,,სასამართლოს დარბაზში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არასდროს შემხვედრია”
,,ცოცხალი” ინფორმაციის მიღება მხოლოდ სასამართლო დარბაზებში გამართულ სხდომებზე დასწრებით არის შესაძლებელი.
მაგალითად: სისხლის სამართლის სეგმენტში საკმარისია 3-4 წინა სასამართლო სხდომაზე დასწრება და იგივე რაოდენობით ბრალდების არსებითად განხილვისაც. სხდომები ძირითადად საჯაროა.
ვწუხვარ, რომ წლებია, არც ერთხელ შემხვედრია იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სასამართლოებში დამკვირვებლად. მაშინ როგორ უნდა იცოდეს მან, სად არის სამოსამართლეო პროფესიული და მართლმსაჯულების გამოწვევები?” _ აცხადებს ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების საქმიანობის თემით საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია საბჭოს ახალი წევრის განცხადებებმა. საქმე იმაშია, რომ იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი ჰყავს. გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის კვოტით არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება „აქილევსის ქუსლად“. პარალელურად საბჭოში, დოლიძის წინამორბედი ვახტანგ მჭედლიშვილი და საბჭოს მოსამართლე წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მას პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დასდეს ბრალი. ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოში 17 იანვრის შემდეგ 4 წლის განმავლობაში განმავლობაში იმუშავებს. მან თავისი საქმიანობის 3 მთავარი მიზანი უკვე დაასახელა: სასამართლოს მიერ დროული და ხარისხიანი მომსახურება, ნდობის ამაღლება იუსტიციის საბჭოს მიმართ და სასამართლოს ავტორიტეტის გაზრდა. დოლიძის დანიშვნას პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდეს „ქართულ ოცნებაში“. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი თანამდებობებზე რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავს და ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია.