საზოგადოება

როგორ და რა მიზნით აღმოჩნდა ჩატაევი თბილისში? 

4-დღიანი დუმილის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 21-22 ნოემბერს ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევის არსებობა ირიბად დაადასტურა. როგორც სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, არსებობს მსგავსი ეჭვი, ხოლო ზუსტი ინფორმაცია დნმ-ის ანალიზის პასუხის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი. ჯგუფის წევრებს შორის ჩატაევის თითქმის დადასტურებულმა არსებობამ, მისი პერსონიდან გამომდინარე, სპეცოპერაციის კონტექსტი შეცვალა http://accent.com.ge/ge/news/details/18058 :  საქართველო “ისლამურ სახელმწიფოს” ახლო დისტანციაზე პირველად შეეჩეხა და სხვა მრავალთან ერთად, გაჩნდა ალბათ, უმთავრესი კითხვა: მოექცა თუ არა ჩვენი ქვეყანა “დაეშის” ობიექტივში, ხოლო თუ მოექცა, როგორ – როგორც სამიზნე, თუ როგორც სატრანზიტო ტერიტორია? ამ კითხვებზე პასუხები ჯერ არ გვაქვს. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარ განცხადებაში მხოლოდ საერთაშორისო ტერორიზმზე მიუთითა. ანალოგიური ინფორმაცია გააჟღერა გომელაურმაც და საზოგადოება დაამშვიდა, რომ ძიების პროცესში ამერიკული მხარე ჩაერთო. დამატებითი ოფიციალური ინფორმაცია კვლავ არ არსებობს, შესაბამისად, გრძელდება მსჯელობა საკუთარი წყაროების ინფორმაციისა და ვერსიების დონეზეhttp://accent.com.ge/ge/news/details/43179.    

სანამ უშუალოდ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან “ისლამური სახელმწიფოს” შესაძლო კავშირზე ვისაუბრებდეთ, მოკლედ გავახსენებთ მკითხველს ახმედ ჩატაევის, მეტსახელად “ცალხელა ახმედას” პერსონას:  


იგი რუსეთის მოქალაქეა. მონაწილეობდა რუსეთ–ჩეჩნეთის მეორე ომში, გახლდათ ერთ–ერთი საველე მეთაური. ჩავარდა რუსების ტყვეობაში. იმავე პერიოდში ჩატაევმა ხელი დაკარგა.  როგორც თავად ამბობდა, მან ტყვეობას თავი გაქცევით დააღწია, თუმცა ბევრს მის ამ მტკიცებაში ეჭვი შეაქვს. ასეა თუ ისე, ჩატაევი ავსტრიაში აღმოჩნდა და იქ ლტოლვილის სტატუსიც მიიღო. რუსეთის გარდა, “ცალხელა ახმედა” სხვადასხვა დროს შვედეთში (2008), უკრაინაში (2010), ბულგარეთ-თურქეთის საზღვარზე (2011) და საქართველოში (2012) იყო დაკავებული, თუმცა ყოველ ჯერზე პატიმრობას თავს აღწევდა.       

უშუალოდ ქართული საზოგადოება მას 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული გახმაურებული სპეცოპერაციიდან იცნობს. მაშინ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ახმედ ჩატაევი სპეცოპერაციის დაწყებამდე შეიარაღებულ პირებთან მომლაპარაკებლის როლს ასრულებდა. ამავე ასპეცოპერაციის დროს ის ფეხში დაიჭრა, ქვედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა და თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. გამოძიება ჩატაევს იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა–ტარებას ედავებოდა, თუმცა იმავე წელს საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის ჯერ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, შემდეგ კი პროკურატურამ ბრალდება საერთოდ მოუხსნა და ჩატაევს ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა მიეცა.

თუმცა ჩატაევთან მიმართებაში კითხვები იმთავითვე გაჩნდა. 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს და ერთ-ერთში სწორედ ის სახელდება ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად. კერძოდ, ამ ვერსიის თანახმად, შეიარაღებული ჯგუფი საქართველოდან დაღესტანში აპირებდა გადასვლას, თუმცა ამ გეგმის განხორციელებას ჯგუფის შემადგენლობაში მყოფი გამცემის მიერ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდებამ შეუშალა ხელი. ამასთან, ჯგუფი სწორედ ახმედ ჩატაევის მიერ იყო დაკომპლექტებული. თუმცა იმაზე, იყო თუ არა ინფორმირებული ჩატაევი გამცემთა შესახებ, ამ ვერსიის ავტორები არ საუბრობენ. ამავე ვერსიით, ჯგუფის წევრთა უმეტესობა ქვეყანაში ლეგალური გზით შემოვიდა, მხოლოდ ორიოდემ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მალულად. ჯგუფის გადაადგილების შესახებ ძალოვანმა უწყებებმა მხოლოდ 5 ლაფანყურელის დაკარგვისა და მათი ძიების პროცესში შეიტყვეს. შემდეგ მათთან მოლაპარაკებები გაიმართა და ერთ-ერთ მომლაპარაკებლად, სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, ახმედ ჩატაევი შეირჩა. ჯგუფმა იარაღის დაყრაზე უარი განაცხადა. ჩატაევი შეიარაღებულ ჯგუფთან დარჩა, სპეცოპერაციის მსვლელობისას დაიჭრა და საბოლოოდ ქართველი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა. 

ცნობისთვის: ის, რომ ჯგუფის ლიდერი სწორედ ჩატაევი იყო, ვინმე მანსურ შუდინოვმა დაადასტურა საკუთარ ვიდეომიმართვაში. იგი ირწმუნება, რომ საქართველოში 2012 წელს გამაგრებული შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო.

2015 წელს აშშ-მა ჩატაევი ყველაზე საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა.

2016 წელს ჩატაევის გვარმა სტამბოლის ტერაქტთან კავშირის კონტექსტშიც გაიჟღერა, წელს კი, 21-22 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით – კვლავ საქართველოში. 

ამასთან, არსებობს ინფორმაცია, რომ სწორედ ჩატაევმა უზრუნველყო იმ პირის „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, რომელიც შემდეგ საქართველოში რადიკალი ისლამისტების წარმომადგენლად დაინიშნა. 2015 წელს ქართველმა სამართალდამცველებმა ადგილობრივი ქისტი – აიუპ ბორჩაშვილი დააკავეს. როგორც განიმარტა, ის საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი იყო. http://accent.com.ge/ge/news/details/73 ბორჩაშვილის პროცესზე პროკურორმა მოსამართლეს ამცნო, რომ ჩატაევი ბორჩაშვილის დაკავების გამო ქართულ მხარეს მუქარებს უთვლიდაhttp://accent.com.ge/ge/news/details/881.

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტ გიორგი გობრონიძეს კითხვა აქვს: როგორ ან რა მიზნით აღმოჩნდა ჩატაევი თბილისში? 


“მოვისმინე მისი ყოფილი ადვოკატის განცხადება, რომ თუ ჩატაევის წინააღმდეგ დევნა არ მიმდინარეობდა, შესაძლებელი იყო, საქართველოში შემოეშვათ.  ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო ტერორისტების სიები არსებობს და ეს სიები ყველა პარტნიორი ქვეყნის სპეცსამსახურს აქვს. აქედან გამომდინარე, უნდა დაისვას კითხვა: რა გზებით შემოვდა მოცემული პირი საქართველოს ტერიტორიაზე, იყო თუ არა ეს ლეგალური არხებით და თუ იყო, რატომ არ მოხდა ამ ადამიანის გადამოწმება შესაბამის სიებში? ჩატაევი, ერთის მხრივ, ამერიკის მიერ “შავ სიაშია” შეყვანილი, მეორეს მხრივ, მას თურქეთის სპეცსამსახურები ეძებდნენ, როგორც სტამბოლის 2016 წლის ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორს. ორივე ამ ქვეყანასთან გვაქვს იმ რანგის თანამშრომლობა, რომ მსგავსი ინფორმაცია მოგვეწოდოს. შესაბამისად, ვიმეორებ, თუ ეს ადამიანი ლეგალურად შემოვიდა, რატომ ვერ ან არ მოახდინა ქართულმა შესაბამისმა სამსახურმა გადამოწმება სიისა და მისი თუნდაც საზღვარზევე დაკავება?” – ამბობს გობრონიძე.

არანაკლები რაოდენობის კითხვათა ჩამონათვალი ჩნდება, მისი თქმით, ქვეყანაში ჩატაევის არალეგალური გზით შემოღწევის შემთხვევაშიც:   

“სად გვაქვს პრობლემები იგივე საზღვრის დაცვასა და კონტროლთან დაკავშირებით და ზოგადად, ამ ტიპის ადამიანები როგორ ახერხებენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას? ამის მიღმა უკვე სხვა რამ არის მთავარი: საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა კარგად მომზადებული და შეიარაღებული ჯგუფი ტერორისტებისა, რომლებმაც სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. მე არ ვამახვილებ ყურადღებას ოპერაციის ხანგრძლივობაზე, ჩვენ რეალურად აღმოვჩნდით იმ საფრთხეების წინაშე, რაზეც აქამდე ნაკლებად იყო საუბარი. აქამდე საუბრობდნენ, თითქოს საქართველო დაცული იყო, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ჯგუფების გარკვეული ინტერესები. აქ მნიშვნელოვანია, ვისაუბროთიმაზე, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციას ეკუთვნოდნენ ეს ადამიანები. ჩვენ ესეც არ ვიცით! თუ ჩატაევის თემას მივყვებით, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის “ისლამური სახელმწიფო”, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ იქ სხვა ორგანიზაციის წევრებიც იყვნენ. შეიძლება, ეს იყოს ერთობლივი ღონისძიებაც. არსებობს მსგავსი პრაქტიკა. “ისლამური სახელმწიფოს” უჯრედი საქართველოში არსებობდა. აიუპ ბორჩაშვილი “ისლამურ სახელმწიფოსთან” თანამშრომლობისთვის დააკავეს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ბორჩაშვილის დაკავებით ან ჩატაევის ლიკვიდაციით საქართველოში საფრთხე ნეიტრალდება, არასწორია”.

გობრონიძის აზრით, საქართველო ახალი ტიპის გამოწვევების წინაშე დგება და საფრთხე აღარ დაიკლებს: 

“ტეროტისტული ორგანიზაციების საქმიანობა ძალიან წააგავს მითიურ ჰიდრას, მით უფრო, რომ საქართველო მოქცეულია ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ოფიციალური ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ფედერაციის 4500 მოქალაქე იმყოფება, არაოფიციალურით კი, გაცილებით მეტი შეიძლება, იყოს. “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხების პარალელურად ამ ადამიანებს შეიძლება, გაუჩნდეთ სურვილი, დაბრუნდნენ სამშობლოში და A – იქ გააგრძელონ ტერორისტული საქმიანობა, B – უბრალოდ დაუბრუნდნენ სახლებს. მსგავს სიტუაციაში შეიძლება, იყოს მცდელობა, საქართველოს ტერიტორია გამოიყენონ ტრანზიტულ ზონად. ამის გამორიცხვა არ შეიძლება და აქ ძალიან ფრთხილი მუშაობა მოგვიწევს, რადგან ბევრი ადამიანი არ არის იდენტიფიცირებული, რუსეთის ფედერაცია, ნაცვლად კონსტრუქციული თანამშრომლობისა, ცდილობს, ჩვენ დაგვადანაშაულოს, თითქოს ტერორიზმის საფრთხე საქართველოდან მოდის… არადა, თითოეული ფაქტი, როდესაც ტერორიზმის საფრთხის წინაშე დავდექით, აჩვენებს იმას, რომ ამ რისკის ერთგვარი წყაროები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ჩვენ ვართ რეალობაში, რომელშიც მოგვიწევს, საკუთარი ძალებით გავუმკლავდეთ თუნდაც პოტენციური ტრანზიტის საფრთხეებს, ეს კი საქართველოს თვისობრივად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს და გვჭირდება ერთიანი, კომპლექსური ანტიტერორისტული პოლიტიკის შემუშავება. მსგავსი ტიპის ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის გამოცდილება ჩვენ არ გვქონია, რადგან საკითხი ძალიან აქტუალური 2014 წლიდან გახდა. საფრთხე აღარ შემცირდება – “ისლამური სახელმწიფო” დამარცხების შემდეგაც გააგრძელებს მოქმედებას, ის უბრალოდ იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს და განიცდის “ალქაედიზაციას”. და აქ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა, უპირველესად, არ გავხდეთ ტერორისტული აქტორებისთვის ერთგვარი ოაზისი, სამიზნე ან სპეკულაციის საგანი არაკეთილგანწყობილი ქვეყნების მხრიდან“. 

გობრონიძის თქმით, თავად კითხვა, რა სახის საფრთხე აიცილა ქვეყანამ, პასუხგაუცემელია:  

“ჩატაევი იყო საგარეო ოპერაციათა ხემძღვანელი. საქართველოს ტერიტორიაზე საგარეო ოპერაციათა ხელმძღვანელის გამოჩენა რას ნიშნავს? თუ საქართველოში ჩამოდის იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა ტერორისტული აქტი, საინტერესოა, მოვისმინოთ უსაფრთხოების სამსახურის ვერსია, კონკრეტულად რასთან გვქონდა საქმე. როგორც წესი, ხელმძღვანელი პირი უშუალოდ არ მონაწილეობს ადგილზე ტერორისტული აქტის ტაქტიკურ დაგეგმვაში. “გამოზამთრების” ვერსია ნაკლებად რეალური მგონია. მნიშვნელოვანია, ხომ არ იგეგმებოდა საქართველოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტი, ან აქ ხომ არ იგეგმებოდა, ან ხომ არ იგეგმებოდა საქართველოს მოქალაქეების ახალი რეკრუტირების ტალღის დაწყება იგივე ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული სამიანობის მიზნით? დღეის მდგომარეობით, “ისლამური სახელმწიფო” კარგავს პოზიციებს, გართულებულია რეკრუტირება, არადა სჭირდებოდათ. საქართველოში რეკრუტირების მანქანამ ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ სერიოზული დარტყმა მიიღო”.

რაც შეეხება იარაღს, მისი აზრით, შეიძლებოდა, ეს სახელმწიფოს გამიზნულად დაეშვა იმის გასარკვევად, რა იყო მოტივი; საიდან ხდება იარაღის შემოტანა; თუ ადგილზე იყიდეს, ვინ ყიდის და ა.შ.:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რა გაიგო უსაფრთხოების სამსახურმა დაკვირვების შედეგად და ღირდა სამი კვირა მოცდა იმად, რაც გავიგეთ? აქ ყველაზე ფასეული არის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფომ ამ ოპერაციის შედეგად უნდა ამოიღოს”. 

გობრონიძე ოპერაციის ყველაზე სუსტ ნაწილად სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციას ასახელებს:

“სწორედ ამ კომუნიკაციის ნაკლებობამ გააჩინა ძალიან ბევრი ვარაუდი, რომელმაც, ერთის მხრივ, დააზიანა თუნდაც პანკისის ხეობა. იყო საუბარი, თითქოს პანკისის ხეობიდან იყვნენ ეს ადამიანები, რაც არ აღმოჩნდა სიმართლე, მაგრამ კიდევ ერთხელ მოხდა იქ მცხოვრები ადამიანების სტიგმატიზაცია. ინფორმაციის ნაკლებობა იგივე ჟურნალისტებში წარმოშობს იმის სურვილს, რომ გაარკვიონ მეტი. მსგავს სიტუაციაში სახელმწიფომ, სულ მცირე, საათში ერთხელ უნდა გამართოს ბრიფინგი და საზოგადოებას ის მაინც უთხრას, რომ სიტუაციას აკონტროლებს”.

დიანა მუსელიანი

წყარო: ახალი ამბების სააგენტო “აქცენტი”  

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close