საზოგადოება

,,პეტრე გოვორიტ, ბოგ გოვორიტ! პეტრემ გააკეთა – ესე იგი, ასე იყო საჭირო -თქვენ გენაცვალეთ შერჩევით სამართალში”

,,რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელს აღშფოთების ტალღამ გადაუარა ყინწვისის მონასტერში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ იატაკის მწვანე ფილების უნებართვოდ დაგების გამო.

აღშფოთდა ყველა (სრულიად სამართლიანად), მოხუცი და ახალგაზრდა, მდედრი და მამრი, ნაცი და ქოცი, თეთრი და შავი, მემარჯვენე და მემარცხენე, ცენტრისტი და შუაშისტი, მეზედური და მექვედური, მეშიგავე და მეგარევე. ერთი სიტყვით – ყველა, ვისაც მეტად თუ ნაკლებად, აქვს სურვილი, კანონის პრიმატზე დამყარებულ სახელმწიფოში იცხოვროს.

აღშფოთებულთა შორის განსაკუთრებული რადიკალიზმით სააკაშვილის მხარდამჭერები გამოირჩეოდნენ. დიდი ფილოსოფია არ სჭირდება იმის მიხვედრას – თუ რატომ. ყინწვისის ტაძარი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ეპარქიაში შედის, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მეხოტბე იერარქთა კატეგორიას არც მისი ზეობის პერიოდში განეკუთვნებოდა, დღეს – მით უმეტეს. პირიქით – აქტიურად უპირისპირდებოდა და ამხელდა მის პოლიტიკას. ამდენად, მისი გინება ნაცმრევლისთვის სულის და ხორცის საცხოვნებელი საქმეა.

მაგრამ, დახეთ ბედის ირონიას. გუშინ “ნეტგაზეთმა” გაავრცელა ინფორმაცია თანდართული ფოტომასალით, რომ აბაშის რაიონის სოფ. სუჯუნაში ცნობილი ქველმოქმედის, აკაკი ხოშტარიას საუკუნოვანი სახლი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს რეზიდენციად გადაუკეთებიათ და ამ უკანასკნელის განკარგულებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გვერდის ავლით, შენობის ფასადი შეუცვლიათ. კერძოდ – ფასადზე მოხსნეს დევის გამოსახულებიანი ბარელიეფი და მის ნაცვლად წმინდა გიორგის გამოსახულება ჩასვეს.

ერთი სიტყვით – კანონი აქაც დაირღვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არქიტექტურული დეტალი სათანადო სამსახურის ნებართვის გარეშე შეიცვალა.

დავინტერესდი და სააკაშვილის მომხრეთა ფეისბუქის გვერდებს გადავხედე. სრული შტილია. აღშფოთების გრიგალი კი არა, სიოც არ იძვრის. ვითომ არაფერი გაუგიათ, არ შეუმჩნევიათ. ვითომ ამ შემთხვევაში კრიტიკის საფუძველი არ არსებობს. ვინმეს გიკვირთ, რატომ? მე არ მიკვირს. ნაცსექტას მაცხოვარსა და ღვთისმშობელზე უფრო იოლად დააცდენინებ ძვირს, ვიდრე მეუფე პეტრეზე. ის ხომ თვით დიდი კიეველ-ამსტერდამელი გურუს ნდობით აღჭურვილი პირია. პეტრე გოვორიტ, ბოგ გოვორიტ! პეტრემ გააკეთა – ესე იგი, ასე იყო საჭირო. მორჩა და გათავდა.

უხხ… თქვენ კი გენაცვალეთ პარტიულ-ეპარქიული ორიენტაციით ნასაზრდოებ, შერჩევით სამართალსა და აღშფოთებაში.

P.s. კარგად დაიხსომეთ, პატივცემულებო, რასაც ახლა გეტყვით. მე და ჩემნაირები ამ უმგვანებზე უკეთეს ხელისუფლებას აუცილებლად მოვესწრებით. მერე – იმაზე უკეთესსაც. ავირჩევთ, მოვთხოვთ და ვაიძულებთ, იყონ უკეთესი. აი, თქვენ კი (უფალმა 100 წლამდე მოგყაროთ ყველა), ვერასოდეს ეღირსებით იმ არაკაცების მეორედ მოთესლებას, ვისაც შორიდან მისტირით მდუღარე ცრემლით. რატომ? პასუხი იხ. ზემოთ…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ისტორიკოსი ზურა დათუაშვილი.

Related Articles

Back to top button
Close