საინტერესო

,,რაოდენობრივად ყველაზე ბევრი ტაძარი, სალოცავი და ნიში საქართველოში წმინდა გიორგის სახელზეა აგებული”

,,შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიიდან 13 მეფეა ცნობილი, ვინც ამ სახელს ატარებდა"

ადრეც ვწერდი, და გავიმეორებ დამდეგ გიორგობას რაც შეეხება: საკმარისია ამ წმინდანის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ითქვას, რომ სემანტიკურად აშკარად მის სახელს და მის კულტს უკავშირდება საქართველოს აღმნიშვნელი სახელები სხვადასხვა ენებში: ევროპული გეორგია, ჯორჯია, ჟეორჟი, რუსული გრუზია, არაბული ჯურზან, სირიული გურზან, ოსური გურზიაგ, ვაინახური გურჟი მოხქ, სპარსულ-ოსმალური გურჯისტან და სხვა. რაოდენობრივად ყველაზე ბევრი ტაძარი, სალოცავი და ნიში საქართველოში ალბათ მის სახელზეა აგებული – შდრ. მეგრული ჯეგე/გერგე, სვანური ჯგრაგ.
მაგრამ მე სხვა ასპექტებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ვიდრე ურჩხულის მოკვლა და გასამხედროებული ქრისტიანობაა: მისი სრულიად განსულიერებული და მრავლისმთქმელი სახე მომავალი კულტურის გამონათებასაც ხომ არ ატარებს, რომელიც წმინდა ადამიანურობაზე იქნება ფოკუსირებული? ცხადია, რომ ურჩხული თავისი სიჭრელით, როგორც იკონოგრაფიაშია მოცემული, წარსულის დიდი ბალასტია, რომელიც ქრისტიანობამ უნდა მოიშოროს, ასევე ადამიანმაც, ქრისტეს გზაზე შემდგარმა, თუკი უნდა სინათლეში გავიდეს.
იგი, ანუ ეს ბალასტი, მოდის ჰიპერეგოიზმებიდან
– პიროვნული, ეთნიკური, იმპერიული, ჩაკეტილ-რელიგიურ-კონფესიური, პოლიტიკურ-პარტიული, ჯგუფურ-სოციალური, ეკონომიკური;
იგი მოდის სიბნელიდან
– ცრურწმენებიდან, უმეცრებიდან, ალოგიკურობებიდან, ფანატიზმიდან, მძულვარებიდან, სექტად ორგანიზების მისწრაფებებიდან, ამა თუ იმ ადამიანის გაკერპებიდან;
ზვიად გამსახურდიამ, როდესაც “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება” დაწერა, დასვა კითხვა: ვის ებრძოდა შუასაუკუნეებში გეორგიანული საუფლო? ვის და ირანის ლომს და ოსმალეთის ვეფხვს. შემდგომში უფრო დახვეწილი და სხვა დონის მტერი მოვიდა: ჯერ რომანოვების, შემდეგ ბოლშევიკური იმპერიის სახით. დღემდე მათ გაგრძელებებს ვხედავთ.
საპირისპიროდ ამისა ადამიანის და კაცობრიობის წარმმართველი ძალები მუშაობენ იმისთვის, რომ
1. ადამიანს ასწავლონ ემპათია, თანაგრძნობა, რაც სხვა ადამიანის გაჭირვების გათავისებას გულისხმობს. წმინდა გიორგი ხომ ტყვეთა განმანთავისუფლებელია, მაშვრალთა ქომაგია.
2. ადამიანი მიიყვანონ ნამდვილი ქრისტიანობის არსამდე ისე, რომ იგი გახდეს ყოველდღიურობის მყარი შემადგენელი. რომ ეს არ იყოს არც ინდულგენციად ქცეული ტაძრების შენება, “შეწირულობები”, შაბათ-კვირის ისეთი რუტინული კულტი, საიდანაც ადამიანი იმაზე უკეთესი არ გამოდის, ვიდრე შევიდა, ასევე ამა თუ იმ გურუს დიქტატით ცხოვრება. ანუ ცოცხალი ქრისტიანობა შრომაში, შემოქმედებაში, ცხოვრებაში, ურთიერთობებში. წმინდა გიორგიმ ხომ კერპებს თაყვანი არ სცა და წარმართებმაც ამის გამო აგებინეს პასუხი.
3. მიიყვანონ ისეთ შემეცნებამდე, სადაც მეცნიერება, ხელოვნება და რელიგია ერთ მთლიანობაში შენივთდება; სადაც თავად სული ღვთისა, იგივე სულიწმინდა წარუძღვება ადამიანებს, რომ მათ შესაბამისად იღვაწონ ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. მეფის ასული, ვისაც ურჩხული სარტყელზე გამოაბა წმინდა გიორგიმ, გადარჩენილი მის მიერვე, თითქოს მომავალი კაცობრიობის ცნობიერებაა, სადამდეც იგი ეტაპობრივად უნდა მომწიფდეს.
შუასაუკუნეების საქართველოს ისტორიიდან 13 მეფეა ცნობილი, ვინც ამ სახელს ატარებდა. წმინდა გიორგის და მასთან დაკავშირებულ იმპულსს ბევრი მოწაფე ყავს საქართველოში. მე გამოვყოფდი განსაკუთრებულად სამს:
დავით გარეჯელი, ვინც გარდა იმისა, რომ ურჩხული ასაპყარა, ილოცა უამრავი ადამიანისთვის და იხსნა ისინი. ვინც უმშვენიერესი ლავრა და მონასტერი აღმოაცენა უდაბნოში – ფაქტობრივად დაიწყო სამონასტრო ცხოვრება, რაც ნიშნავს ღვაწლს ყველა ადამიანის სულის საცხოვნებლად.
დავით აღმაშენებელი, ვინც ქრისტიანობა სოციალურ პრაქტიკად აქცია, ყოველდღიურობაში გადმოიტანა. ვინც ამითი ეს სოფელი წაართვა ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა, როგორც მემატიანე იტყოდა.
შოთა რუსთაველი, ვინც ისტორიული ქრისტიანობის ეპოქა, მდგარი მამის და ძის ნიშნის ქვეშ, შეავსო ახლით – სულიწმინდის მომავალი ეპოქის დაუვიწყარი ხატებით.
ამითია საინტერესო ქართულ-გეორგიანული ცხოვრების წესი. იგი ყოველთვის ცხადია, არ ესმით, მაგრამ თუკი ესმით და მის შესაბამისად ცხოვრობენ, შედეგიც დიდია.
გილოცავთ მეგობრებო! მოგვეძებნოს ჩვენში ძალა, რომ ცხოვრებაში ამ იდეალებით შევძლოთ სვლა.
კონსტანტინე, კოკო გამსახურდია

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close