საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები ფინტექ კომპანიებს
15 ივნისი, 2021– საქართველოს ბანკი ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სხვადასხვა სერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობით, ბანკმა პარტნიორ ფინტექ კომპანიებს ამჯერად სპეციალური, მათზე მორგებული შეთავაზებები მოუმზადა.
ფინტექ კომპანიები, რომლებიც საქართველოს ბანკის მომხმარებლები არიან, ამიერიდან სპეციალური პირობებით შეძლებენ მათ ბიზნეს საჭიროებებზე გათვლილი სერვისებით სარგებლობას ისეთი პროვაიდერებისგან, როგორიცაა: იურიდიული თუ ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერები, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიები, გაყიდვების მენეჯმენტი, IT და მარკეტინგული სერვისების მომწოდებელი კომპანიები და სხვა. გარდა ამისა, შეძლებენ საერთო სამუშაო სივრცეების გამოყენებისას შეღავათიანი ფასებით ისარგებლონ.
შეთავაზებების სრული სია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3ul9fgs
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესს სამომავლო განვითარებაში. ერთ-ერთი ასეთი ბიზნეს მიმართულება ფინტექ სფეროა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ახლა იკიდებს ფეხს. ღია ბანკინგის დამკვიდრებასთან ერთად კი, კიდევ უფრო იზრდება ფინტექ ინდუსტრიის საჭიროება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ სხვადასხვა სერვისპროვაიდერ კომპანიებთან. თანამშრომლობის ფარგლებში ბანკის პარტნიორი ფინტექ მიმართულების ბიზნესები ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ გამართულად ოპერირებისთვის საჭირო მრავალფეროვან სერვისზე წვდომას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ აღნიშნული სფეროს უფრო სწრაფ ზრდასა და განვითარებას. ასევე, სფეროში მოღვაწე ადამიანების ცოდნის ამაღლებას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.