პოლიტიკა

რუსი დიპლომატების გაძევების მსურველი ქვეყნების რიცხვი იზრდება

26 მარტს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ბრიტანულ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის გამო, თავიანთი ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს აძევებენ. აშშ-ში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ თავის ნატოელ პარტნიორ დიდ ბრიტანეთს, რომლის ტერიტორიაზეც საომარი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს. რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც მისი დიპლომატები გააძევეს, საპასუხო ზომებს მიიღებს.

CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 136 რუს დიპლომატს აძევებენ 22 ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია:

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები

1. ამერიკის შეერთებული შტატები – 60
2. დიდი ბრიტანეთი – 23
3. უკრაინა – 13
4. კანადა – 4
5. ალბანეთი – 2
6. ნორვეგია – 1

ევროკავშირის წევრი ქვეყნები

7. გერმანია – 4
8. პოლონეთი – 4
9. საფრანგეთი – 4
10. ლიტვა – 3
11. ჩეხეთი – 3
12. დანია – 2
13. ნიდერლანდები – 2
14. ესპანეთი – 2
15. იტალია – 2
16. ლატვია – 1
17. ესტონეთი – 1
18. რუმინეთი – 1
19. ფინეთი – 1
20. ხორვატია – 1
21. შვედეთი – 1
22. უნგრეთი – 1

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს. პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.

უკვე ცნობილია ისიც, რომ  სხვა ქვეყნებთან ერთად რუს დიპლომატებს ავსტრალიაც გააძევებს. ამის შესახებ ABC News-ი იუწყება.

ავსტრალიის პრემიერის მალკოლმ ტერნბულის და საგარეო საქმეთა მინისტრის ჯული ბიშოპის განცხადებით, დიპლომატები, რომლებსაც გააძევებენ, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები არიან.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close