საინტერესო

,,როგორც ჩვენი ახლობელი ექთანი იტყოდა, ვერა ხარ კარგად”

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

_ ხანდახან ჩვენით ვერ ვხვდებით, როგორ გამოვიფიტეთ და სხვა ადამიანი გვჭირდება, რომ აღვიქვათ, რა დაგვმართია. შაბათს ჟურნალისტი მყავდა სტუმრად. ზოგადი კითხვა-პასუხის შემდეგ, სცადა პირადი კითხვების დასმა. მკითხა დედაზე და ვერ ვუპასუხე. მკითხა თინაზე და ვერ ვუპასუხე და მივხვდი, რომ არ შემეძლო ლაპარაკი მათზე, ვინც სევდას ან სიხარულს მგვრის, რაც ნიშნავს იმას, რომ არ შემეძლო მელაპარაკა სიყვარულზე. სხვა ყველაფერზე ლაპარაკი , რასაც ემოციური დანახარჯი ნაკლებად მოჰყვება, შეზღუდულ დროში, სამუშაო გარემოშიც, ადვილია, რადგან სიტყვების, ფრაზების უმეტესი წილი დიდი ხანია ქვეცნობიერ დონეზე გვაქვს გამჯდარი, როგორც მისალმებისას კითხვა “როგორ ხარ”. კარის გამოღებაც არ გჭირდება, მაცივარზე მიკრული მაგნიტის აქსესუარებივითაა, ავტომატურია, თითქმის ისევე, როგორც სიარული, სუნთქვა, გულისცემა. ჩვენ ზეპირად ვიცით ლაპარაკი და ამიტომ ვლაპარაკობთ ასე სწრაფად. მხოლოდ მაშინ, როცა საკმარისი დრო გაქვს პაუზის, სიჩუმის დროს იბადება გრძნობაც და გრძნობების გამოხატვის ახალი ფორმებიც. რატომ მოგიყევით ეს ამბავი და იმიტომ, რომ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, – როცა არ შეგიძლია გადახვიდე სევდის ნაკადიდან სიცილზე და მერე ისევ მოიწყინო, ილაპარაკო სიყვარულზე, – როგორც ჩვენი აწ უკვე ყველას ახლობელი ექთანი იტყოდა, ვერა ხარ კარგად. და თუ მეორე დღესაც არ შეგიძლია, არც მესამე დღეს და არც დროში შეზღუდულობას შეგიძლია დააბრალო ეს გაუგებრობა, დროებით უნდა გაწყვიტო ურთიერთობა სხვებთან და აღადგინო კონტაქტი საკუთარ თავთან. შენი ემოციური ჯანმრთელობა პირდაპირპროპორციულია იმის, ბოლოს როდის ილაპარაკე სიყვარულზე.

Related Articles

Back to top button
Close