” მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით, მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე… ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! ”

ქართული პოეზიის მეფემ – გალაკტიონ ტაბიძემ, თავისი ერთ-ერთი გამორჩეული პოეტური ნაწარმოები ”მთაწმინდის მთვარე” თავდაპირველად 1916 წელს გამოქვეყნა. ალბათ ( ჩვენი ) გაკვირვებული მკითხველი დასასწყისშივე იკითხავს, თუ რა საერთო აქვს საუკუნის წინათ დაწერილ რომანტიკულ-სიმბოლისტური განწყობის გამომხატველ ლექსს euronews.ge-ს ახალი ამბების ფორმატთან; ვითარებაში მალევე გაგარკვევთ.

ნებისმიერ სრულყოფილ კალენდარზე, მათ შორის კედლის მოსახევ კალენდარებზეც, დღეების მიღმა, დატანილია მზის ამოსვლის და ჩასვლის ზუსტი დროები. ასე იყო ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, იქამდე სანამ, რომელიმე თარიღს, რომელიმე ისტორიული მოვლენის თუ რომელიმე კულინარული რჩევის შესაბამისი ტექსტი ერთვოდა, ადამიანებს შეეძლოთ გაეგოთ ციური სხეულების ამონათების და ჩაქრობის განრიგი დედამიწასთან მიმართებაში. დილის დადგომის დროს მზის სიმბოლო გვამცნობდა და გვამცნობს – დაღამებას კი მთვარის კონფიგურაციის გამოსახულება, როგორც იტყვიან ყველაფერი დღესავით ნათელია. საბჭოთა ეპოქის შემდეგ, თანამედროვე ( ციფრულ ) ტექნოლოგიებში მნიშვნელოვანი გარღვევები მოხდა და კალნედრებმაც ინტერნეტ-სივრცეში გადმოინაცვლეს. ასე მაგალითად, თუ ”გუგლის” საძიებო სისტემაში ჩავწერთ სიტყვათა წყობას ”ზუსტი დრო” და გადავალთ პირველსავე ბმულზე, შევიტყობთ რომ, დღეს 2018 წლის 22 ივლისია, კვირა დღე, საათის ექვსციფრა ნიშნული ( საათი, წუთი, წამი ) კი ზუსტ დროს გვამცნობს ( საქართველოს მასშტაბით, მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყანა ერთ სასაათო სარტყელშია მოქცეული). იქვე, ოდნავ ქვემოთ თუ დახედავთ იმასაც გაიგებთ, ( მამლის ყივილის გარეშე ), რომ დღის შუქს, 22 ივლისისთვის დილის ხუთ საათსა და 46 წუთზე შეუხსენებია თავი დედამიწელებისთვის, ხოლო მზის ჩასვლის დროდ 20:29 წუთია მითითებული ( ანუ პრაქტიკულად 9 ის ნახევარი ). თუმცა, დროსა და სივრცეში, ძალიან ხშირად აცდენილ ხელისუფლებას, როგორც ჩანს საკუთარი კალენდარი აქვს. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ მოგიყვებით, იქამდე კი თემის მთავარი ხაზიდან ოდნავ გადავუხვევ და შეგახსენებთ, საქართველოს მეორე პრეზიდენტის – ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბნელმა ხანამ, მსოფლიოს კრიმინალურ ისტორიაში ახალი ფურცელი იმითაც დაწერა, რომ ელექტროენერგიის უკანონო მოპოვება, საერთო-სახალხო ყოფის ნაწილი გახადა. კაცობრიობას ალბათ იქამდე არ გაეგო დენის ქურდობის ისეთი მასშტაბები, როგორიც ყველას გვახსოვს, ვინც იმ დროს მოვესწარით. თვალებგამოღამებული და სასოწარკვეთილი ადამიანები ლეგენდარული მეცხრე ფიდერის და ე.წ. გადმოყვანილი დენის იმედად ვიყავით. 90-იანი წლები, კალენდარული და ყოფითი თვალსაზრისით უკან დარჩა, თუმცა საინტერესოა, რატომ არ რთავს ენერგეტიკის სამინისტრო ქუჩის გარე განათებებს ღამით?

.

ჩვენს მიერ წარმოდგენილი სურათები გადაღებულია ისანი-სამგორის რაიონში, 20 საათსა და 36 წუთზე, ანუ მას შემდეგ რაც ოფიციალური კალენდრით მზე შვიდი წუთის ჩასულია. საერთო ხედზე ( რომელიც ნავთლუღის ქუჩიდანაა დაფიქსირებული ) ჩანს ორთაჭალის მონაკვეთიც, სადაც ცენტრალური გზა გადის, კადრში ვერ ვხედავთ ლამპიონების მწკრივს. ( რომელი მწკრივიც აღნიშნული ხედიდან მკაფოდაა გამოყოფილი ღამის თბილისის ფონზე ) აქვე დავამატებთ, რომ ფოტოები გადაღებულია ისე, რომ მინიმალური განათების პირობებშიც გაძლიერებულიყო შუქის ნაკადი და ფოტოებზე მკაფიოდ დაფიქსირებულიყო არსებული ვითარება.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, euronews.ge-ს რედაქცია კითხვით მიმართავს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. გვაინტერესებს, ვის მიერ შედგენილი გრაფიკით ნათდება ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ქუჩები ? საინტერესოა, ამ კითხვაზე ადრესატების პასუხი მაშინ, როდესაც საქართველო წყალუხვი ქვეყანაა, მაშინ როდესაც მცირე და საშუალო ჰესების აგება ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მთავარ ხაზს წარმოადგენს, ვინ და რა მიზნით ზოგავს სახელმწიფოს ენერგეტიკულ რესურსებს, თუნდაც რამდენიმე წუთით ჩაბნელების ხარჯზე ?

P.S. მართალია ეს სტატია ბევრისთვის ცნობილი სტრიქონებით დავიწყეთ ( ”მთაწმინდის მთვარე” – ამონარიდი ), თუმცა, როგორც ჩანს, თბილისის უძველეს და ცენტრალურ უბანთან, მონათესავედ მდებარე – ასევე პრესტიჟულ სოლოლაკშიც, მთვარეც პირადი გრაფიკით ამოდის და ჩადის. არაფერია მზის ქვეშ ახალი…

ზაზა სვანაძე

კომენტარები