სხვა

„დედას, ჩემს დედოფალს ბოლო სტადიის დემენცია აქვს“

„ექიმმა მითხრა, თუ გულმა გაჩერება მოინდომა, არ ჩაერიო, დააცადე წასვლაო“ - ანა ბარბაქაძის უმძიმესი ბრძოლა დედისთვის

ანა ბარბაქაძე უმძიმეს გზას გადის. მისი დედა დემენციით არის დაავადებული. ანა შვილთან და დედასთან ერთად კანადაში ცხოვრობს. ახალგაზრდა ქალი ბევრისთვის იქცა მაგალითად, როგორ უნდა იცხოვრო ამ დიაგნოზის მქონე ადამიანთან ერთად. დედის ყოველ შეტევას ხვდება სიტყვებით: „დე, მიყვარხარ, დე“.

რამდენიმე დღის წინ ანას დედა კლინიკაში მოხვდა, სადაც ექიმებმა უმძიმესი სიტყვები უთხრეს. ამ ყველაფერს ანა თავის გამომწერებს ასე უყვება:

.

„დღეს დედას გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა. დანიელის სკოლიდან სახლში დაბრუნებულმა გადავწყვიტე, დედა დასაბანად შემეყვანა. იბანავა, ისიამოვნა და როდესაც უნდა დამეწყო მისი ჩაცმა, უცბად გაფითრდა, აკანკალდა და გონება დაკარგა. ღვთის წყალობით, იქვე ვიდექი და შევძელი დაჭერა, ჩემს  მკლავებში წაუვიდა გონი, დაცემის საშუალება არ მივეცი, ჩავებღაუჭე, ცალი ხელი გავანთავისუფლე, ონკანი მოვუშვი და ცივი წყლით შევეცადე მის გონს მოყვანას, თან ვყვიროდი, სასწრაფოს დაურეკეთ-მეთქი.
პასუხი არავინ გამცა, არ დავიბენი ჩემი თავის, ღმერთის, ანგელოზების იმედი მქონდა. მივიხედ-მოვიხედე და ღვრთის წყალობით, იქვე მობილური შევნიშნე. თურმე აბაზანაში შეტანილი მქონდა, იმავე ხელით ავკრიფე 911, გამოვიძახე სასწრაფო, დედა კი დავაწვინე ისე, რომ ნახევარი ტანით ჩემზე ყოფილიყო მოყრდნობილი.
დედა გონს მოვიდა. დავურეკე ჩემს დეიდაშვილს. მითხრა, დედისთვის ფეხები მაღლა ამეწია. ასეც მოვიქეცი. სასწრაფოც მოვიდა. მე ამაყენეს და დედაც გაამზადეს გადასაყვანად. ჩემი მდგომარეობა რომ ნახეს, მითხრეს, არ ინერვიულო, ჩვენ გამოგაყვანინებთ შვილს სკოლიდანო. გავოგნდი, მადლიერებით აღვივსე, დავმშვიდდი. სკოლაში დავრეკე, დანიელი მალევე გაამზადეს ჩვენთან შესახვედრად, სასწრაფოს თანამშრომელმა დანიელი სასწრაფოს მანქანაში წინ დასვა, ესაუბრებოდა, ართობდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ადამიანობის, სიკეთის სიდიადეში. გული გამითბა.
საავადმყოფოში დედა გაჯიუტდა, იქ რომ არ ვყოფილიყავი, ვერავინ შეძლებდა, მისთვის გამოკვლევები ჩაეტარა. მე ვამშვიდებდი და მიჯერებდა, სისხლის ანალიზიდან დაწყებული ტომოგრაფიით დამთავრებული ყველაფერი გაუკეთეს.
ბოლოს კი ექიმი მოვიდა და მითხრა, ახლა სახლში გაგწერთ, მაგრამ თუ გულმა გაჩერება მოინდომა, არ ჩაერიო, დააცადე წასვლაო. თავიდან ვერ მივხვდი, მეგონა, მომესმა. ვთხოვე წინადადების გამეორება.  მეორეჯერაც იგივე რომ მითხრა, გავოგნდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა. მან გააგრძელა – ეს ბოლო სტადიის დემენცია რომ არ იყოს, ამას არ გეტყოდიო, შეიძლება დრო იყოსო…
აღარ მინდოდა გაგრძელების მოსმენა. შევაწყვეტინე საუბარი და მივუგე მე, დედაზე დანებებას არ ვაპირებ, მე ბოლომდე შევეცდები ყოველთვის მის მობრუნებას და რაც მოსახდენია, მერე ის მოხდება-მეთქი.
ეს ვთქვი და მივხვდი, რომ ძალა მომეცა, არ დანებების ძალა მომეცა უკვე მთლიანად ძალაგამოცლილს,  ხელმეორედ ძალა მომეცა და ეს გახლავთ სიყვარულის ძალა.
მესმის, ექიმი სხვაგვარად უყურებს პაციენტს ბოლო სტადიის დემენციით, მაგრამ ჩემთვის ეს დედაა, ჩემი დედოფალი, რომელსაც უბრალოდ ბოლო სტადიის დემენცია აქვს და სანამ მე გული მიძგერს, ყოველთვის შევეცდები მის გულის აძგერებას. დედა ჩემი დანებების გამო არ დატოვებს დედამიწას, ის მაშინ წავა,  როდესაც მისი წასვლის დრო დადგება, როდესაც თავად მოინდომებს განთავისუფლებას.
ექიმს დავემშვიდობე და ვუთხარი, რომ რამე, ისევ მივიდოდი მასთან, მე არ ვაპირებდი დანებებას. ექიმი მიხვდა ჩემი გადაწყვეტილების სიმტკიცეს და მომიგო: „კარგით, თქვენ როგორც გნებავთ!“.
სახლში მოვედი და გადავწყვიტე, ეს თქვენთვის გამეზიარებინა და მეთქვა, რომ გაგრძელებას ყოველთვის აქვს აზრი. არ დანებდეთ, სანამ გული ფეთქავს!“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close