ქართულ-ებრაული

საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის სულისშემძვრელი მიმართვა ჯამაათს

უპირველესად ყოვლისა, კარგად ყოფნას ვუსურვებ  ყოველ თქვენგანს –  სულიერ და ფიზიკურ სიმტკიცეს.  ვლოცულობ, რათა უმოკლეს დროში მოგვმადლოს გამჩენმა  მშვიდობა და  ჯანმრთელობა, როგორც მთელს ებრაელობას, ასევე  – მსოფლიოს.

ძმებო და დებო, აქამდე ჩემი თქვენდამი გზავნილები ძირითადად ემსახურებოდა  თორის კანონების, ჩვენი ადათ-წესების განმტკიცებას და სწორუპოვარ შესრულებას.  დღევანდელი მიმართვა კი განსხვავებულია, რადგან სრულიად სხვა რეალობის წინაშე დადგა მსოფლიო, სხვა რეალობა დაგვიდგა ჩვენ – ებრაელებს.  ამ რეალობას დღეს კორონავირუსი ქვია. სწორედ მის გამო მოიცვა მთელი დედამიწა ღელვამ და შიშმა, სწორედ მის გამო არ წყდება სატელეფონო ზარები ათასგვარი შეკითხვით.

ჩვენ ერთნი უნდა ვიყოთ. ძმებო, მოგმართავთ ყველას –  გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი ოჯახის წევრების  ჯანმრთელობას. დაიცავით სპეციალისტების რეკომენდაციები.  ჩვენი მთავრობის მეთაურმა, ნეთანიაუმ, საკმაოდ გასაგებად ჩამოაყალიბა  მოსალოდნელი საფრთხეები და ის შეზღუდვები, რაც ყველა ჩვენთაგანმა უნდა შეასრულოს  ეპიდემიის შესაჩერებლად და საპროფილაქტიკოდ. არავინ  იფიქროს –   ეს მე არ დამემართება, მე ვერ მომწვდება!. ჩვენი წმინდა  თორა (დებარიმ) გვაფრთხილებს: „გაუფრთხილდით ძალიან თქვენს სულებს”. ჩვენ ვლოცულობთ ყველა დაავადებულის გამოსაჯანმრთელებლად.  დაე,  ისმინოს ღმერთმა ჩვენი ლოცვა!

დღეს მთელი მსოფლიო ეძებს ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას –  ვირუსისა, რომელსაც ჯერ არ იცნობს თანამედროვე მეცნიერება, არ იცის როგორია მისი მოქმედების ახლო და შორეული შედეგები. გამადიდებელი შუშით და გადიდებული თვალებით ვაკვირდებით, რა სტატისტიკას დადებენ ხვალ ექიმები, გადაარჩენს თუ არა მედიცინა კიდევ ერთ სიცოცხლეს. ყველა მორწმუნე თავის ლოცვებში შესთხოვს გამჩენს ეპიდემიის ჩაქრობას.

ჩვენ, ებრაელები –  ღმერთის რჩეული შვილები,  ვკითხულობთ თეილიმს (ფსალმუნებს), თორისა და კაბალის სიბრძნეებში ვეძებთ პასუხებს, რომლითაც წინ უნდა აღვუდგეთ ვირუსს – ამ თვალით უხილავ მტერს. მტკიცე რწმენითა და გამჩენის შემწეობით ჩვენ შეგვიძლია დიდი წვლილი შევიტანოთ ამ საერთო საქმეში.

დღეს კი აი, რა სურათია:

  1. 1. მსოფლიო ეკონომიკა კოლაფსშია, ჩინეთის სწრაფად აღმავალი ეკონომიკა განადგურებულია, ევროპა ვერ პოულობს სასიცოცხლოდ აუცილებელ პასუხებს მთელ რიგ  აქტუალურ  კითხვებზე, ამერიკის საქმიანი და სავალუტო ბირჟები კარგავენ მილიარდობით დოლარს, იგივე  – თელავივისაც. ის მეცნიერები, რომლებიც ცდილობდნენ სხვა პლანეტების დაპყრობას –  უსუსურად და უძალოდ  დგანან. აკი გვეუბნება გამჩენი: „ცა ღმერთისაა და დედამიწა თქვენთვისაა, ადამის შვილებო და ნუ ეცდებით ჩემთან ჯიბრს“;
  2. ბოლო ხანებში რამდენიმე ქალაქის მერმა შაბათს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ნებართვა გასცა. დღეს კი, რა აუცილებლობა მოიტანა ეპიდემიურმა სიტუაციამ?   მთავრობამ აკრძალა პარასკევსა და შაბათს  ტრანსპორტის მოძრაობა და გამჩენის მიერ დაწესებული  შაბათის დაცვის კანონი მაინც აღსრულდა! არადა,  თალმუდი გვასწავლის –  ყველა ებრაელმა რომ  ერთად შეინახოს  თუნდაც ორი შაბათი,  მაშიახი მობრძანდებაო;
  3. ეპიდემიის დასაწყისშივე მთელი სიმკაცრით გამოცხადდა პირადი ჰიგიენის წესების დაცვა. განა ეს ჩვენთვის უცხოა? ჩვენ ხომ ვალდებულნი ვართ დილით უზმოზე სპეციალური ჭურჭლით განვიბანოთ ხელები – სამჯერ მარჯვენა და სამჯერ მარცხენა. ასევე, ყოველი ჭამის წინ,  საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ვალდებულნი ვართ სუფთად დავიქნათ ფრჩხილები, არ შევეხოთ ტანის დაფარულ ნაწილებს და  თუ შეეხო ხელი – უნდა დავიბანოთ;
  4. ჯანდაცვის სამინისტროს მითითებაა 2 მეტრის დისტანციის დაცვა – ადამიანები უნდა განეშორონ ერთმანეთს სულ ცოტა ამ მანძილით.  რამდენჯერ შევსწრებივართ იგივე ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  ბოლო დროს მოდაში შემოსულ, ღმერთისთვის საძულველ – ერთი სქესის ადამიანთა უხერხულ სიახლოვეს. ალბათ, თვალიც აგვირიდებია. ერთსქესიანი ქორწინების ცოდვით დაცემასაც აქვე მოვიხსენიებ. ღმერთის დაწესებული არ გავიგეთ? ახლა კანონმა დააშორიშორა  ადამიანები კიდევ უფრო მეტად და მაინც აღსრულდება მისი ნება;
  5. ვირუსის სახელი – „კორონა“, ივრითულად ითარგმნება “ქეთერ“, ქართულად კი თაჯი, იგივე  სამეფო გვირგვინი.  სამყაროს მეფე მაღალი ღმერთია და მისი თაჯი  ჩვენს დროში ადამიანთა უღირსი და უკეთური ქცევით შეილახა. ჰემატრიით  „ქეთერი“ და „რეშაყიმ“ (ბოროტი ადამიანი) ერთნაირად იშიფრება – 620.

როგორც ცნობილია,  613 მიცვა გვევალება თორით, 7 კი  – ხახმების მიერ (ხანუქა, მეგილათ ესთერი და სხვა) – ჯამში 620!  აქედან გამომდინარე, მხოლოდ მიცვების განუხრელი შესრულებაა გამოსავალი,  რათა ის  ბოროტი და უკეთური გაბათილდეს, რამაც გამჩენის თაჯი შებღალა.  უნდა  ვეცადოთ მაქსიმალურად შევასრულოთ  მიცვები, რომლებიც ჩვენი ვალია და რომელსაც გამჩენი ჩვენგან მოელის;

აქვე ავღნიშნავ, რომ თეილიმის (ფსალმუნების) წაკითხვა ანეიტრალებს რეშაყიმის (უკეთური, ბოროტი ადამიანის)  მავნე  ზემოქმედებას;

  1. თორა ბრძანებს: “არ ჭამო ცოცხალი ხორცი”! განვმარტავ – „ჭამა ცოცხალი ხორცი“ ივრითულად ჰემატრიით  იშიფრება, როგორც  – „3 6 7“, ზუსტად ისევე, როგორც   კორონა (3 6 7). გამოდის,  რომ უფალი მიგვითითებს ხორცით კვების  წესის დარღვევაზე, არაქაშერზე, მის მიერ აკრძალულზე და ბრძანებს: რაც მე ავკრძალე, თქვენს თავს იმის ნება როგორ მიეცითო?

უნდა ვთქვათ, საზღვარგარეთ ყოფნისას, ებრაელები  ხშირად იოლად ვარღვევთ ქაშერი საკვების და სასმელის მიღების წესს, ამიტომ ესეც ყურადსაღებია;

  1. თუმცა „კაცის ცოცხლად შეჭმაც“ ხშირად გვინახავს ჩვენს რეალობაში. ხშირად დაუმსახურებლად ვასამართლებთ და განვსჯით მართალ ადამიანს. განვიკითხავთ და მზად ვართ ჩვენი საქციელით შუაზე გავგლიჯოთ. აბა რა ვუწოდოთ ფაქტს, როდესაც ცოცხალ კაცს სასამართლოს გარეშე ადანაშაულებენ და განაჩენიც თავადვე  გამოაქვთ? სამწუხაროდ, სწორედ ეს არის ის,  რაც ხდება ჩვენ სინამდვილეში –  მაგალითად, როცა   სახეზე გვაქვს  ნეთანიაუს წინააღმდეგ გამართული დანაშაულებრივი კამპანია;
  2. მინდა გაუწყოთ, რომ 16.03.2020 აშდოდში ჩავატარეთ ლოცვა კორონას ეპიდემიის აღსაკვეთად, ხოლო 18.03.2020 –  მთელი მსოფლიოს განსაკურნებლად ამ ეპიდემიისაგან. დაე, გვისმინოს ღმერთმა!;
  3. გაამრავლეთ ცედაკას გაცემა, ვინაიდან თორის ბრძანებით, “ცედაკა იხსნის ადამიანს სიკვდილისაგან”;
  4. გაფრთხილდით ზედმეტი თავყრილობისაგან – იყავით არა უმეტეს 10 კაცისა. ეცადეთ შექმნათ სალოცავებში 10 კაციანი რამდენიმე მინიანი.

ამ  ბოლო ხანებში მსოფლიოში განვითარებული მოვლენები თვალნათლივ მიგვითითებენ  მაშიახის მობრძანების მოახლოვებაზე. თვალი გადავავლოთ და გავიხსენოთ უახლოესი წარსული: 2011 წელს იაპონიაში მოხდა 9.1 ბალიანი მიწისძვრა  და  ცუნამი, რომელსაც შეეწირა 18 000 ადამიანი, მილიონობით კი უსახლკაროდ  დატოვა; 2013 წელი – კალიების შემოსევა სინაის ნახევარკუნძულზე;  იგივე ხდება დღესაც, აფრიკის კონტინენტზე დიდი მოსავალი გაანადგურეს გიგანტურმა კალიებმა და ახლა ეს ტალღა ჩვენს კონტინენტს ემუქრება;   2013 წელი 12 თებერვალი  – უცნაურად გაწითლებული ზეცა, რომელსაც გაოცებული აკვირდებოდნენ ტელესკოპებით ცნობილი მეცნიერები; ამერიკას არაერთხელ დაატყდა თავს საშინელი, გამანადგურებელი ტორნადო; ბოლო დროს ნალექის უჩვეულო სიუხვე და სიმრავლეა ისრაელში, ასეთი წვიმები ნამდვილად არაა ჩვეულებრივი მოვლენა ჩვენთან; ახლო აღმოსავლეთში დიდი და დაჩქარებული ცვლილებები მოხდა –  უმეტესი არაბული ქვეყნების მმართველები შეიცვალნენ, ამ დროს  კი  ჩვენი პრემიერ მინისტრი ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოდის და მსოფლიოს მიმართავს;  საერთაშორისო გლობალურმა პოლიტიკამ დღის წესრიგში დააყენა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების პროცესი – ამას ადასტურებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ   იერუშალაიმში საელჩოს გადატანა, რაც ფაქტობრივად იერუშალაიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების ტოლფასია, აგრეთვე  გოლანის მაღლობების ისრაელის ტერიტორიად ცნობა და ბევრი სხვა რამ კიდევ..

ნუთუ შეიშალა მსოფლიო,  თუ აქ სრულიად სხვა მოვლენაა?!

დიახ, ჩვენ თვალწინ ხდება უზენაესი ღმერთის ძალის გამოვლენა და მაშიახის მობრძანების მოახლოვება. ჩვენი დიდი რაბების გამონათქვამები მიგვანიშნებენ ამ მოვლენებზე და ჩვენც მზად უნდა შევხვდეთ დღეებს, რომლებსაც ამდენი ხანია ველით – დროს, რომელიც ჩვენივე ლოცვით გამოვითხოვეთ გამჩენისაგან.

გისურვებთ მომავალ ქაშერ და ბედნიერ ფესახს,  ამ ეპიდემიის  მალე გადავლას და განქარავებას. ვლოცულობ ყველა ავადმყოფების რეფუა შლემაზე.

მადლობა გამჩენს!!

 მსოფლიოს  ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი  

 იაკობ გაგულაშვილი

 

Related Articles

Back to top button
Close