ჯანდაცვა

რატომ გახდა ფასიანი ონკოპაციენტის ექიმთან ვიზიტი? _ ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი euronews.ge -ს

ერთ-ერთი რეგიონის ონკოლოგის თქმით, გასული წლის მარტიდან ექიმთან ონკოპაციენტის ვიზიტი, ასევე ექიმის ვიზიტი სახლში და გამოკვლევები ფასიანი გახდა. ამ ინფორმაციას ჟურნალი ,,სარკე” ავრცელებს.

– ბევრ ონკოლოგიურ პაციენტს ვერ ვიღებთ, რადგან ფულს ვერ იხდიან. ზოგჯერ მთავარი ექიმი მეუბნება, არა უშავს, დავარღვიოთ კანონი და მივიღოთ, ცოდოაო, მაგრამ “ზემოთ” რომ გაიგონ ეს ამბავი, მერე საავადმყოფოს დააჯარიმებენ. თანაც მერე ყველა მოითხოვს უფასოდ მომსახურებას, რისი უფლებაც არ გვაქვს.

სხვადასხვა საავადმყოფოში სხვადასხვა ფასია ექიმთან ვიზიტი, ზოგან – 90 ლარი, ზოგან – 100 ლარი, ზოგან – 35 ლარი. ბრძანების მიხედვით, ვიზიტის დროს ფული უნდა გადავახდევინოთ და მერე საავადმყოფო თავად განსაზღვრავს ფასს.

— რა მიზეზით გახადეს ფასიანი?

– ამას ჩვენ ვინ გვეტყვის? ექიმებისთვისაც არ არის სასიამოვნო ეს ფაქტი. გაჭირვებული ადამიანები ჩვენთან მოდიან და არ შეგვიძლია დავეხმაროთ, რადგან ფულის გადახდის საშუალება არ აქვთ.

   რატომ გახდა ფასიანი ონკოპაციენტის ექიმთან ვიზიტი?

ამ კითხვაზე ჯანდაცვის სამინისტრომ euronews.ge -ს ასეთი პასუხი გასცა:

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში დაზუსტდა ექიმ- სპეციალისტების ჩამონათვალი. კერძოდ პროგრამის მოსარგებლეს სხვა სამედიცინო მომსახურებებთან აქვს შესაძლებლობა ოჯახის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით მიიღოს ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის და ქირურგის კონსულტაცია, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ მისთვის სასურველ პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციის საფუძველზე.

ამასთან, პროგრამით მოსარგებლე პირს სამედიცინო დაწესებულების შეცვლა შეუძლია ყოველ ორ თვეში ერთხელ. ამასთან გაცნობებთ, რომ ონკოლოგის ბინაზე ვიზიტი, ასევე სტაციონარულ დაწესებულებაში ონკოლოგის კონსულტაცია და გამოკვლევები არ მიეკუთვნება პროგრამულ მომსახურებას საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე პერიოდში.

სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტის ბინაზე ვიზიტს და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას ახორციელებდა/ახორციელებს, ოჯახის ან უბნის ექიმი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close