პოლიტიკა

,,სააკაშვილს შეუძლია, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს მისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე”

 

“საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია უკრაინას ევროსასამართლოში უჩივლოს და კომპენსაცია მოითხოვოს”, _ ამის შესახებ “გურია ნიუსთან” საუბრისას „პოლიტიკის და სამართლის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს.

ადვოკატი ფაქტს „უპრეცედენტოს“ უწოდებს და ამბობს, რომ „მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა აღნიშნულ საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება“.

„უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს, თუ რას ეყრდნობოდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას. საერთაშორისო სტანდარტები განსაზღვრავს იმას, რომ არ შეიძლება, პირი მოქალაქეობის გარეშე იყოს. იმ მოცემულობაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა  აქვს, ბუნებრივია მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა აღნიშნულ საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება. მაგრამ რით ხელმძღვანელობდა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილებისას და რა სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობა უკრაინის პრეზიდენტი, მათვე უნდა გააკეთონ განმარტება“, _ აღნიშნავს გიგუაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით,  მიხეილ სააკაშვილს შეუძლია როგორც უკრაინის მოქალაქეს, უჩივლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკრაინის ხელისუფლებას და მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება.

„ ვინაიდან უკრაინა არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, იმ ტიპის გადაწყვეტილებებზე, რომელიც სცილდება ერთი ქვეყნის იურისდიქციას და ეხება საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ პრინციპებს, ამისთვის არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

ერთგვარი კაზუსური სიტუაციაა შექმნილი, უპრეცედენტო შემთხვევაა საერთაშორისო სამართალში. ამავე დროს მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, როგორც საქართველოში დაბადებულმა პირმა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს ექსკლუზიური წესით, მისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. ვინაიდან ის ამ ქვეყანაში დაბადებულია, მიუხედავად იმისა, რომ მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით. მას არ ერთმევა უფლება მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში ხელახლა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. სხვა საკითხია, რამდენად დააკმაყოფილებენ მის მოთხოვნას აღნიშნულთან დაკავშირებით“,_ აღნიშნავს გიგუაშვილი.

მისივე თქმით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი „წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ისევე, როგორც მისთვის მოქალაქეობის მინიჭება. ფაქტია, რომ მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური“, _ აღნიშნავს გიგუაშვილი და დასძენს, რომ ის პროცესი რაც მოხდა, გარკვეული ეჭვის საფუძველს აჩენს, უკავშირდება თუ არა ეს უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს“.

„მით უმეტეს იმასაც თუ შევხედავთ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის მიმართ უკრაინის სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდენი. სანაცვლოდ ჩერნოვეცკის ითხოვენ. ჩერნოვეცკი სააკაშვიოლის ნაცვლად? – არა მგონია, პირდაპირ ამგვარად შეიძლებოდეს საკითხის ფორმულირება. მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ეს პროცესი _ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი  და განვითარებული მოვლენები დაემთხვა ერთმანეთს. თუმცა შეთქმულების თეორიები ზოგადად არ ამართლებს ხოლმე“, _ აღნიშნა გიგუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საემიგრაციო სამსახურში ТСН-ს დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
უწყებაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „მოქალაქეობის“ შესახებ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. მასში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა ანკეტაში მცდარი მონაცემები მიუთითა.

იქვე აღნიშნეს, რომ საბუთებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობის მისაღებად შეავსო, მითითებული იყო, რომ არ იმყოფებოდა ძიებაში უკრაინაში ან მის საზღვრებს გარეთ, საქართველოს ტერიტორიაზე კი დაუსწრებლად ჰქონდა პატიმრობა შეფარდებული.

სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკაშირებით უწყებას რადიკალური პარტიის დეპუტატმა ანდრეი ლაზავოიმმიმართა. გამოცემის მიხედვით, ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პეტროპოროშენკო აპირებდა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო, როდესაც ოდესის ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრძანება, რომლითაც  უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, პრეზიდენტის საიტიდან გაქრა.

ბრძანება  ამ დრომდე უკრაინის პრეზიდენტის საიტზე იყო გამოქვეყნებული და მასში აღნიშნული გახლდათ, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება უკრაინის სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს.

“კონსტიტუციის 106 მუხლის 26 პუნქტისა და უკრაინის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: უკრაინის მოქალაქედ მიღებულ იქნეს მიხეილ სააკაშვილი, დაბადებული 1967 წელს, მცხოვრები ქალაქ კიევში” , _  აღნიშნული იყო დოკუმენტში.

ამ ბრძანების გამოცემიდან მალევე, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

წყარო: http://gurianews.com

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close