ზურა დათუაშვილი, ისტორიკოსი, ჟურნალისტი:

_ ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ, ცოტა ვრცლად.
ბოლო წლებში სპეცრაზმს რამდენჯერმე მოუხდა აქციების დაშლა, ძირითადად – დედაქალაქში. თბილისის გარეთ მხოლოდ ბათუმის პრეცედენტი მახსენდება. ყველა ამ შემთხვევაში ძალოვანებმა იუველირის სიზუსტით იმუშავეს და ყოველგვარი გართულების გარეშე დაამყარეს წესრიგი. როცა ამას ვამბობ, მხედველობაში ორი ასპექტი მაქვს: 1) დაშლისას პრაქტიკულად არცერთ მომიტინგეს არ მიუღია სერიოზული დაზიანება და 2) მათ ყველა შემთხვევაში დაუტოვეს კორიდორი, საიდანაც დაუბრკოლებლად შეეძლოთ გასვლა.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ სააკაშვილის სპეცრაზმის მიერ განხორციელებული დაშლის ოპერაციების დროს სწორედ ამ ორი ფაქტორის იგნორირება ხდებოდა, – ადამიანებს ყველა მხრიდან უკრავდნენ გზას, რომ ტომარაში მოექციათ და მერე ველური ჟინით ნადირობდნენ მათზე. რით მთავრდებოდა ამგვარი სპეცოპერაციები, ყველას გვახსოვს, თუნდაც მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” გვერდით მდებარე ჯიხურზე შემოდებული ორი მიცვალებულის სახით.
არ ვიცი, სხვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ამ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ძალოვანი სტრუქტურების შეფასების დროს. ძალიან მიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს ვეღირსეთ ისეთ პოლიციას, რომელიც რეჟიმს კიარა, წესრიგს იცავდა და ქუჩაში არ დარბოდა შეძახილებით – “ოპოზიციას რა, დედის ტ ..ნაა”.
ასე იყო 20 ივნისამდე.
მაგრამ 20 ივნისს ქართული სპეცრაზმის იმიჯი სერიოზულად შეირყა. სამწუხაროდ, ამ ზოგად შეფასებას ვერც ის გარემოება ცვლის, რომ მომიტინგეებმა კანონის ზღვარს გადაცდენილი წინააღმდეგობა გაუწიეს მათ. ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგროვდა სპეცრაზმელთა მხრივ ინსტრუქციით გათვალიწინებული ზომების დარღვევის თაობაზე. პირველ რიგში, ცხადია, რეზინის ტყვიების გამოყენება (დამიზნებით სროლა) მაქვს მხედველობაში, მაგრამ არა მხოლოდ ეს. იმდენად ბევრმა ადამიანმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, თავისთავად ჩნდება კითხვები სპეცრაზმელთა მიერ გამოყენებულ მეთოდებთან დაკავშირებით და ყველა ეს კითხვა პასუხს მოითხოვს.
შემთხვევითი არაა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია (თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს ჩვენში) მინისტრ გახარიას გადადგომას მოითხოვს. ეს სიახლე არაა, ადრეც მოითხოვდნენ და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მოითხოვენ. ამის საპასუხოდ, დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, რომლის ავტორებს, პირიქით, მიაჩნიათ, რომ გახარია კარგი მინისტრია და მან არ უნდა დატოვოს თანამდებობა.
არ დავიწყებ იმიაზე მკითხაობას, ვინ შეიძლება იდგას ამ აქციის უკან და მინდა საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო საკითხთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, არა მგონია, ახლა გახარიას გადადგომა რაიმეთი წაადგეს ქვეყანაში ამჟამად არსებულ მყიფე პოლიტიკურ სიტუაციას. არც ვარ ამის მომხრე. მეორე მხრივ, გვერდს ვერ ავუვლი იმ გარემოებას, რომ სპეცრაზმი, რომლის ქმედებაში 20 ივნისს კანონდარღვევის საკმაოდ ბევრი ნიშანი გამოიკვეთა, მის სტრუქტურულ დაქვემდებარებაშია. ლოგიკურია, როცა სისტემაში პრობლემა იჩენს თავს, პასუხისმგებლობა ხელმძღვანელს ეკისრება. მან არა მხოლოდ დამაჯერებლად უნდა განმარტოს, რა მოხდა და რატომ დასრულდა ასეთი შედეგით, არამედ სრულფასოვანი გამოძიება ჩაატაროს და პასუხისგებაში მისცეს ყველა თანამშრომელი, რანგისა და თანამდებობის მიუხედავად, ვინც არამართლზომიერი მეთოდები გამოიყენა აქციის დაშლის დროს.

თუ ეს არ მოხდა, მაშინ გახარია უნდა გადადგეს, ან გადააყენონ. აქ სხვა მოსაზრება არ შეიძლება არსებობდეს.

მე, პირადად, როგორც ერთი მოქალაქე, მინისტრს ვენდობი და იმედი მაქვს, იგი ყველაფერს გააკეთებს კითხვებზე პასუხის გასაცემად. თუ არა და, ეს ქვეყანა გახარიაზე არ დგას. სახელმწიფო მოხელეები მიდიან და მოდიან, საქართველო რჩება!

კომენტარები
Загрузка...