სიღნაღის ამბები

რუსეთი ოკუპანტია, რომელიც კლავდა და კლავს ყველას

ჯუგაანელი ელიაშვილების ტრაგიკული ისტორია

25 თებერვალი მხოლოდ დასაწყისი იყო იმ დიდი ტრაგედიებისა, რაც ამ თარიღის შემდეგ თითქმის ყოველდღე ხდეობდა საქართველოში.
ქაქუცამ წინააღმდეგობის მოძრაობა ქიზიყიდან დაიწყო (კახეთში მოგვიანებით გადავიდა, რადგან აქაური ტყე თხელი იყო), ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ბოლშევიკების განსაკუთრებული “ყურადღება” სწორედ აქეთ იყო მომართული.
ბავშვობაში ქიზიყში სულ მესმოდა ეს მძიმე ისტორიები.
ხშირი იყო დამშეული წითელარმიელების შევარდნები ოჯახებში. მაგალითად, დღესაც მოგიყვებიან ქვ. მაჩხაანში ერთ-ერთ ოჯახში საყაჩაღოდ შევარდნილებთა ისტორიას, როდესაც სასმელს დახარბებული ერთ-ერთი რუსი სალდათი ისე დათვრა, რომ ქვევრში ჩავარდა და დაიხრჩო.
მახსოვს, პატარაობისას პაპაჩემმა მაჩვენა “ბრმა ხევი”, ადგილი, სადაც 1924 წელს აჯანყებულებს (მათ შორის ჩვენ ნათესავებს) ხვრეტდნენ და საიდანაც სროლისა და გოდების ხმა რამდენიმე სოფელში აღწევდა. აქ ხალხს სპეციალურად ღამით ხოცავდნენ, რომ ხმა რაც შეიძლება შორ მანძილზე გასულიყო ხალხის დასაშინებლად.
მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც სოფ. ჯუგაანში მოხდა. ბებიაჩემი სწორედ ამ სოფლიდან იყო და კარგად ახსოვდა ელიაშვილების ტრაგედია, როდესაც ფულს დახარბებულმა მთვრალმა წითელარმიელებმა ერთ ღამეში ამ ოჯახის 17 წევრი ამოხოცეს. ისინი ხიშტებით აკუწეს (ფოტოზე სწორედ ეგ ამბავია დაფიქსირებული).
დახოცილთა შორის იყვნენ ორსული ქალი და ბავშვებიც. თუმცა, გადარჩა ოთხი ბავშვი: 10 წლის ბიჭი, რომელიც ბუხარში დაიმალა და ვერ შეამჩნიეს (იგი ბუხარიდან ადევნებდა თვალს საკუთარი ოჯახის წევრების ამოჟლეტვას). ასევე გადარჩა 6 თვის გოგონა, რომელიც აკვანში იწვა, ამ აურზაურში აკვანი გადაბრუნებულიყო და მთვრალმა თავდასხმელებმა ყურადღება აღარ მიაქციეს. გადარჩა ასევე ორი გოგონა, რომლებიც ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ქალბატონმა კალთის ქვეშ დამალა. თუმცა, მათ მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღეს და რამდენიმე ხნის შემდეგ საშინელი ტანჯვით დაიღუპნენ.
რამდენად სამწუხაროა ეს ამბები და რა დონეზე შეიძლება დაცემა, რომ ასეთი ამბების შემდეგ რუსეთს ისევ ჰყავს საკუთარი მომხრეები ამ ქვეყანაში.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელიც კლავდა და კლავს ყველას, ვისთვისაც სიცოცხლე და თავისუფლება ცარიელი სიტყვები არაა.
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close