,,დღეს, ამ ბრწყინვალე აღდგომის დღე სასწაულზე, იოსებ ნონეშვილი 100 წლის გახდებოდა!
ისეთი თბილი და საამურია იოსების და მედიკოს სიყვარულით გაჟღენთილ კედლებში ცხოვრება. ისეთი ტკბილი და საამაყოა თქვენს ნაკვალებზე სიარული, ისე უმჩატებთ თქვენს მონაგარს სიცოცხლეს თქვენი განვლილი, გაჩირაღდნებული გზით, რომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის!
შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს იოსებ ნონეშვილის არქივიდან!
ძვირფასო მედეა!
მე ნინო კვარაცხელიას დედა ვარ, 1964 წელს საფრანგეთიდან წამალი რომ ჩამოუტანეთ. ბატონი იოსები ყოველთვის გვილოცავდა ნინოობას, რომ შეიძლებოდეს, ჩემს სიცოცხლეს მას გადავცემდი. მე პირველ საათამდე ვიყავი დიდუბეში, იოსების წმინდა საფლავთან, ხვალაც მოვალ!
ჩემო იოსებ!
თვითონ რომ არ გეთქვა, თუ რამე დაგჭირდება, შემატყობინეო, არ შეგაწუხებდი. სხვების ყურადღებით არც ისე ვარ გათამამებული. ეს წამალი ჩემთვის აუცილებელია, განკარგულება შეიძლება გასცეს მინისტრმა ან მოადგილემ. ძმურად გთხოვ, დამეხმარე!
ბატონო იოსებ!
ბოდიში თქვენთან, კიდევ რომ გაწუხებთ. თქვენ იცით გაჭირვებაში ამხანაგური დახმარება. მამიდა გარდამეცვალა. სოხუმში სასწრაფოდ უნდა წავიდე. გთხოვთ, კიდევ მომცეთ გზის ფული, შემდეგ ერთად დაგიბრუნებთ!
1970 წელი.
ასეთი უამრავი წერილია იოსებ ნონეშვილის არქივში. მეტს თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ იმას გეტყვით , რომ როდესაც იოსებ ნონეშვილი გარდაიცვალა, მას ჯიბეში ერთი 10 მანეთიანი ედო, გულში კი მთელი საქართველოს სიყვარული!
2008 წლის 19 აპრილს მედეა პირველად ვერ წავიდა პანთეონში იოსების დაბადების დღის მისალოცად , სწორედ იმ დღეს შეუერთდა საყვარელ მეუღლეს ზეციურ სასუფეველში!” _ წერს თამრიკო ნონეშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
კომენტარები