კატეგორიის გარეშე

ლომისას ტაძრის გზას თუ დაადგები, უკან აღარ უნდა მობრუნდე…

,,ტაძარს უნდა სთხოვო და მთის წვერზე ასვლაში თავად დაგეხმარება..."

როგორც ამბობენ, ლომისობის სწორზე, დღესასწაულის ტოლფერი დღეა. ისევე, როგორც აღდგომა და თომას კვირა- კვერცხი მეორეჯერ იღებება, ახალი პასკები ცხვება. ლომისობის ეს ლეგენდაც მათთვისაა, ვინც ვერ  მოასწრო ან ვერ მოახერხა მთავარ დღესასწაულზე ლომისას ტაძრის რთულ გზაზე დადგომა და რამდენიმე კილომეტრიან ალპურ ზონაში, მაღლობებზე სიარული. ლომისას გზაზე შემდგარის უკან დაბრუნება, გზის სირთულის გამო, არ შეიძლებაო, ამბობენ ძველები, მაგრამ თუ სთხოვ ლომისას, შეგაძლებინოს იქ ასვლა, აუცილებლად ახვალო. ალბათ ამიტომაც, უამრავი ადამიანი- მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი  სტუმრობს დღესასწაულზე, მთის წვერზე შემოკონწიალებულ, უძველეს ტაძარს.
     ლეგენდა ლომისაზე (Τάμτα) მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი… გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი – წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ – დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა… ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.
თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.
შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, – ილოცებიან მთიულნი.
ლომისის მუხის კარს რკინა აქვს გადაკრული, რომელზეც თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერა ამოუჭრიათ. ამ წარწერიდან ირკვევა კარის შემჭედი ოსტატების, პურისა და რკინის შემომწირველთა ვინაობა. წარწერა XVI-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. კარს ოთხ მწკრივად რგოლები დაუყვება. ღამის დარაჯი, ეკლესიაში ქურდი რომ არ შეპარულიყო, ამ რგოლებს ფეხზე აყენებდა. თუ კარს ვინმე მიადგებოდა და წვალებას დაუწყებდა, რგოლები ცვიოდა და ხმაური დაძინებულ დარაჯს აღვიძებდა. თუკი მცველი დღისით დატოვებდა ეკლესიას, რგოლებს ისე აწყობდა, რომ უკან დაბრუნებულს შეემჩნია, ვინმე ხომ არ მიჰკარებოდა ტაძრის კარს.
ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და იმით დაუნთიათ ცეცხლი. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.
ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ზოგს ეს წარმართობის გადმონაშთი ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული (მაგალითად, აწყურში). საინტერესოა, რომ პალესტინაში წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვისას თანამედროვე პილიგრიმებს სწორედ ასეთი საყელურიანი რკინის ჯაჭვი უნახავთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close