,,საზოგადოების იმ ნაწილის გამკვირვებია, უფლებრივი დაცულობის იდეებს რომ ქადაგებენ და თავს ესხმიან ადვოკატს, ყველანაირი გაუგონარი შეურაცხყოფითა და ცილისწამებით”
,,ადვოკატის კლიენტთან გაიგივების თემა არახალია ჩვენს საზოგადოებაში. ეს სამწუხარო მოვლენა საბჭოური აზროვნების გადმონაშთია, როცა ადამიანის ბრალდებულად გამოცხადებისთანავე მიიჩნეოდა, რომ იგი უკვე დამნაშავეა და ბრალდებულიც და ადვოკატიც ავტომატურად ხდებოდა გაკიცხვისა და შეჩვენების ობიექტი. რაღა შორს წავიდე, ჩემთვისაც უკითხავთ, მათ შორის, ახლობელ ადამიანებს – ამ დამნაშავეს როგორ იცავ? რანაირად შეიძლება ასეთი ნაძირალის დაცვა ? და ა.შ.
ეხლა არ მოვყვები უდანაშაულობის პრეზუმფციასა და ადვოკატის პროფესიულ ვალდებულებაზე დაიცვას ადამიანი მიუხედავად ჩადენილი ქმედების საშინელებისა თუ ბრალის სიმძიმისა, მე საზოგადოების იმ ნაწილის გამკვირვებია, განათლებულ და პროგრესულ ადამიანებად, რომ მიაჩნიათ საკუთარი თავი, თავისუფლების, თანასწორობის, უფლებრივი დაცულობის იდეებს რომ ქადაგებენ და ამ დროს თავს ესხმიან ადვოკატს ყველანაირი გაუგონარი შეურაცხყოფითა და ცილისწამებით, და ბრტყელი პრეტენზიებით რატომ იცავს? რანაირად იცავს? რა უტიფრად იცავს და ა.შ.
სამწუხაროა, რომ თანდათანობით ორმაგი, სამმაგი თუ მეტი სტანდარტების საზოგადოებად ვყალიბდებით, სადაც ყველაფერი მოსულა, მაგრამ იქნებ შევიგნოთ, რომ: (ა) ადვოკატი ახორციელებს თავის პროფესიულ მოვალეობებს და ამ პროცესში შეიძლება სულაც არ თანაუგრძნობდეს ანდა ესიმპათიურებოდეს კლიენტი; (ბ) დაცვის სტრატეგია თუ არგუმენტები არის მხოლოდ კლიენტისა და ადვოკატის პრივილეგია და მასში ჩარევა თუ ჭკუის სწავლება, რბილად რომ ვთქვათ, ადამიანის არჩევანისა ანდა პირადი გადაწყვეტილების უპატივცემულობაა, ისე როგორც ადამიანმა შეიძლება საერთოდ არ დაიცვას თავი ანდა დადუმდეს და შეგნებულად დააყენოს მისთვის საზიანო სამართლებრივი შედეგი და ეს არავის საქმე არაა !!!
კარგი იქნება თუ ყველა გავითავისებთ, რომ სამართლებრივი პროცესი არის ბრძოლა, ინტერსებისა და არგუმენტების შეჯახება, ერთგვარი შეჯიბრი მხარეებს შორის და ყველა ისე იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს თუ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მეთოდებს, როგორც თავად მიაჩნია სწორად.
და ბოლოს, რა გვინდა, სოციალურ ქსელებსა და მედიით ვარჩიოთ მტყუან-მართალი და საზოგადოებრივმა აზრმა გამოიტანოს განაჩენები? თუ პირდაპირ ლინჩის წესით დავიწყოთ ხალხის გასამართლება? მაშინ არც ადვოკატი დაგვჭირდება, არც პროკურორი და არც სასამართლო და იქნებ დავისვენოთ კიდეც ყველამ ამდენი წელია, რომ ვწვალობთ სანდო მართლმსაჯულების ჩამოსაყალიბებლად ?!” _ ასე ეხმაურება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ბოლო დროს, ჯიშკარიანის ადვოკატზე, მარიტა კუბლაშვილზე საზოგადოების თავდასხმას. ინტერვიუებში და ფეისბუქგვერდით გავრცელებულ განცხადებებში კუბლაშვილი კლიენტის უდანაშაულობას უსვამს ხაზს და დაზარალებული გოგონას პროვოკატორობაზე საუბრობს.