სხვა

პურის სახეობით მდიდარი სვანეთი!

„ის, რომ სვანეთში ცხვებოდა მრავალი სახეობის სარიტუალო პური, მიანიშნებს, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის სამშობლოცაა“

„სვანეთის ეთნოგრაფია ადასტურებს, რომ: არსად არ ცხვებოდა იმდენი სახეობის პური, რამდენიც სვანეთში“, – წერს გოჩა ჭელიძე და აკეთებს ჩამონათვალს, თუ რა სახეობის პურს აცხობდნენ ძველ სვანეთში.
.
ის ფაქტი, რომ სვანეთში ტრადიციულად ცხვებოდა მრავალი სახეობის და მრავალი ფორმის სარიტუალო პური, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის სამშობლოცაა.
მკვლევარები სვანეთში გამომცხვარი პურების სახეობებს ორ ჯგუფად ყოფდნენ:
მიცვალებულების საპატივსაცემო და სადღესასწაულო პურები.
მიცვალებულის საპატივსაცემოდ ცხვებოდა:
ბაციკ – ჯიხვის, ირმის, ცხვრის, მტრედის, ჩიტის, ჯვრის ან სხვა ფორმის ხვეული პურები. ამზადებდნენ გასვენების დღისათვის და საკაცეს წინ დგამდნენ;
ქაბები – მცხობელის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე 1 კილო და მეტი წონის პური, რომელსაც აცხობდნენ გასვენების დღისთვის. გასვენებაში მყოფი ყველა პირისათვის თითო პური იყო განკუთვნილი. გასვენებაში სულ მცირე რამდენიმე ასეული ადამიანი იყრიდა თავს;
ცხუნილ – კვადრატის, სამკუთხედის ან წრიული ფორმის დიდი პურები, რომელსაც ზემოდან წასმული ჰქონდა კანაფის თესლებით შეზავებული ყველის თხელი ფენა. აღნიშნულ პურებს აცხობენ მიცვალებულთან დაკავშირებული წლიური დღესასწაულების დროს, მაგალითად როგორიცაა მიძინება;
ქუთ – ყველიანი პური. უშგულში აცხობენ ლიფანალის პერიოდში ე. ი. 5 იანვრიდან უახლოეს ორშაბათამდე. ხოლო ბეჩოში ახალ წელს;
დულ – პური, რომელსაც აღდგომის დღეს ამზადებენ ქალთა ლოცვისთვის. გამოიყენებენ იმ დროს, როდესაც წვავენ ‘გირგარ“ ს – 5 იანვარს მიცვალებულების პატივსაცემი ადგომის დღეს შეკრული ტოტები.
სადღესასწაულო პურები:
ლემზირი – მრგვალი ფორმის სარიტუალო პური, რომელსაც იყენებენ ყველა ლოცვის დროს. აღსანიშნავია, რომ ლემზირი მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ცხვება. რიგ დასახლებებში გამოირჩეოდა ქალბატონების და მამაკაცების ლემზირები. მაგალითად: თუ ლემზირს წრეზე გარეთ გამოწეული სამი სიმეტრიული ნაწიბური ჰქონდა ის მამაკაცის ლემზირი იყო, ხოლო თუ წრეზე ცენტრისკენ შეჭყლეტილი სამი ნაწიბური ჰქონდა, ის ქალბატონის ლემზირი იყო;
ლესკარ – დიდი ზომის 5, 10 და რიგ შემთხვევებში 15 კილოგრამიანი სალოცავი პური. ყველა ოჯახი აცხობდა თითო ასეთ პურს პეტრე პავლობის მარხვის დასაწყისში და ამ პურით მიდიოდნენ ეკლესიაში სალოცავად. ლოცვვის შემდეგ მიჰქონდათ ოჯახში და მიირთმევდნენ;
ლითბოლი დიარ – სალოცავი პური 3 კილოგრამი და მეტი წონის სალოცავი პური. უშგულში წმინდა ბარბარეს დღესასწაულზე ყოველი ოთხი ოჯახი ერთიანდებოდა და თითო პური მოჰქონდათ წმინდა ბარბარეს სალოცავში. შემდეგ ამ სალოცავ პურს გაჭრიდნენ 4 ნაჭრად და აურევდნენ სხვა ჯგუფების მიერ მოტანილ პურებში. რიტუალი ტარდებოდა შემომწირველების ერთიანობის გასაძლიერებლად;
მუკ – მცირე ზომის პური, რომელსაც ამზადებენ ბეჩოში ახალი წლის დამდეგს. როდესაც დიასახლისი აცხობს მუკ – ს, სახლში უნდა იყოს იდეალური სიჩუმე, ამიტომ ოჯახის წევრები გადიან ეზოში და თუ იქ საუბრობენ, ცდილობდნენ, რომ სახლში ხმა არ შესულიყო. თუ დადგენილი წესი დაირღვეოდა, მაშინ დიასახლისი იძულებული იყო მუკ – ი ხელახლა გამოეცხო. ანალოგიური ორცხობილა ცხვებოდა მესტიაში ლანჩვალში და მას საზამთრო სათავსოში თაროზე ინახავდნენ;
მუჯეხ – ოთხ ადგილზე ნაწიბურიანი, ზედაპირზე ჯვრის ფორმა გამოსახული მრგვალი ფორმის საახალწლო პური. მზადდება მხოლოდ ერთი ეგზემპლიარი და ინახებოდა ადგომის დღემდე. მუჟეხი ლემზირთან და ზიგზაგის ფორმის ორცხობილა „ლატხართან“ ერთად შეადგენდა შესაწირი პურების განსაკუთრებულ კომპლექტს;
ფუსტნამუჟეხ – მცირე ზომის მრგვალი პური ზედაპირზე ჯვრით, ან წერტილებით. ცხვებოდა ახალი წლის დღისთვის ერთ ეგზემპლიარად;
ლანკებარგი – თოხის, გუთანის, უღელის ან რომელიმე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მქონე იარაღის ფორმის მქონე ხვეული ცომით გაკეთებული პური. მულახში მზადდებოდა დიდი მარხვის პერიოდში ლილაშუნა – თესვის დაწყების დღეს. ბეჩოში გამოჰქონდათ და ლოცვის პროცესში თესლთან ერთად ჩაფლავდნენ მიწაში;
კირკადუ – მცირე ზომის წრიული და შუაში გახვრეტილი პური. მზადდებოდა 1 ეგზემპლიარი დიდ ხუთშაბათს. ცომი აუცილებლად იზილებოდა ნათლისღება დღეს ნაკურთხი წყლით;
კირკადუ – პატარა ნაწილებს ჩამოკიდებენ კანაფის თოკებზე და ინახავენ მთელი წლის მანძილზე. თესვის დროს თესლთან ერთად თესავდენ;
შდავალი – ჩიტის ფორმის პური. აცხობენ ოჯახის ყველა წევრისათვის 9 მარტს;
სვანეთში აგრეთვე აცხობდნენ პურებს შესაბამისი დღესასწაულების დროს. მაგალითად:
კალაში წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიაში დაცული შალიანის ხატის საპატივსაცემოდ აცხობდნენ ფართო დაბოლოებებიანი ჯვრის ფორმის პურს;
გაბრიელ მთავარანგელოზის საპატივსაცემოდ აცხობდნენ პურს გებრელ – პური იყო ჯვრის ფორმის, რომელიც ცენტრში იყო გახვრეტილი“, – წერს გოჩა ჭელიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close