სამართალი და კრიმინალი

კახეთში ეკლესიებს გორელი მამაკაცი ძარცვავდა

სერიული მძარცველი პოლიციამ ვაქირის ეკლესიის ეზოში დააკავა - სქემა, რომლითაც დამნაშავე წმინდა ადგილებიდან ძვირფას ნივთებს იტაცებდა

-75 წლის კაცი ვარ და ასეთი ამბავი პირველად მოხდა, – ამბობსკახეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მამაკაცი კახეთში გაძარცვულ ტაძრებზე.

.

სერიული მძარცველი პოლიციამ ერთ-ერთი ქურდობის დროს ვაქირში, პირდაპირ ეკლესიის ეზოში დააკავა, თუმცა მანამდე 34 წლის ბრალდებულმა 16 სამლოცველო გაძარცვა, მათ შორის – მრავალსაუკუნოვანი ტაძრები. წაღებულია შესაწირი თანხა, ბიბლია, ჯვრები, ხატები და სხვა სიწმინდეები.

ბრალდებული კობა კობერიძე გორიდანაა. მას ძვირფასი ნივთების წასაღებად სქემა ჰქონდა შემუშავებული. ის ჯერ საძიებო სისტემაში, რუკაზე ეძებდა სალოცავებს, ადგენდა ადგილ-მდებარეობას, შემდეგ კი ძარცვავდა.

უჯარმაში, ავალიშვილების სახელით ცნობილი ტაძარი ახლა წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა. ის 1795 წელს არის აგებული. უძველესი ტაძარი მძარცველის პირველი სამიზნე გახდა. წინა სააღდგომო დღეებში ჯერ ტაძრის კარი, შემდეგ კი შესაწირი ყუთი გატეხა და მორწმუნეების მიერ შეწირული თანხა მთლიანად გაიტაცა. ამის შემდეგ კახეთის ოთხ მუნიცპალიტეტში ერთდროულად 16 ტაძარი გაქურდა. ანაგა, გომბორი, კარდენახი, მუკუზანი… _ ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც კობერიძემ წმინდა ადგილები გაძარცვა. გამოძიება ტაძრებისთვის მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლის.

კობა კობერიძე უკვე დაკავებულია. მას აღკვეთის სახით პატიმრობა მიესაჯა. ის დანაშაულს ბრალდების ყველა ეპიზოდში აღიარებს.

„ეკლესიების გაქურდვის განზრახვით თბილისიდან კახეთის მიმართულებით წამოვედი ჩემი ავტომანქანით. დანაშაული ჩადენილი მაქვს რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიებში. მათ ადგილ-მდებარეობას ვადგენდი ტელეფონში, „გუგლის“ საძიებო სისტემით. სპეციალური ხელსაწყოთი ვტეხდი შესაწირ ყუთებს და ვიღებდი თანხას. ასევე დავეუფლე სხვადასხვა საეკლესიო ნივთებს“, – ყვება ბრალდებული ჩვენებაში.

კობერიძის დედა „პ.ს. კურიერთან“ ამბობს, რომ მისი შვილი ადასტირებს, რომ აქამდე ორჯერ იყო გასამართლებული.

-ალბათ დამნაშავეა, თორემ უდანაშაულოს ხომ არ დაიჭერდნენ. რატომ უნდა შემეპაროს ეჭვი… ნუ, ჯერ არ ვიცი, სასამართლო რას გადაწყვეტს. მესამეა ეს, – ამბობს კობერიძის დედა ჟურნალისტთან.

ვაქირში მდებარე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი სერიული მძარცველის ბოლო „გაჩერება“ აღმოჩნდა. პოლიციამ მას დანაშაულის ადგილას მიუსწრო და პირდაპირ ტაძრის ტერიტორიაზე დაადეს ბორკილები.

ბრალდებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. კობერიძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„რუსთავი 2“, გადაცემა „პ.ს. კურიერი“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close