საზოგადოება

პაპუნა უგრეხელიძე: მეუღლის გათავისუფლების გამო ეკა მესხიძე მაშანტაჟებდა

  დღეს გახდა ცნობილი, რომ საჯარო რეესტრის თავჯდომარემ თანამდებობა დატოვა – განცხადება პაპუნა უგრეხელიძემ სოციალურ ქსელში საკუთრ გვერდზე გამოაქვეყნა.
,,სამწუხაროდ, გრძელდება საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლის – საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, ეკა მესხიძის მხრიდან ჩემს მიმართ შეტევა და, პირდაპირ ვიტყვი, ანგარიშსწორების მცდელობა. ახლა ამან უკვე მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მიიღო. იგი ბრალს მდებს, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და ახლო მეგორობის პერიოდში 2013 წლიდან – 2016 წლამდე გახდა ჩემი მხრიდან  ,,შევიწროვების” მსხვერპლი.
ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ე. მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი (ნაციონალური მოძრაობის წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმა), რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან. ზურაბ ყიფიანი, როცა სამსახურში იშვიათად შემოივლიდა, ტეხდა მეუღლის გამო კონფლიქტებს, ძაღლით ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს, და სხვ. ზურაბ ყიფიანის შესახებ დასკვნა იხილეთ აქ. https://bit.ly/2Gw7doN
ე. მესხიძის მხრიდან შურისძიების მტკიცების საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ე. მესხიძემ, რომელიც საჯარო რეესტრში აღნიშნულ თანამდებობაზე 2016 წლის იანვრამდე მუშაობდა, ჩემი მხრიდან „შევიწროვების“ ფაქტებზე საჯაროდ მხოლოდ მას შემდეგ ანუ 2016 წლის 29 აგვისტოს მიმართა სახალხო დამცველს, რაც მისი მეუღლე სამსახურიდან გათავისუფლდა (2016 წლის 22 აგვისტოს). მეუღლის გათავისუფლების გამო ეკა მესხიძე მაშანტაჟებდა და არსებობს მოწმე, რომლის საშუალებითაც მან შემატყობინა, რომ მისი მეუღლე – ზურაბ ყიფიანი არ გამეთავისუფლებინა სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო დამცველთან მიჩივლებდა.
აქ დაასრულა მან ჩვენი მეგობრობა და გადავიდა შანტაჟზე. ამის შემდეგ კი დაიფარა სახე და ქალთა უფლებების სახელით ანონიმური ბრძოლა გამოუცხადა „სიტყვიერი ძალადობის“ არარსებულ ავტორს. უფრო მეტიც, მან გათავისუფლებული ძველი დროის ჩვენი ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც სახალხო დამცველის აპარატს შეაფარეს თავი, საკუთარ ტყუილებზე დაფუძნებულ ბრძოლაში გამოიყენა. ეკა მესხიძე კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე „შევიწროვების“ არგუმენტის დამატება ურჩია. ამ დავაზე 2018 წლის 6 მარტს გამოცემული ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს, რომ ის გამონათქვამები, რომლებიც მე თითქოს მათთან გავგზავნე, ჩემი ანგარიშიდან გაგზავნილი არაა…
აქვე აღვნიშნავ, რომ ეკა მესხიძემ რეალურად საჯარო რეესტრიდან წასვლა და სამსახურის შეცვლა მოისურვა არა „შევიწროვებისა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს“, არამედ უფრო მაღალი ანაზღაურების გამო, რომელსაც მას ახალი სამსახური – GIZ – სთავაზობდა და სადაც დასაქმებისთვის საჭირო რეკომენდაციაც კი გავუწიე.
ამდენად, ეკა მესხიძის მხრიდან ჩემს მიმართ შანტაჟისა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მე მივმართავ სასამართლოს, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი, ჩემს მიერ ე. მესხიძის შევიწროვებას, „სქესის ნიშნით შევიწროებასა და მისთვის დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნას“, როგორც ეს სახალხო დამცველის 2017 წლის 3 მაისს პირადად ჩემთან მიმართებაში გამოცემულ რეკომენდაციაშია აღნიშნული. აქვე დავძენ, რომ არც ერთი კანონით დადგენილი მტკიცებულება არც ე.წ. მსხვერპლ მესხიძეს და არც სახალხო დამცველს მის მიერ შეთითხნილ დასკვნაში არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისათვის… სახალხო დამცველის კონფიდენციალურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ყველა მოწმე კონფიდენციალურია, მტკიცებულებები კონფიდენციალურია… როგორც იურისტი, ვთვლი, რომ ასეთი „დასკვნები“ ყველა კაცისა და ყველა ქალის წინააღმდეგ საშიშ ტენდენციას უყრის საფუძველს.
ერთადერთი, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს, არის ის, რომ ვმეგობრობდი ეკა მესხიძესთან, რომელიც რეესტრში 2004 წელს დაინიშნა, რომ ვენდობოდი მას და რომ ფამილარული გამონათქვამები ერთმანეთის მიმართ გვქონია, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ მის მიერვე სამსახურში ჩემს დაბადების დღეზე მოტანილ ციყვებიან ტორტს ის მოგვიანებით სექსუალურ ჭრილში წარმოაჩენდა. ნამდვილად ძალიან სამარცხვინო და უხერხულია. ტორტის ფოტოც იხილეთ აქ.
იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ვინც პოლიტიკური ბრძოლა გადაწყვიტა, მათ მე ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იარაღად არ გამოვადგები.
ამიტომაც ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებები სახელით ხორციელდება.
P.S. გუშინ, იუსტიციის მინიტრს ჰკითხეს, დამნიშნა თუ არა თანამდებობაზე ვიყავი რა ნასამართლევი. ამ კითხვის ავტორებმა ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ იხილეთ აქ. https://bit.ly/2IXltoU
ასევე, გთხოვთ მოინიშნოთ, რომ განქორწინებული ვარ 2009 წლიდან და ჩემს მიმართ არასდროს გამოცემულა შემაკავებელი ორდერი. ამ ტყუილის გამავრცელებელსაც აუცილებლად ვუჩივლებ! დღეიდან უკვე მაქვს პასუხის, და სათანადო პასუხის, გაცემის თავისუფლება, რადგან როცა ხარ საჯარო მოხელე, მხოლოდ ვალდებულებები გაქვს თითქოს. ასევე მექნება თავისუფლება, გავიხსენო გასული წლები და ის პოლიტიკური ფანდები, რომელიც იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის წინააღმდეგ დაგეგმილა 2013 წლიდან. ამ ფანდებსა და ბრძოლაში არც აქამდე ყოფილხართ წარმატებული და არც მომავალში იქნებით!” – წერს უგრეხელიძე.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე ყოფილა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა ომბუდსმენსაც მიმართა. 2017 წლის 3 მაისს მიღებული დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა”.

ომბუდსმენის დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი საქმის გარემოებები და მოყვანილია უგრეხელიძესა და მის ყოფილ თანამშრომელ ქალს შორის მიმოწერები:

ფამილიარული ტერმინოლოგია

პაპუნა უგრეხელიძის მიერ სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლისთვის გაგზავნილი SMS შეტყობინებები:

პაპუნა უგრეხელიძე – ციყვო <3 შევსებული ცხრილი იყო რაც მომეცი?

ნინო (სახელი შეცვლილია) – კი ეგ არის

პაპუნა უგრეხელიძე –  გული გამომიგზავნე

პაპუნა უგრეხელიძე  <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3 <3

მუქარის შემცველი სმს ტექსტები:
პაპუნა უგრეხელიძე – გავიგე და მოგხედავ მე შენ

ნუ ხტიხარ და აკეთე ის რასაც გეუბნები, არ დაგნძრევია ამდენი ხანი და არც აწი დაგენძრევა, უნდა მიხვდე ჩემს დამოკიდებულებას. ამხელა გოგო ხარ და ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს!

ხელითაც შეგეხები და მართლა ნაცემი რო იქნები მერე მიხვდები! მაიმუნო შენა!

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესაუბრა კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელმაც თქვა, რომ პაპუნა უგრეხელიძის დამამცირებელი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ნინოსთან (სახელი შეცვლილია) მიმართებით. მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც უგრეხელიძე შეურაცხყოფას აყენებდა, ნინო ცდილობდა ხუმრობაში გადაეტანა, თუმცა არაერთხელ უნახავს, რომ იგი უგრეხელიძის დამოკიდებულებას განიცდიდა და ტიროდა კიდეც. – “უგრეხელიძე მას მუდმივად მიმართავდა დამამცირებლად, მაგალითად, ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „დებილო!“, „კუთხეში დადექი“ და ა.შ.

სახალხო დამცველთან საუბრისას სმს-ით „გულების“ გაგზავნასთან დაკავშირებით უგრეხელიძემ განმარტა, რომ ეს მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. თანამშრომლებთან აქვს ძალიან ახლო ურთიერთობა, მათ შორის, ფეისბუქითა და ვაიბერით. მუქარის შემცველ შეტყობინებებთან დაკავშირებით კი დაადასტურა, რომ მისი გაგზავნილი იყო, თუმცა განაცხადა, რომ ეს მესიჯები კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი.

კიდევ ერთი საქმე უგრეხელიძის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე სასამართლოშია. 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close