პოლიტიკა

“ოპოზიციამ მთავარი შეცდომა უკვე დაუშვა, როცა ვერ მოახერხა ერთ კანდიდატზე შეჯერება”

ოპოზიციამ მთავარი შეცდომა უკვე დაუშვა, როცა ვერ მოახერხა ერთ კანდიდატზე შეჯერება, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„არ ვგულისხმობ, რომ პრორუსული და პროდასავლური ძალები ერთი კანდიდატის ქვეშ გაერთიანებულიყვნენ, მაგრამ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევა, რომლის მხარდამჭერადაც ძირითადი პოლიტიკური ძალები გამოვიდოდნენ, არ მოხდა. დღეს ოპოზიციური ძალები ხელისუფლების ნაცვლად ერთმანეთის კონკურენტებად გვევლინებიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთმანეთს ართმევენ ხმებს, განსაკუთრებით, საუბარია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოზე“. ისინი ერთმანეთთან ბრძოლაში ძალიან ბევრ ხმას დაკარგავენ. ამასთან, თვალსაჩინოა, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, მეორე ადგილისთვის იბრძვის. რეიტინგები ყველასთვის ცნობილია და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფიქსირდნენ მთავარ ოპოზიციურ ძალად“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

ამასთან, ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებას მათი გამარჯვების უნარის აღარ სჯერა.

„საინტერესოა, საით წავა ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ხმები, რომლებიც 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნებისკენ“ გადაიხარა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის რევანშით დაბრუნების შიშის გამო, მათ „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა. დღეს მმართველ გუნდს მტრის ხატი აღარ ჰყავს, აქედან გამომდინარე, ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი „ქართულ ოცნებასთან“ არ მივა და არც ოპოზიციურ ძალებთან. ეს არის რესურსი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, მაგრამ იმ დამოუკიდებელმა კანდიდატმაც აუცილებელია, ამომრჩეველი დაარწმუნოს საკუთარ გამარჯვებისუნარიანობაში. სხვა შემთხვევაში ის ამომრჩეველი დარჩება სახლში, მივიღებთ დაბალ გამოცხადებას, რაც როგორც ყოველთვის, ხელისუფლებას უწყობს ხელს“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close