივით, დაახლოებით, 1000-1200 პოლიციელია შემოსული ხაიშსა და ჭუბერის თემებში. ხელისუფლება კვლავ ხელების გადაგრეხის პოლიტიკით მუშაობს. არავითარი ხე-ტყე, არც სოფლის მეურნეობისა თუ ტურიზმის წახალისება… მხოლოდ ჰესები და ოქროს წარმოება!
მოვუწოდებ ყველა ზენობრივ ადამიანს, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, დიპკორპუსს – დაიცავით თქვენი და ჩვენი სვანეთი განუკითხაობისგან! ან მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!” – აცხადებს ზურაბ ნიჟარაძე.
.
წყარო: http://netgazeti.ge