სამართლიანობის მოლოდინში შეიძლება ადამიანი დაიღუპოს – ,,ახალგაზრდა კაცი 39 კილოა დარჩენილი…”
ნიკა მემანიშვილი, უფლებადამცველი:
_ სახელმწიფო კლავს?! არასდროს ვყოფილვარ წინააღმდეგი არც ერთი ჰუმანური აქტის, მაგრამ როცა ეს შერჩევითია, როცა მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, ცნობილ დამნაშავეებს ეხება, მიუღებელია.
მართალია ცნობად სახეებზე ადვილია ჰუმანურობის დემონსტრაცია, ვინც უფრო ცნობილი, მდიდარი, გავლენიანია ის უფრო ეცოდება საზოგადოებას და ხელისუფლებაც, ვითომ საზოგადოების მოთხოვნას ასრულებს და ათავისუფლებს ჰუმაბურობის მოტივით ,,ცნობად დამნაშავეებს”…
ეს არ იქნებოდა მიუღებელი ნებისმიერი მოქალაქის მიმართ, რომ ვრცელდებოდეს ერთნაირად მსგავსი ჰუმანური აქტები.
მოგახსენებთ მთავარ სათქმელს. პროკურატურასთან შიმშილობს პატიმრის მამა, რომელიც თავის მოშიმშილე შვილს უცხადებს სოლიდარობას. თავის მხრივ, პატიმარი დაჩი ფელდმანი შიმშილობს იმის გამო, რომ ითხოვს მის მიმართ აღდგეს სამართლიანობა. მას სასტიკად გაუსწორდნენ პოლიციელები_ აწამეს, სცემეს შემდეგ იარაღი ჩაუდეს და დაიჭირეს…
გამოძიება დაიწყო სტანდარტულად და ცხრა თვის თავზე შეწყდა,
როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. სააპელაციო სასამართლო მიზანმიმართულად არ ნიშნავს პროცესს, უამრავი პროცესუალური დარღვევაა ამ საქმეში.
ყველაზე დრამატული ამ საქმეში იცით რა არის? სამართლიანობის მოლოდინში შეიძლება ადამიანი დაიღუპოს. ახალგაზრდა კაცი 39 კილოა დარჩენილი და კალიასკით გადაადგილდება. უკიდურესად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აი ასე ექცევა სახელმწიფო ადამიანებს. მეასეხარისხოვანია ჩვენი საოცნებო ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლე. ამ ახალგაზრდა ადამიანს რომ რამე დაემართოს, მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ.
ერთი კვირაა პატიმრის მამა შიმშილობს როგორც მოგახსენეთ და ითხოვს შეხვედრას მთავარ პროკურორთან. სამწუხაროდ ამაოდ. სხვა ფორმა არსებობს კიდევ ამაზე მძიმე? როგორ შეიძლება ადამიანმა შენი სათქმელი მიიტანო ხელისუფლებამდე? შენი სიმართლე დაამტკიცო? უნდა მოკვდე მაინცდამაინც?
შ.ს.ს. ამის ფონზე გამოდის და უერთდება კამპანიას ,,არა ჩადებას”. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდის თეატრთან გვაქვს საქმე? ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო… ამიტომ არ მჯერა მე გიორგი გახარიას
დიდი რეფორმატორობის. მას უბრალოდ ამზადებენ პრემიერობისთვის და უქმნიან იმიჯს. სიტყვა ერთია, საქმით უნდა დაამტკიცოს უკეთესი სისტემის შექმნის სურვილი…
დავუბრუნდეთ დაჩი ფელდმანის მდგომარეობას. თუ ცნობად სახეებს ათავისუფლებთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ეს ახალგაზრდაც გაათავისუფლეთ, დღედღეზე სიკვდილს ელოდება ისეთი უმძიმესი მდგომარეობა აქვს…
დავასრულებ იმით რითაც დავიწყე, არასდროს ვიყავი ჰუმანური აქტის წინააღმდეგი. ოღონდ ეს არ უნდა ხდებოდეს ნაცნობობით გავლენებით მამაშვილობით. ეს ყველა მოქალაქეს თანავრად უნდა ეხებოდეს…
P.s. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს დაჩი ფელდმანი. ჩემთვის ის ეტალონია ბრძოლის, არ არსებობს უაზრო ბრძოლა. სიმარტლე იდესმე გაიმარჯვებს