საზოგადოება

სერგო ვარდოსანიძე: აგრესიული ათეიზმი დღეს უფრო დახვეწილი და საშიშია

,,ყოველდღე უფრო მძაფრდება მოვლენები, შიშით და გულისტკივილით ვადევნებ თვალ-ყურს საინფორმაციო სივრცეს. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მისი მაღალიერარქების და რიგითი სასულიერო პირების ასე ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება გასული საუკუნის 20-30-იანი წლების აგრესიული ათეიზმის ხანის შემდეგ აღარ ყოფილა. ყველა, ვისაც არ ეზარება სატელევიზიო შოუებსა თუ სხვა საინფორმაციო სივრცეში გვევლინება როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ექსპერტები და გაუთავებლად მიდის მსჯელობა, თურმე რამდენი უბედურება მოიტანა ეკლესიამ…
ვფიქრობდი, რომ კოშმარული აგრესიული ათეიზმი ისტორიის კუთვნილება იყო, მაგრამ დღეს თამამად შეიძლება ვთქვა: უფრო დახვეწილი და უფრო საშინელია. სამწუხაროა, რომ დღეს გვჭირდება იმის მტკიცება, რა როლი შეასრულა საქართველოს ეკლესიამ ქართველი ხალხის ისტორიაში.
1917 წლის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებამ ბიძგი მისცა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის აღდგენას,1921 წელს ბოლშევიკური ოკუპაციის პირობებში ეკლესია,სასულიერო წოდება იყო ის მთავარი ძალა,რომელიც იცავდა სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თავისუფლების იდეას,ამას შეეწირა 100-ზე მეტი სასულიერო პირი,მათ შორის კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი ამბროსი,მიტროპოლიტი ნაზარი,მიტროპოლიტი ვარლაამი…
ბოლშევიკური ხელისუფლებისაგან დაკნინებული და დამცრობილი ეკლესია გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ფეხზე დააყენა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მისი ღვაწლი საყოველთაოდ ცნობილია, პატრიარქმა ხალხის დიდი სიყვარული იმით მოიპოვა,რომ ჩვენი ქვეყნის ყველა განსაცდელის ჟამს თავისი სამწყსოს გვერდით იყო,მისი ჭირით და ლხინით ცხოვრობდა და ცხოვრობს.
მორწმუნე საზოგადოებას განსაკუთრებულად გვინდოდა აღგვენიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის მამამთავრობის 40, დაბადების 85 წლისთავი,მაგრამ “ციანიდის საქმის” შემდეგ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა…
ისტორია განსჯის მტყუან-მართალს,მაგრამ ის რაც დღეს ხდება არის კატასტროფა და თუ საზოგადოების გონიერმა ნაწილმა არ გაიაზრა და ერთად არ დადგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დასაცავად ამას გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება ჩვენი ერის და სახელწიფოებრიობისათვის.
მინდა მივმართო ჟურნალისტებს,ტელევიზიებს, თქვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაკისრიათ და ნუ გახდებით მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების ხელშემწყობნი,ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ისტორიკოსი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close