საზოგადოება

როგორ იწვევს სოციალური ქსელები დეპრესიას?

მეცნიერების აზრით, სოციალური ქსელებით დეპრესიის გამოწვევის მიზეზი, შესაძლოა დანარჩენი მომხმარებლების მიერ საკუთარი თავის “ზედმეტად იდეალიზებულ წარმოჩენას” უკავშირდებოდეს. ეს სხვების მეტი წარმატების, მეტი ბედნიერების არასწორ ილუზიას ქმნის, რასაც მგრძნობიარე ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენა აქვს – ნათქვამია პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კვლევაში.

ამ ფსიქოლოგიურ ფენომენს რამდენიმე წლის წინ, ჰიუსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სახელიც კი შეარქვეს: “სოციალური შედარება” (social comparison). მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ადამიანი საკუთარ სოციალურ და პერსონალურ თვითშეფასებას სხვებთან შედარებით, სხვების ფონზე აყალიბებს. ის საკუთარი ფასეულობებიდან გამომდინარე, მუდმივად აფასებს და ადარებს საკუთარ და სხვების მომხიბვლელობას, წარმატებას, ინტელექტს, სიმდიდრეს და ასე შემდეგ. სოციალური ქსელები მომხმარებლების ერთი ნაწილისთვის სხვისთვის შესახარბებელ პლატფორმად იქცა: როგორ გამოიყურებიან, რა აცვიათ, რას მიირთმევენ, სად მოგზაურობენ, რას კითხულობენ, რას უყურებენ, უსმენენ, ვისთან მეგობრობენ…

ამას გარდა, სოციალურ მედიაში აქტივობა ონლაინ-ძალადობის, კიბერ-ბულინგის შანსს ზრდის, რაც ხელს უწყობს დეპრესიის გაჩენას, ან მის გაღრმავებას. სოციალური მედია კიდევ უფრო აძლიერებს ინტერნეტზე დამოკიდებულებას, რომელიც თავისთავად უკვე დეპრესიასთან დაკავშირებულ ფსიქიატრიულ პრობლემად ითვლება – ნათქვამია პიტსბურგის უნივერსიტეტის იმავე კვლევაში. აღნიშნული ნაშრომი ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა დააფინანსა.

დავუბრუნდეთ მოზარდებს. ზოგიერთ მშობელს უჭირს იმის აღქმა, თუ რამხელა წნეხია სოციალური მედია მისი თინეიჯერი შვილისთვის. ბუნებრივია, რომ მოზარდი ზოგჯერ არასწორ არჩევანს აკეთებს და შემდეგ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ვითარდება – ამბობს ტელეკომპანია “ეი-ბი-სისთან” ინტერვიუში ექიმი ლოგან ლევკოვი. მაგრამ, “სოციალურ მედიის შემთხვევაში, ახალგაზრდა ადამიანისთვის გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფალი აღარ ხარ, ამ შეცდომებით გაფასებენ”, თან არა ვიწრო წრე, არამედ უამრავი თვალი გიყურებს, გასამართლებს, რაც ახალგაზრდებში ზედმეტ შფოთვას და სტრესს იწვევს.

მაია ქვარცხავა

წყარო: amerikiskhma.com

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close