საქართველოს ბანკმა, Strands-თან ერთად, პერსონალური ფინანსური მენეჯერი (PFM) დანერგა
საქართველოს ბანკმა მის პარტნიორთან, Strands-თან ერთად მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილებისა და ინოვაციური, პერსონალიზებული ციფრული ბანკინგის განვითარების მიზნით, პერსონალური ფინანსური მენეჯერი (PFM) შექმნა.
პერსონალური ფინანსური მენეჯერი მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე, რათა მათ უკეთ აკონტროლონ ფულადი სახსრები და სწორად განკარგონ საკუთარი ფინანსები. ასევე, მიიღონ სრული და დახარისხებული ინფორმაცია საკუთარი ფინანსების, შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ. მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის გამიზნული ინსტრუმენტი დაეხმარება მათ, მიიღონ ინფორმაცია ხარჯებისა და შემოსავლის კატეგორიზაციის, დინამიკის, ამონაწერისა და კალენდრის მიხედვით. იმისთვის, რომ მომხმარებელმა აღნიშნული ინფორმაციით სარგებლობა შეძლოს, მან mBank-ში ავტორიზაციის შემდგომ ნავიგაციის მენიუში უნდა აირჩიოს სპეციალური TAB – ფინანსები.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს მათ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შესთავაზოს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პირადი ფინანსური მენეჯერი, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ფინანსების პრაგმატულ განკარგვას, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე, დაეხმარება ხარჯების სწორ მენეჯმენტში. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ მომხმარებელს ინდივიდუალური და ეფექტური რეკომენდაციები და რჩევები მივცეთ“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ამ პარტნიორობით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთხელ აჩვენა მისი ინოვაციური, მომხმარებლის ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომა საბანკო სერვისებისადმი. ეს არის პირველი შემთხვევა კავკასიის რეგიონში, როდესაც ფინანსურმა ინსტიტუტმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული ფულის მართვის გადაწყვეტა შესთავაზა საკუთარ მომხმარებელს“, – განაცხადა ერიკ ბრიაევამ, Strands-ის გენერალურმა დირექტორმა.
პერსონალური ფინანსური მენეჯერი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, დააკვირდეს კონკრეტულ პერიოდში რა ხარჯები და შემოსავლები ჰქონდა მას როგორც კატეგორიების, ისე სხვადასხვა სექტორის მიხედვით (მაგ.: კვება, ტრანსპორტი, კომუნალურები და ა.შ.). გარდა ამისა, თვალი ადევნოს საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების დინამიკას თვეების ჭრილში. კალენდრის გვერდზე კი მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია ვიზუალურად ნახოს თვეებისა და დღეების ჭრილშიც კი, რათა შეაფასოს, რომელი დღე იყო მისთვის ხარჯიანი და რომელი შემოსავლიანი.