გამოჩნდა ფირი, რომელზეც გურამ შარაძის ნამდვილი მკვლელია აღბეჭდილი
რუსუდან შარაძე
(გაგრძელება)
რატომ არ არის და არც შეიძლება იყოს გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი?!
III ნაწილი : მკვლელობის მოწმეები და ე.წ. „ალდაგის“ ფირი
სააკაშვილის ხელისუფლების დროს, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ო ფ ი ც ი ა ლ უ რ ი ვერსია იყო ასეთი:
2007 წლის 20 მაისს, გიორგი ბარათელი ქუჩაში მოსეირნობდა. შემთხვევით, დაინახა ასევე ქუჩაში მომავალი გურამ შარაძე და გაახსენდა, რომ 2000 წელს, შვეიცარიაში, გიორგი შარაძემ აწყენინა. მელიქიშვილისა და შანიძის კუთხეში, კუთვნილი იარაღით, ბარათელმა მამაჩემი ზურგიდან, თავში დამიზნებითა და ერთი გასროლით, მოკლა და წაქცეულს, კიდევ ორი საკონტროლო ტყვიაც დაახალა. ოფიციალური ვერსიითვე, ამ ფაქტს, შემთხვევით, შეესწრნენ პატრულის თანამშრომლები – ლევან ბოჭორიშვილი და რობერტ პანიევი. საკონტროლო გასროლების შემდეგ, ბარათელმა აირბინა მთელი შანიძის ქუჩა, ხორავადან (ეს დაწყევლილი ხორავას ქუჩა!) გადავიდა პეტრიაშვილის ქუჩაზე და იქიდან – ჩიხში. მთელი ამ ხნის განმავლობაში, უკან პატრულები მოსდევდნენ. ბარათელი მათი მიმართულებით თან ისროდა, თან გარბოდა. პეტრიაშვილის ჩიხში, ის ორმხრივ სროლაში, მარჯვენა მხარში დაიჭრა. ამასობაში, მობილიზდა პოლიცია, მაგრამ დაჭრილი ბარათელი, მათ ჩიხიდანაც გაეპარა, ავარდა ბარნოვზე, ჩაჯდა სამარშრუტო ტაქსიში და აი, უკვე მრგვალ ბაღთან, გურამ შარაძის მკვლელს პოლიცია აკავებს. რახან დაჭრილია, მიჰყავთ წმინდა მიხეილის საავადმყოფოში. იქ გადაუხვევენ მხარს და გადაჰყავთ, არ მახსოვს რომელ შენობაში, სადაც ღამე, ისე, რომ არავინ იცის, იმართება სასამართლო. ბარათელი იყენებს დუმილის უფლებას (რომელიც მან, მხოლოდ, 2007 წლის ნოემბერში დაარღვია).
აქ ყურადღება მიაქციეთ ფაქტს, რომ შანიძისა და ხორავას ქუჩის კვეთასთან, პატრულის მანქანები ჩადგა და მოძრაობა გადაიკეტა მას შემდეგ, რაც ოფიციალური ვერსიით, ბარათელი, სულ ცოტა, ორმხრივ სროლაშია, ან იქიდანაც გაპარულია.
აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ გიორგი ბარათელმა, რახან მარჯვენა მხარში იყო დაჭრილი, დაკავებისას, ხელი არ მოაწერა არცერთ დოკუმენტს.
ბუნებაში არ არსებობს არცერთი ვიდეოკადრი, არც აუდიოჩანაწერი, ბარათელის მაშინდელი დაკითხვის, მითუმეტეს, აღიარების. აქ გავუსწრებ მოვლენებს და როდესაც მკვლელობის საქმეში ჩავიხედე, ვნახე რამდენიმე ფურცლიანი ე.წ. სტენოგრამა აუდიოჩანაწერის, სადაც, თითქოს, დაკავების დღეს, ბარათელის პოლიციელებთან გასაუბრება იყო ჩაწერილი. დღესაც, საქმეში დევს ეს ფურცლები და ზედ აწერია :
„აუდიოჩანაწერი წაიშალოს ხუთ დღეში“.
ბოდვა! მგონი, კომენტარიც ზედმეტია, რომ გურამ შარაძეს ყოველ დღე არ კლავენ და მისი მკვლელის ყველა სიტყვა სამუდამოდ უნდა შემოინახო, რადგან ხალხი მოგადგება, იცი!
ეს ოფიციალურად, ხოლო არაოფიციალურ ვერსიას, რომელსაც მეტნაკლებად, ახლაც ვიზიარებ და ბარათელმაც, შემდგომში, ასეთუისე, დაადასტურა, ქვემოთ გაგაცნობთ.
ამ დროს, რას ვშვრები მე?
მამაჩემის მკვლელობიდან მალე, ჩემთან გამოჩნდნენ თვითმხილველები, ზოგი თავისით, ზოგიერთს მე მივაკითხე, რადგან თბილისია და მქონდა ინფორმაცია, რომ მათ ნახეს გიორგი ბარათელისგან სრულიად განსხვავებული გარეგნობისა და ჩაცმულობის მკვლელი.
მე მეტიც გავიგე, მაგრამ ვინც მაშინ პირადად ვნახე, იყო ხუთი მოწმე და მათი მონათხრობი, „ასავალ-დასავალის“ 2007 წლის 15 ივლისის ნომერში, სიტყვა-სიტყვით დავბეჭდე (რასაკვირველია, ვინაობის დაკონკრეტების გარეშე. მეტი უსაფრთხოებისთვის, სქესი და ასაკიც შევუცვალე და ღმერთმა იცის, რომ ხელისუფლების ცვლილებამდე, არსად მითქვამს მათი გვარ-სახელი და არც შემიწუხებია). ერთმანეთისთვის უცნობი ხალხი მიყვებოდა, რომ ნახეს ბარათელისგან სრულიად განსხვავებული გარეგნობის მკვლელი. ახლაც ცუდად ვხდები, როდესაც კადრებივით თვალწინ დამირბის, როგორ მეუბნებოდნენ ეს ადამიანები, ცალ-ცალკე, ერთიდაიგივეს:
– ბარათელი რომ ვნახე ტელევიზიით, პირველი, რაც ვიფიქრე: ეს ის არ არის!
ამასობაში, პარალელურად, რა ხდება :
მაშინ, ოჯახის ადოკატები იყვნენ ნინო ნიშნიანიძე და ნუგზარ ბირკაია (მოგვიანებით, მე მათ დავშორდი, მაგრამ ვისარგებლებ შემთხვევით და გულწრფელ მადლობას გადავუხდი გაწეული სამსახურისთვის. ავად იყო თუ კარგად, ეს იყო უანგარო დახმარება). ვიცოდი, რომ მკვლელობა გადაღებული იყო სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ სათვალთვალო კამერების მიერ, მაგრამ გამოძიებასთან არ ვთანამშრომლობდი, რა უნდა მექნა?! არადა, სული მძვრებოდა ინტერესით. მოგეხსენებათ, საკუთარი თვალით ნანახს რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა ჩემთვის, რათა საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი ყველაფერში – გიორგი ბარათელს ხომ ძალიან კარგად ვიცნობ, გარეგნულად მაინც! მოკლედ, ვარ ამ ბრძოლებში და ერთ დღეს, ბატონმა ნუგზარმა მითხრა, წამო პოლიციაში, ერთი ვნახოთ, არ გაინტერესებს, რა არის გადაღებულიო? მძლია ცდუნებამ და მადლობელი ვარ ამისთვისაც ბატონი ნუგზარის.
„ალდაგის“ ფირს არაერთხელ დავუბრუნდები. აქ რომ შევყვე, ძალიან შორს წავალ. ვიტყვი, მხოლოდ, რომ პოლიციაში წავედი კი არა, 2 დღე იქიდან ვერ გამომიყვანეს, მართლა ! მეგობარიც კი წავიყვანე, გიორგი რეხვიაშვილი, ტექნიკის მცოდნე ადამიანი, რომელსაც ამ გაბედულ სიკეთეს არასდროს დავუვიწყებ.
ჩემს დასკვნას წყალი აღარ გასდიოდა – ფირზე ბარათელი არსად იყო აღბეჭდილი, იქ აშკარად, სხვა მკვლელი იყო, რომელსაც გრძელსახელოებიანი პიჯაკივით რაღაც აცვია, მაგრამ რაც აცვია, არის გრძელსახელოებიანი! მინიმუმ არის მამაჩემის სიმაღლე (1.80 სმ), მოხეული, ხოლო გიორგი ბარათელი, მაქსიმუმ, ჩემსიმაღლეა (1.65 სმ.), პატარა და გამხდარი.
და ყოვლად გაუგონარი : ჩემ მიერ, ზემოთ აღნიშნული მოწმეებიდან, ვინც უშუალოდ, ნახა საკონტროლო გასროლები, ან მერე, შანიძის ქუჩაზე მორბენალი მკვლელი, ყველა მიდასტურებდა რომ ამ მკვლელს ეცვა მოკლესახელოებიანი პერანგი!
ესეც თქვენი ორი მკვლელი!
უკვე „ასავალ-დასავალის“ შემდეგ ნომერში (2007 წლის 22 ივლისი) დავბეჭდე მეექვსე მოწმის მონათხრობი, რომელიც, ამასობაში, ვნახე და რაზეც ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს კი არა, უმნიშვნელოვანესია და ამაში ახლავე დარწმუნდებით:
მან მართლა ნახა გიორგი ბარათელი შანიძისა და ხორავას ქუჩების კვეთაზე, მაღაზია ,,ბიგ-ბენთან“ ოღონდ, სხვა დროს და სხვა მდგომარეობაში! მოწმემ, მაშინ, საკუთარი ხელით დამიხაზა კიდეც ეს ყველაფერი – ქუჩები, სად იყო ბართელი, სად იდგნენ პატრულის მანქანები, სად იმყოფებოდა თვითონ (ეს ნახაზი შევინახე და ახლა პროკურატურაში დევს. აქვე ვიტყვი, რომ შარშანწინ, ამ ბიჭმა ჩვენება მისცა გამოძიებას. სულ მზად იყო ამისთვის, სააკაშვილის დროსაც, მაგრამ როცა ჩავთვალე უსაფრთხოდ, მაშინ ვითხოვე. უზომოდ მადლობელი ვარ ამ კარგი ბიჭის, რომელსაც მთელი თბილისი იცნობს.
რას შვრებოდა ბარათელი? მოწმის თქმით, ის შანიძის ქუჩას კვეთდა აუჩქარებლად და ხორავას ქუჩით, მიემართებოდა პეტრიაშვილისკენ. „დამფრთხალი“ ჩანდა, მაგრამ არ გარბოდა. უცნაური ის იყო, რომ ტანზე იხდიდა ,,კლეჩატ“ პერანგს, რომლის შიგნით, ეცვა მაისური.
მოწმეს, რომელსაც ტელევიზიიდან იცნობდა, ბარათელი მიესალმა კიდეც (არ დაგავიწყდეთ, რომ ოფიციალური ვერსიით, ამ დროს, მთელი მილიცია-პოლიცია ბარათელს მისდევს სროლა-სროლით). ამ მოწმემ გზა განაგრძო შანიძეზე, ქვემოთ და მელიქიშვილზე რომ ჩავიდა, იქ, მეგობრებისგან, ტელევიზიის თამანშრომლებისგან გაიგო, რომ გიორგი ბარათელმა მოკლა გურამ შარაძე.
მგონი, აქაც ზედმეტია კომენტარი.
როგორ გამოიყურებოდნენ გურამ შარაძის მკვლელები სინამდვილეში? ,,ალდაგის“ ფირზე აღბეჭდილ მკვლელს, საკუთარი თვალით ნახავთ პირველსავე კომენტარში, ,,ალდაგის“ ერთ-ერთი ვიდეოთვალით გადაღებულ მასალაში, ხოლო მოწმეთა დახასიათებით, საკონტროლო გასროლა ვინც მოახდინა და შანიძეზე ავარდა, იმ მკვლელს ეცვა მოკლესახელოებიანი, მუქი პერანგი, იყო „ავაზასავით მოქნილი“, „ლომივით ტიპი“, ნავარჯიშევი, პირგაპარსული, თავზე თმით და ა.შ…
ამ პოსტის ქვემოთ, ბარათელის დაკავებისდროინდელ ფოტოებს რომ შეხედავთ დარწმუნდებით, რომ მას, იმ მომენტში, თმა გადაპარსული ჰქონდა, ეცვა უზარმაზარი, აშკარად, სხვისი, გრძელსახელოებიანი პერანგი და რაც მთავარია, ტანად, არის ძალიან პატარა… ამასთან, სისხლის ლაქები რატომ აქვს მარცხენა მხარზე და მარჯვენა ხელი რატომ აქვს ჩამოკიდებული? ვისი პერანგი აცვია, ვინ და რატომ ჩააცვა?
(აქაც გავუსწრებ მოვლნებს და ერთ-ერთ სასამართლოზე, რომელიც 2007 წლის სეტემბერში თუ ოქტომბერში გაიმართა, პატრულის ცრუ მოწმე თანამშრომელ ლევან ბოჭორიშვილს, სიტყვას რომ ამბობდა, ჩავეჭერი და მოულოდნელობის ეფექტით ვკითხე, რა ეცვა ბარათელს დაკავებისას-მეთქი და არც დაფიქრებულა : „კლეჩატი საროჩკა!“-ო, მომიგო.)
მაშასადამე, „ალდაგის“ ფირზე, საქმის მასალებზე და მოწმეთა მონათხრობზე დაყდრნობით, ჩემი ვერსია, რომელსაც ახლაც, მეტ-ნაკლებად ვიზიარებ და რომელიც, შემდგომში, თავის მხრივ, გიორგი ბარათელმაც, ასეთუისე, დაადასტურა, იყო ასეთი (ახლაც მეფანტასტიკება, მაგრამ ფაქტებს და მტკიცებულებებს რა ვუყო? თან არ მგონია, რომ ოფიციალურ ვერსიაზე ფანტასტიკურად ჟღერდეს):
გურამ შარაძეს უკან მოყვებოდა გრძელსახელოებიან პერანგში თუ პიჯაკში ჩაცმული მკვლელი, რომელმაც პირველივე, სასიკვდილო გასროლით მოკლა მამაჩემი და ეს აღბეჭდეს ,,ალდაგის“ კამერებმა, ხოლო ადგილზე, ელოდებოდა სხვა მკვლელი, რომელმაც მოახდინა საკონტროლო გასროლები და ავარდა შანიძეზე, რაც ფირზე უკვე აღარ ჩანს.
ამ „მოკლესახელოებიან“ მკვლელს, საკონტროლო გასროლებიდან მოყოლებული, პეტრიაშვილის ჩიხამდე, ვიდრე თვალს არ მოეფარა, შორიახლოს, უწყვეტად სდია ერთ-ერთმა მოწმემ (როგორც გითხარით, დაბეჭდილია 15.07.07.), რომელსაც ოქროს მოწმე დავარქვათ (პირველი ტყვია საიდან წამოვიდა, არ იცის, რადგან მოემართებოდა შანიძეზე, ზემოდან ქვემოთ და არკიდან ჯერ კიდევ არ იყო გასული ). მერე აღარ იცის… მე ამ ბიჭს ბავშვობიდან ვიცნობ.
პეტრიაშვილის ჩიხს კი ჰქვია ჩიხი, მაგრამ იქიდან, პატარა კიბეებით, კეკელიძის ქუჩაზე ჩადიხარ. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ, ამ კიბეებით გავიდა ,,მოკლესახელოებიანი“ მკვლელი სამშვიდობოს და მხოლოდ, ამის შემდეგ გამოიყვანეს „სცენაზე“ გიორგი ბარათელი და უბრძანეს, მონაწილეობა მიეღო დაკავების ინსცენირებაში. ის მართლაც გაიქცა (ან ხელი არ შეუშალეს, რომ ყველაფერი უფრო ბუნებრივი გამოსულიყო), მაგრამ ჯერ დაჭრეს, მერე დაიჭირეს.
სად წავიდა მეორე მკვლელი, არ ვიცი. პრესაში იბეჭდებოდა, რომ ,,მკვლელები მანქანით მოძრაობდნენ“, მაგრამ პირადად ჩემთვის, ეს არავის უთქვამს (თუმცა, საეჭვო მანქანაზე, რომელიც ფირზეა აღბეჭდილი, ცალკე გიამბობთ).
აქვე ვიტყვი, რომ დღეს, ამ ხუთი მოწმიდან, სამს ჩვენებები ოფიციალურად აქვთ მიცემული გამოძიებისთვის.
საერთოდ, მოწმეთა თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, თუნდაც, იმიტომ, რომ ზემოაღნიშნულმა ოქროს მოწმემ, რომელსაც დღესაც მეგობრად ვთვლი და აქაც არის, შარშანწინ, მთელი ამდენი ხნის ჩვენი ლაპარაკების და ყელში მობჯენილი ბურთების შემდეგ, უცბად, გამომიცხადა, რომ მას ჩემთვის არასდროს არაფერი უთქვამს.
თან ეს იყო ეკლესის კარების წინ, სასაფლაოზე…
არიან კიდევ სხვა მოწმეებიც, რომლებზეც თან ვბარზდები, თან ვცდილობ, გავუგო, მაგრამ… ნუ იტყუებით, რომ არაფერი გახსოვთ, არაფერი იცით! მითხარით, რომ არ შეგიძლიათ და მორჩება!
თუ რატომ მოხდა მკვლელობა, მაინცდამაინც, იმ ადგილას, ამას „ალდაგის“ ფირთან ერთად, კიდევ დავუბრუნდები.
(გაგრძელება იქნება)