რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის პროცესში ველით ყველას თანადგომას და არა საკითხის პოლიტიზირებას საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციამ ქართული ადვოკატურისთვის ისტორიული მნიშვნელობის კომისია შექმნა. აღნიშნული კომისია წარმოადგენს ეფექტიან მექანიზმს, რომელიც დაეხმარება 2005-12 წლებში რეპრესირებულ ადვოკატებსა და ასევე, პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებულ პირებს ამტკიცონ თავიანთი უდანაშაულობა და მათ მიმართ ჩადენილ უსამართლობას მიეცეს შესაბამისი მორალური, სამართლებრივი და ღირებულებითი შეფასება. დროებით კომისიას მატერიალური მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოუცხადა. სწორედ აღნიშნულზე მოეწერა დღეს ხელი შესაბამის მემორანდუმს.
„მინდა ყველამ გააცნობიეროს, რომ კომისიის საქმიანობა შეეხება 165 რეპრესირებული ადვოკატის პროფესიული და პიროვნული ღირსების აღდგენას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში ყველა ინსტიტუცია, თუ დაინტერესებული მხარე გამოხატავს თანადგომას ამ პროექტის მიმართ და აღნიშნული კომისიის შექმნის ინიციატივა და საქმიანობა არ გახდება რაიმე სახის მიკერძოებული პოლიტიკური ინტერპრეტაციის საგანი“ – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა.