საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს
მას ხანძრის უნებლიეთ გაჩენაში ედება ბრალი... ცეცხლმა 4000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა

საბერძნეთში კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრების უნებლიეთ გაჩენაში ეჭვმიტანილი ქართველი ქალი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ The Guardian-ი ავრცელებს.
.
ქართველ ქალს, სიგარეტის გადაგდების შედეგად, კუნძულზე ტყის ხანძრების ერთ-ერთი კერის შემთხვევით გაღვივებაში ედება ბრალი.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ქართველმა ქალმა, რომელიც ქიოსზე დამლაგებლად მუშაობს, სიგარეტის გადაგდების შედეგად ხანძრის გაჩენა „აღიარა“. ლეიტენანტმა კონსტანტინე კოზანისმა Guardian-ს განუცხადა, რომ ქალი სამშაბათს დააკავეს და მას ბრალს დღეს წაუყენებენ.
„ის ღამით პატიმრობაში იმყოფებოდა და ხვალ სასამართლოს წინაშე წარდგება“, – თქვა მან.
გამოცემა წერს, რომ ინციდენტი თვითმხილველებმაც დაინახეს. ცნობისთვის, კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრებს გასული კვირის შემდეგ 400-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ათობით სოფლის ევაკუაცია განახორციელა. ტყის ხანძრებმა კუნძულზე დაახლოებით 4000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.
ამბები.ჯი