საზოგადოება

,,საქართველოს მოსახლეობას აღიზიანებს ის მომთხოვნი და მბრძანებლური ტონი, რომელსაც მიმართავენ ელჩები”

,,გარადაუვალია იმ მრავალი ევროპული ღირებულების საქართველოში დამკვიდრების დეგრადაცია და სრული მიუღებლობა, რომლებისთვისაც მრავალი წელი იბრძოდა ქართული საზოგადოება"

არადიპლომატიური დიპლომატიურობა
დღე არ გავა, რომ ახალ-ახალი შენიშვნები, მითითებები, რეკომენდაციები და ბრძანებები არ მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ. ავტორების სპექტრი მრავალფეროვანია – დაწყებული ევროპარლამენტის რიგითი დეპუტატით და დამთავრებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტით. აღარაფერს ვამბობთ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებზე, რომლებმაც ახლა უკვე კოლექტიური ხელმოწერების ფორმა აირჩიეს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით სათითაოდ და ერთად დაგვიქნიეს თითი. თუმცა არა, ეს უფრო მუშტის მოღერებას ჰგავდა, რადგან პირდაპირ გვეუბნებიან, თუ ჩვენი „უკაზებით“ არ იცხოვრებთ, ცულს მოვიტანთ ცუნცულასა, სულ დაგილეწავთ მაგ სამთავრობო სავარძლებს და ისეთ ხალხს მოვიყვანთ ხელისუფლებაში, ვინც უსიტყვოდ შეასრულებს ჩვენს ბრძანებებს. მე შენ გეტყვი და ასეთი ხალხი არ მოიძებნება საქართველოში თუ რა?!
საოცარია, ასეთი გამოცდილი დიპლომატები რატომ ვერ უნდა ხვდებოდნენ,
იმას, რომ რაც უნდა ლამაზი ფრაზეოლოგიით შეალამაზონ თავისი „უკაზების“ ტონი, ჩვენს ხალხს უკვე აქვს ასეთი ფრაზების გაშიფვრის გამოცდილება და დღოშად წინ წამოწეულ „ადამიანის უფლებების“, „დემოკრატიის“, „თავისუფლების“, „დამოუკიდებლობის“, „თანასწორობის“, „სამართლიანობის“ და სხვა ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგების მოსმენისას ხბოს აღტაცებით კი აღარ უვარდება ფეხებში ამ ლოზუნგების ავტორებს („მიშველე, შენი მუხლების ჭირიმეო!“) ან მაშინვე გულში კი არ იხუტებს („შენი ვარ, შენთვის მოვკვდებიო!“), არამედ კრიტიკულად აანალიზებს, ზომავს და წონის, რამდენად შეესაბამება ერთმანეთს მათი სიტყვები და საქმეები, როგორ ადამიანებს თუ პარტიებს ლობირებენ ისინი და რამდენად გულწრფელი და უანგაროა მათი ზრუნვა ქართველ ხალხზე.
როდესაც ხალხი ხედავს, რომ მის ქვეყანას ზემოდან უყურებენ, ხოლო მთავრობას მარიონეტად მიიჩნევენ და ისეთ პარტიებთან სოლიდარობენ, რომლებმაც თავისი მმართველობის პერიოდში თავი ძირითადად ადამიანის უფლებათა შელახვით და ქვეყანაში ანტიდემოკრატიული რეჟიმის დამყარებით გამოიჩინეს, ბუნებრივია, მოქალაქეს მაშინვე ის აზრი მოსდის თავში, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელ პატივცემულ ელჩებს ის ლამაზი სიტყვების რეალიზება კი არ აინტერესებთ საქართველოში, არამედ სწორედ იმ ანტიდემოკრატიული ძალების მობრუნებას ლობირებენ ქვეყნის სათავეში, რომლებმაც თავისი მმართველობის 9 წლის მანძილზე ფაქტობრივად ტოტალიტალური რეჟიმი დაამაყარეს.
გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობას ძალიან აღიზიანებდა ის მომთხოვნი და მბრძანებლური ტონი, რომელსაც მიმართავენ აღნიშნული ელჩები ფორმალურად სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, აგრეთვე ის უსამართლო და დაუსაბუთებელი აქცენტები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით მათ განცხადებებში. მაგალითად, აშს-ს საელჩომ თავის განცხადებაში პირდაპირ განაცხადა, რომ 11 ივლისს გარდაცვლილი ოპერატორის სიკვდილის მიზეზი სწორედ 5 ივლისს მიღებული ტრავმა იყო. თუ ასე გაგრძელდა და თუ ყველამ კვლავაც მხოლოდ ჭკუის სწავლების პლატფორმად გამოგვიყენა, თუ კვლავაც მხოლოდ ორმაგი სტანდარტების ჩვენებით გამოიჩინა თავი, სამწუხაროდ, გარადაუვალია იმ მრავალი ევროპული ღირებულების საქართველოში დამკვიდრების დეგრადაცია და სრული მიუღებლობა, რომლებისთვისაც მრავალი წელი იბრძოდა ქართული საზოგადოება და ეს არა რუსული „ჰიბრიდული ომის“, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში მყოფი დიპლომატების სრულიად არადიპლომაატიური ქცევების შედეგი იქნება.
ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ტარიელ ღვინიაშვილი (საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმრები)
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close