,,საკვებში აღმოჩენილი საღებავი იწვევს სიმსივნეს და გენების გადაგვარების რისკის შემცველია”
„გერმანული ლაბორატორიის მიერ ადგილობრივი 6 კომპანიის ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის დაფქულ ნიმუშებში აღმოჩენილი არასაკვები საღებვი იწვევს სიმსივნეს და გენების გადაგვარების რისკს“, – ამის შესახებ imedinews-ს momxmarebeli.ge-ს კონსულტანტმა, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტმა ვახტანგ კობალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ სურსათის ერთჯერადი მოხმარებით ადამიანი არ იწამლება, თუმცა ხანგრძლივად გამოყენება მის ჯანმრთელობას საგრძნობლად აზიანებს.
„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება პროდუქტისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა სწორედ საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ“, – განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.
მისი თქმით, საღებავი „სუდანი“ გამოიყენება არასასურსათო პროდუქციის შესაღებად და მისი გამოყენება საკვებში საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
ვახტანგ კობალაძის ინფორმაციით, momxmarebeli.ge-ს წარმომადგენლებმა ექვსივე კომპანიას გერმანიის ლაბორატორიის დასკვნის შესახებ ოფიციალურად აცნობეს.
„ორგანიზაციას მხოლოდ კომპანია „კულა“ გამოეხმაურა და მის ნაწარმში „სუდანის“ საღებავის არსებობის შესახებ დადასტურებულ კვლევას ცილისწამება უწოდა“, – აცხადებს ვახტანგ კობალაძე.
სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Momxmarebeli.ge ავრცელებს.
„თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გავაგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად”- ნათქვამია Momxmarebeli.ge-ს ვებგვერდზე.
წყარო: https://imedinews.ge