საინტერესო

რას ნიშნავს ქართულ ტრადიციულ ყოფაში ტერმინი და რიტუალი „ლამპრობა“

საქართველოს რომელ კუთხეშია შემორჩენილი ლამპრების ანთების წესი, ანთებული ლამპრებით ეკლესიისაკენ მსვლელობა, ლამპრის მიტანა სასაფლაოზე და ლამპრებისაგან საერთო კოცონის დანთების ტრადიცია

მეგობრებო, მართლმადიდებლებო, გილოცავთ მირქმის/მიგებების (ძველი სახელით – ლამპრას) დღესასწაულს.
ამ დღეებში ბევრი შეკითხვა მომდის სვანური ტრადიციის შესახებ. ვეღარ ავუდივარ პასუხის გაცემას, ამიტომ აქ გაწვდით ძალიან მოკლე ინფორმაციას:
ქართულ ტრადიციულ ყოფაში ტერმინი და რიტუალი „ლამპრობა“ დასტურდება რამდენიმე მხარეში: სვანეთში (ორი დღეობის -მირქმისა (სვიმნობ) და ხალხური დღეობის „ლამპრობ/ლიმპარი//ნამპრობ/„ლიჩედურალ“-ის დროს), მთიულეთში („ლამპორიობა“), გუდამაყარში („ლამპრიობა“), ფშავში („ლამპორია“), ხევსურეთში („ლამპრობა“), ხევში („ამპარიობა“), გურიაში („ლამპრობა“) და სხვ.
ჩვენი დროისათვის ლამპრების ანთების წესი, ანთებული ლამპრებით ეკლესიისაკენ მსვლელობა, ლამპრის მიტანა სასაფლაოზე, ლამპრებისაგან საერთო კოცონის დანთების ტრადიცია მოქმედია ზემო სვანეთში, ქვემო სვანეთის ერთ სოფელში (მახაში) და საქართველოს სხვა მხარეებში კომპაქტურად ჩასახლებულ სვანთა შორის. სხვაგან რიტუალი გაქრობის პირასაა.
ზემო სვანეთში ლამპრების ანთების ტრადიცია ორ დღეობას ახასიათებს: ერთია მირქმის/მიგებების საეკლესიო დღესასწაული, რომელსაც სვანურ კილოებზე ჰქვია „სვიმნობ“/„სვიმნიშ“ (სახელწოდება მოდის სვიმეონ წინასწარმეტყევლის სახელიდან, გავიხსენოთ სახარებისუელი სიუჟეტი) და მეორეა მეზვერისა და ფარისევლის კვირა დღის რიტუალი, რომელსაც სვანეთის სხვადასხვა ხეობაში ეწოდება „ლიჩედურალ“, „ლამპრობ“, „ლიმპარი“, „ნამპრობ“.
ბუნებრივია, რომ ეს უკანასკნელი სხვადასხვა თარიღს თანხვდება, რადგანაც მისი ათვლა ხდება მოძრავი დღესასწაულებისდაგვარად და აღინიშნება მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკეს. ხოლო მირქმის ლამპრობა უძრავია და ახლით 15-შია, ანუ დღესაა.
“ლამპრა” “ლამპრობა” რომ ძველი სახელია მირქმისა, ეს დასტურდება არა მხოლოდ ეთნოგრაფიული მასალის რეკონსტრუირებით, არამედ, საისტორიო წყაროებითაც (‘მატიანე ქართლისაი”, „ხელმწიფის კარის გარიგება“, „კურთხევაი ლამპართა მიგებებისათა“, „კურთხევაი ლამპრისა მიგებებასა“…).
სამეცნიერო და პოპულარულ ლიტერატურაში, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ორი დღეობა ერთმანეთშია არეული, რაც ართულებს მათ კვლევას და მართებული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.
ანუ, ერთია წმიდა კანონიკური – საეკლესიო კულტურის ნაწილი, ხოლო მეორეა ხალხური და ეძღვნება წმიდა გიორგის.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან კარგი ნაშრომები აქვს ცნობილ მკვლევარს ექვთიმე კოჭლამაზაშვილს, ეთნოლოგს -სოზარ სუბარს.
თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია, ჩემი ნაშრომიც გადმოგიგზავნოთ პირად მეილებზე.
ღმერთმა გვიმრავლოს ორივე დღეობის აღმნიშვნელი ოჯახები.
ჩვენი პატრიარქის კურთხევით, მირქმისათვის ლამპრებით ლიტანიობის ადრეული ტრადიცია აღდგენილია. ამ ტრადიციას უკვე ყოველ წელს ასრულებს მამა მირიანი ლოტკინზე, რაც ფრიად სასიხარულოა. მოგეხსენაბთ, რაოდენ დიდ ყურადღებას აქცევენ ევროპაში ტრადიციულ რიტუალებს და როგორ აფასებენ და სიცოცხლეს უგრძელებენ მათ. ამ მხრივ ბევრი გავქვს მათგან სასწავლი.
როზეტა გუჯეჯიანი, ისტორიკოსი, ეთნოლოგი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close