ჯანდაცვა

სასიკვდილო დიაგნოზები და ნამკურნალები პაციენტები, რომელთაც უცხოეთის კლინიკებში ავადმყოფობა არ დაუდგინდათ

,,დიაგნოზი – ავთვისებიანი სიმსივნე და ფიზიკურად განადგურებული ადამიანი, ასევე მორალურად, ფინანსურად. საქართველოში დასმული ავთვისებიანი სიმსივნე, სულ ტყუილად ჩატარებული ქიმიოთერაპია – გიორგის დიაგნოზი საფრანგეთში არ დადასტურდა! ძალიან ბევრი იბრძოლა “დედების ფონდმა”, რომ გამწარებულ ახალგაზრდა ოჯახს დავხმარებოდით. ქიმიის ფულს აგროვებდნენ, იმ ქიმიის, რომელიც თურმე 29 წლის გიორგის არ სჭირდებოდა და ტყუილად უნადგურებდნენ ჯანმრთელობას. ხალხის დახმარებით მოხდა მისი გადაყვანა საფრანგეთში, სადაც დიაგნოზი არ დადასტურდა…

გიორგი დღეს თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ვინ აგებს პასუხს ქიმიით დანგრეულ მის ჯანმრთელობაზე? განადგურებულ ფინანსებზე?..” – “დედების ფონდის” აქტიური წევრის, ლიკუნა წიქარიშვილის, ამ პოსტმა, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩააგდო საგონებელში.

ექიმებისგან სიკვდილისთვის განწირული გიორგი ბობოხიძის ისტორიით დაინტერესებულებმა თავდაპირველად სწორედ მას მივმართეთ. გიორგიმ გვითხრა, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო არ სურდა იმ ყველაფრის გახსენება, თუმცა რამდენიმე ელექტრონულ მედიასთან ჰქონდა ამაზე საუბარი.

“სარკე” ლიკუნა წიქარიშვილს ესაუბრა, რომელმაც გიორგი ბობოხიძის შემთხვევასთან ერთად სხვა მსგავსი ფაქტებიც დაგვისახელა.

ლიკუნა წიქარიშვილი:

– გიორგი ბობოხიძე ქუთაისიდანაა, ჰყავს მეუღლე და შვილი. სანამ ავად გახდებოდა, სამხედრო მოსამსახურე იყო. დაახლოებით 8 თვის წინ ჩვენს ფონდს დაუკავშირდა გიორგის მეუღლე, რომელმაც გვითხრა, რომ მის ქმარს დაუდგინეს ავთვისებიანი სიმსივნე, გაუკეთეს ოპერაცია და ქიმიოთერაპია, მაგრამ ექიმები ეუბნებოდნენ, რომ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ სასწრაფოდ მეორე ოპერაცია და ქიმიოთერაპია სჭირდებოდა.

ოჯახმა ფინანსები მთლიანად ამოწურა და არანაირი თანხის გადახდის საშუალება აღარ ჰქონდა. გვთხოვდნენ ფულის მოგროვებაში დახმარებას. რა თქმა უნდა, დავიწყეთ თანხის შეგროვება. ამ პერიოდში ოჯახმა გადაწყვიტა, გიორგი საფრანგეთის კლინიკაში გადაეყვანა და იქ გაეგრძელებინა მკურნალობა. ჩვენი ძალისხმევაც აქეთ მივმართეთ.

   – ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ონკოდაავადებების მკურნალობა საქართველოში ფინანსდება. გიორგის ეს დაფინანსება არ შეეხო?

– ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის გარკვეულ ნაწილს უფინანსებენ, მაგრამ ოჯახების უმეტესობა ამის გადახდასაც ვერ ახერხებს. გიორგის ოჯახს ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების დროს უკვე გაღებული ჰქონდა დიდი თანხა, დამატებითი ფული კი ვეღარ მოიძიეს.

სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების ფასი საკმაოდ დიდია და სახელმწიფო არ აფინანსებს. ორი კვირის სამყოფი წამლები ზოგჯერ 3-4 ათასი ლარიც ღირს. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ დაავადების მკურნალობას, ამიტომ როგორც კი საქართველოში კიბოს დიაგნოზი დაისმება, ადამიანები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გარბიან.

   – მხოლოდ ფინანსებია პრობლემა თუ ქართველ ექიმებსაც არ ენდობიან?

– თუ პაციენტს საქართველოში დიაგნოზი ზუსტად დაუსვეს და სწორი მკურნალობაც ჩაუტარეს, უნდა ჩავთვალოთ, რომ გაუმართლა. 6 წელზე მეტია, რაც ჩვენი ორგანიზაცია არსებობს და უამრავი ფაქტი შემიძლია დავასახელო, როცა აქ ადამიანებს უთხრეს, მალე მოკვდებიო, საზღვარგარეთ ჩატარებული მკურნალობის მერე კი წლები გავიდა და ცოცხლები არიან. ან პირიქით, აქ უთხრეს, არაფერი გჭირსო, ამ დროს მძიმე დაავადება ჰქონდა და უცხოეთში მკურნალობაც დაგვიანდა.

   – რომელ კლინიკაში დაუსვეს გიორგის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი?

– გიორგის მეუღლემ “დედების ფონდს” გამოუგზავნა ფორმა 100, რომელიც საჯაროდაც გამოაქვეყნა და ატვირთა “დედების ფონდის” ფეისბუქგვერდზე. მასში ეწერა, რომ ეს მოხდა კლინიკა “მედულაში”. როგორც ვიცი, იქ ჩაუტარდა მას სამი ქიმიოთერაპიაც და ეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოდ იყო საჭირო განმეორებითი ოპერაცია და ქიმიოთერაპიის გაგრძელება.

გიორგის ორ კვირაში შევუგროვეთ საფრანგეთში წასასვლელი ბილეთების ფული, გაემგზავრნენ და ჩაბარდნენ სამედიცინო ლტოლვილად. მათ მისცეს დაზღვევა, რომლითაც გიორგის უფასოდ ჩაუტარდა კვლევები და მკურნალობა. გაირკვა, რომ მის ორგანიზმში სიმსივნის კვალიც არ იყო. ჩატარებულ ოპერაციასა და ქიმიოთერაპიას რომ ეშველა, სიმსივნის კვალი მაინც ხომ უნდა ყოფილიყო? არადა საქართველოში სასწრაფოდ სთხოვდნენ მეორე ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის ჩატარებას.

საშინელი დიაგნოზით წავიდა კაცი საფრანგეთში და ორ კვირაში როგორ გაქრებოდა ავთვისებიანი სიმსივნე?! საფრანგეთის ორ კლინიკაში გადამოწმდა დიაგნოზი. მას მერე გიორგის აღარ უმკურნალია სიმსივნეზე, მაგრამ იმკურნალა ქიმიოთერაპიით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

– საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ გიორგიმ “მედულას” კლინიკას პასუხი მოსთხოვა?

– მან საფრანგეთიდანვე დაიწყო ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი, რის შემდეგაც კლინიკიდან “დედების ფონდშიც” რეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ კლინიკა არაფერ შუაში იყო, გიორგის ნამდვილად ჰქონდა სიმსივნის დიაგნოზი, მაგრამ თუ სიმსივნის კვალი აღარ არის, ძალიან კარგი, ე.ი. კარგად გვიმკურნალიაო.

გვეუბნებოდნენ, რომ “მედულა” იყო ყველაზე მაღალტექნოლოგიური კლინიკა, მათი დიაგნოზი იყო ყოველთვის შეუმცდარი და ა.შ. როგორც ვიცი, გიორგის ოჯახი აპირებს სამართლებრივი დავის დაწყებას, მაგრამ ამჯერად არ აქვთ საშუალება, ადვოკატი აიყვანონ.

ასევე დაუსჯელია ყველა ის სამედიცინო დაწესებულება და ექიმი, რომლებმაც პაციენტებს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და არასწორი მკურნალობა ჩაუტარეს. აი, ამიტომ გარბის ხალხი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

   – იქნებ გაიხსენოთ მსგავსი ფაქტები.

– 2019 წლის შემთხვევების შესახებ მოგიყვებით: 10 წლის გიორგი დ.-ს დაეწყო კრუნჩხვითი შეტევები. მოზარდი გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში დიაგნოზი ვერ დაუსვეს. კლინიკიდან კლინიკაში დაატარებდნენ და მშობლებს სხვადასხვა ვერსიებზე ესაუბრებოდნენ.

ბოლოს უთხრეს, რომ მას ჰქონდა კუშინგის სინდრომი, რამაც თურმე წარმოქმნა კეთილთვისებიანი სიმსივნე. მოგვმართეს ჩვენ და გიორგის შევუგროვეთ თანხა თურქეთში წასაყვანად. ველოდებოდით, რომ იქ უმკურნალებდნენ. გიორგის ჩაუტარეს გამოკვლევები და ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. თურქმა ექიმებმა საერთოდ გამორიცხეს, რომ მოზარდს კუშინგის სინდრომი ან თავში სიმსივნე ჰქონდა. ეპილეფსიაზე უმკურნალეს და ახლა გიორგი თავს კარგად გრძნობს.

ღამით მე და ვიკა ჩიმჩიურს, რომელიც არის “დედების ფონდის” დამფუძნებელი და დირექტორი, იაშვილის კლინიკიდან დაგვირეკა ქალბატონმა, რომელიც განწირული ხმით ყვიროდა, მომეშველეთ, ბავშვი მიკვდებაო. სასწრაფოდ გავიქეცით. როგორც ადგილზე შევიტყეთ, 7 წლის სესილი ვირუსის გამო მოხვდა ინგოროყვას კლინიკაში, სადაც გადასხმები გაუკეთეს. ბავშვი უფრო დამძიმდა და გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში.

უმცროსმა ექიმმა დედამისს ღამის საათებში უთხრა, ბავშვს ღვიძლი ეშლება, სასწრაფოდ უნდა გადაუნერგოთ და წაიყვანეთ, ვერაფერს ვუშველითო. სად უნდა წაეყვანა შვილი შუაღამეს?! როცა მივედით, ოჯახის წევრები უკვე იქაურობას ანგრევდნენ. დავამშვიდეთ, სასწრაფოდ შევუგროვეთ რეანიმობილის ფული და გავუშვით თურქეთში. იქ ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა ღვიძლის გადანერგვაზე მუშაობს და სესილი იქ მოვათავსეთ.

კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ გოგონას არც ღვიძლი ჰქონდა დაშლილი და არც მისი გადანერგვა სჭირდებოდა. როგორც ჩანს, ინგოროყვას კლინიკაში ზედმეტი გადასხმები გაუკეთეს, რამაც ღვიძლზე მოახდინა გავლენა, მაგრამ ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა.

10 წლის ვიქტორია ბ.-ის დედამაც ტირილით დამირეკა. როცა მივედი, დამხვდა თმაგაცვენილი, დასუსტებული, ფერმკრთალი გოგონა, რომელიც დივანზე ესვენა. განადგურებულმა დედამ მითხრა, რომ ექიმები ეუბნებოდნენ, ჩვენ მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება შეგვიძლიაო. ქალი დღედღეზე ელოდა შვილი სიკვდილს.

მომიყვა, რომ თავიდან ბავშვს ღებინება დაეწყო. ექიმმა გასტრიტის დიაგნოზი დაუსვა და შესაბამის მკურნალობასაც უტარებდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიქტორიას არასწორად მკურნალობდნენ და თავში სიმსივნე ჰქონდა. მედიკამენტებმა, რომლებსაც გასტრიტის მოსარჩენად სულ ტყუილად ასმევდნენ, მავნე ზეგავლენა იქონია სიმსივნეზე და ფაქტობრივად ერთი წელი გამოკვება-გაზარდა. დაიკარგა უძვირფასესი დრო.

დაგვიანებული ქიმიოთერაპიის შემდეგ ექიმები გადარჩენის იმედს აღარ იძლეოდნენ. ვიქტორიას დედამ გადაწყვიტა შვილის წაყვანა საფრანგეთის კლინიკაში. შეგროვილი ფულით შევიძინეთ ბილეთები და გოგონა წაიყვანეს ევროპის წამყვან კლინიკაში. ერთი წელია ვიქტორია იქ არის და თავს კარგად გრძნობს. ფრანგმა ექიმებმა გადაარჩინეს გოგონა, რომელსაც აქ სიკვდილი უწინასწარმეტყველეს.

– საშინელ ფაქტებს მიყვებით. შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში ჯანდაცვა მკვდარია?

– ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, რა ფაქტებსაც ვხვდები, იმის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ჯანდაცვას დიდი პრობლემები აქვს. მოგიყევით, ფრანგმა ექიმებმა როგორ გადაარჩინეს ვიქტორია, მაგრამ იგივე დიაგნოზი – თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა ლუკა დ.-ძეს, რომელიც საქართველოში ერთ თვეში დაეღუპათ.

ბავშვის დედა იყო ემიგრანტი და მან მოახერხა ბავშვის წაყვანა თურქეთში, სადაც გაუკეთეს ოპერაცია. უთხრეს, აქ თუ დარჩებით და ბოლომდე ჩაუტარებთ მკურნალობას, თქვენს შვილს სიცოცხლის შანსი ექნებაო, მაგრამ ოჯახს შემოსავალი აღარ ჰქონდა და ლუკა საქართველოში ჩამოიყვანეს. იაშვილის კლინიკაში განმეორებით გაუკეთდა თავის ოპერაცია და დაუწყეს დასხივება, რის შემდეგაც ბავშვი გარდაიცვალა. დედას კი უთხრეს, სხივებს ვერ გაუძლოო.

   – თქვენი დაკვირვებით, ბავშვებში რომელი დაავადებები უფრო ხშირია?

– წინათ თვეში ერთხელ თუ შემოდიოდა ლეიკემიით ან სიმსივნით დაავადებული ბავშვის მშობლის განცხადება, ახლა ყოველდღიურად ვერ ავუდივართ განცხადებებს. ეს ორი დაავადება კატასტროფულად გახშირებულია. ჩვილებსაც კი აქვთ მეოთხე სტადიის სიმსივნეები, რაც წინათ არ იყო. თურქეთის კლინიკები სავსეა ჩვენი პაციენტებით. იქაც უკვირთ, რა გჭირთ, ამდენი ადამიანი რატომ გყავთ დაავადებულიო.

უფროსი ასაკის ადამიანებშიც ხშირია ლეიკემია და სიმსივნეები ღვიძლზე, სწორ ნაწლავზე, მკერდზე, საშვილოსნოზე. ახლახან გვყავდა ბენეფიციარი – 27 წლის ნესტანი, რომელსაც სწორ ნაწლავზე ჰქონდა სიმსივნე. მკურნალობის პროცესში უთხრეს, რომ მეტასტაზები იყო ღვიძლზეც და ქიმიოთერაპიით დაუწყეს მკურნალობა. ძლივს შეაკოწიწა ფული, რომ თურქეთში წასულიყო, სადაც აღმოჩნდა, რომ ღვიძლი სრულიად ჯანმრთელი ჰქონდა.

ლეიკემიის დამარცხება საზღვარგარეთ პრობლემა აღარ არის, მაგრამ ჩვენთან ამ დიაგნოზით იღუპებიან.

   – თქვენ დაასახელეთ კონკრეტული ფაქტები, რომლებიც 2019 წელს საქართველოში მოხდა. აქედან რომელიმე კლინიკამ, რომელიმე ექიმმა თუ აგო პასუხი?

– მსგავს ფაქტებზე ხშირად იწერება, ბევრი ოჯახი ჩივის, მაგრამ არასდროს გამიგია, რომ ვინმე დასჯილიყო. ბუკა ნ.-ძეს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს იაშვილის კლინიკაში, გაუკეთეს გადასხმები, რის შემდეგაც ბავშვი უფრო დამძიმდა. შევუგროვეთ თანხა და წაიყვანეს თურქეთში. რამდენიმე თვე იქ ვაცოცხლეთ და აღმოჩნდა, რომ მას არანაირი ლეიკემია არ ჰქონდა. საქართველოში ტყუილად ჩაუტარეს ქიმიოთერაპია, რის შემდეგაც განუვითარდა სოკო და ამით დაიღუპა.

ის ადამიანი, რომელმაც ამ ბავშვს დაუსვა სიმსივნის დიაგნოზი და ქიმიოთერაპია დაუნიშნა, დღემდე ამ საავადმყოფოში მუშაობს. გამოდის, რომ ჩივილსაც არ აქვს აზრი.

დავუკავშირდით კლინიკა “მედულას” და პაციენტ გიორგი ბობოხიძესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შევთავაზეთ. იქიდან ოფიციალური პასუხი მივიღეთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

“ქალბატონო ნელი, თქვენი შეკითხვების პასუხად გაცნობებთ: იმის გამო, რომ “პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების გამწევი ვალდებულია, პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა დაიცვას; ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მიღებულია პაციენტის თანხმობა ან ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.

კლინიკისთვის რადგან ოფიციალურად არ მოუმართავს არც პაციენტს, არც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომელსაც შეუძლია, საქმის შესწავლის შემდეგ გასცეს ოფიციალური დასკვნა კლინიკის და ექიმის მართლზომიერი ქმედების შესახებ, კლინიკა ამ ეტაპზე უფლებამოსილი არ არის, კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის და დიაგნოზის სისწორეზე დეტალური ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელოს. თუმცა აღვნიშნავთ, რომ თქვენ მიერ მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება, რაც დასტურდება კლინიკაში არსებული სამედიცინო ჩანაწერებით, რადიოლოგიური და ოპერაციული მასალის მორფოლოგიური კვლევის ნიმუშებით და ჩატარებული მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესწავლით.

რაც შეეხება მოქმედების სტანდარტს ისეთ შემთხვევაში, რაც აღწერილია თქვენ მიერ გამოგზავნილ შეკითხვაში:

  1. ონკოლოგიური დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხდება კონსილიუმის წესით მრავალი პროფილის ექიმის მონაწილეობით. დიაგნოზის განსაზღვრის საფუძველია ოპერაციული ჩარევის შემდეგ მიღებული ოპერაციული მასალის მორფოლოგიური და შემდგომ იმუნოჰისტოქიმიური კვლევის მონაცემი. ამ მასალის შენახვა ხდება ლაბორატორიის მიერ, სადაც ჩატარდა კვლევა და ნებისმიერ დროს პაციენტს შეუძლია მისი გამოთხოვა და გადამოწმება.
  2. სიმსივნის დიაგნოზის განსაზღვრის შემდეგ არსებული საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად ხდება მკურნალობის სქემის შერჩევა და პაციენტს უტარდება ქიმიო, იმუნო ან სხვა თერაპიული პროცედურა საერთაშორისოდ მიღებული სქემის მიხედვით. შპს “მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა” ს/კ 405169598
  3. თქვენ მიერ აღწერილის მსგავს შემთხვევაში, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფიული (PETCT) კვლევის ჩატარებაზე (ეს არ არის განმეორებითი ქირურგიული ოპერაცია, ის სადიაგნოსტიკო პროცედურაა), სიმსივნური პროცესის სტატუსის შეფასების (ან სიმსივნური პროცესის არსებობის გადამოწმების) მიზნით.
  4. თუ პაციენტი მოისურვებს მკურნალობის გაგრძელებას სხვა კლინიკაში ან დიაგნოზის სიზუსტის გადამოწმებას, უნდა გადამოწმდეს ოპერაციული მასალის ბლოკები, რომლებიც ადასტურებს დიაგნოზის არსებობას. აღნიშნული კვლევის მასალების გარეშე ვერც ერთი კლინიკა ვერ შეძლებს, ამტკიცოს, იყო თუ არა სიმსივნის კვალი.
  5. საბედნიეროდ, მსგავსი დიაგნოზის შემთხვევაში სწორი ოპერაციული და ქიმიოთერაპიული მკურნალობის შედეგად განკურნების შანსი 90%-ზე მეტია, რასაც ადასტურებს არაერთი ჩატარებული საერთაშორისო კლინიკური კვლევა.

ჩვენი კლინიკა მზად არის ღია თანამშრომლობისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებთან და შესაბამისი კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე წარუდგენს მათ პაციენტის მკურნალობის დამადასტურებელ როგორც დოკუმენტურ, ასევე ბიოლოგიურ მასალებს.

პატივისცემით, ანა ბოლქვაძე – მრავალპროფილური კლინიკა “კონსილიუმ მედულას” დირექტორის მოადგილე”.

“ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ნიორაძემ, იაშვილის კლინიკის მიმართ გაჩენილ კითხვაზე გვიპასუხა, რომ მსგავსი დავების განხილვა უნდა მოხდეს კონსილიუმის ან პროფესიული ასოციაციების მიერ.

“ამიტომ კარგი იქნება, თუ მიმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ისინი შეისწავლიან თქვენ მიერ გაჟღერებულ ფაქტებს. “ევექსი” აუცილებლად ჩაატარებს შიდა მოკვლევას და გაარკვევს, კონკრეტულ შემთხვევებში რასთან გვქონდა საქმე”, – გვიპასუხა გიორგი ნიორაძემ.

 ნელი ვარდიაშვილი – ჟურნალი ,,სარკე”

Related Articles

Back to top button
Close