,,Sigua George გიორგი სიგუა ამაყად წერს: ჩვენ ჯიუტად ვაშენებთ სამეგრელოში ახალ იბიცას და რამდენიც უნდათ გვლანძღონ, გვწყევლონ და გვკრულონ, მაინც ავაშენებთ… მეხმარება კულტურის მინისტრი? დიახაც მეხმარება! მეხმარება პრემიერმინისტრი? დიახაც მეხმარება! მეხმარება სამეგრელოს გუბერნატორი Levan Shonia ? დიახაც მეხმარება და ძალიან მაგარი კაციც არის!!!““

ვიდრე გიორგი სიგუას ამ აბდა-უბდა წერილიდან დასკვნებს გავაკეთებ, მივმართავ მას (და ზემოთ ჩამოთვლილ დამხმარეებსაც) – გთხოვთ, ხვალ დილითვე მომაწოდოთ ან თუნდაც ფესტივალის გვერდზე გამოაქვეყნოთ BBC-ის ყველა უკვე გაკეთებული პირდაპირი ჩართვა, რასაც გვპირდებოდით!!! სევე მჭრდეა BBC-ს იქვე აშენებული (ესეც თქვით) მინი-ოფისის საკონტაქტო პირი, საქმე მაქვს” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი – ესმა კუნჭულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, Gem Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ განცხადება გაავრცელა:

 ,,მეგობრებო, ვინც თავს ჩემს მეგობრად თვლით წაიკითხეთ ყურადღებით და გაავრცელეთ ეს პოსტი. რაღაც ძალიან მომრავლდნენ ჯემფესტის მაგინებლები, მოშურნეები, ჩასაფრებულები და კაცმა არ იცის ვინ.

კარგა ხანს ღიმილით ვატარებდი ონავარი გოგო-ბიჭების ოხუნჯობებს, სისულელეების ლაპარაკს და წერას ჩემზე, ჯემფესტზე, იმაზე რასაც ჩვენი გუნდი ვაკეთებთ. მაგრამ ის რაც ახლა მოვისმინე ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში და ჩემდა სამწუხაროდ, არ მომეცა საშუალება ვყოფილიყავი გადაცემის მონაწილე. ის რაც მანახეს და წამაკითხეს ზოგიერთი დიდი პროდიუსერის თუ პრომოუტერის ნაბოდვარი, მაიძულებს, საჯაროდ გავაკეთო განმარტება ზოგიერთ საკითხზე, განსაკუთრებით ტვინდახშობილი მოქალაქეებისთვის და მათთვისაც, ვინც გვგულშემატკივრობს და არ არის სულ ერთი ანაკლიის და განმუხურის განვითარება და ზოგადად ჯემფესტის წარმატება.

პირველი: ჯემფესტი არის ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ წამოწყებული ძალიან დიდი პერსპექტივების მქონე პროექტი, რომლის მიზანია ანაკლია-განმუხური (სამეგრელოს ბოლო ორი სოფელი, პრაქტიკულად ჩიხი) აქციოს მსოფლიო საფესტივალო რუკის ღირსეულ ნაწილად და საერთაშორისო ახალგაზრდული ტურიზმის სულ ცოტა რეგიონალურ ცენტრად.

მეორე: ჯემფესტი დაიბადა და მისი კეთება დაიწყო 100% კერძო ინვესტიციით და მარტო შარშან , ისე რომ სახელმწიფოსთვის ერთი თეთრი არ გამოგვირთმევია, დავხარჯეთ 7,200,000 ლარი, საიდანაც 5%-იც არ დაბრუნებულა უკან. ვისაც სჯერა რომ ჩვენ შარშან შვიდი მილიონის ბილეთი გავყიდეთ, ვურჩევ მიაკითხოს ფსიქიატრს. მაგრამ ინვესტიცია ჩაიდო არა მყისიერი მოგების მიღების მიზნით (ისე როგორც გვჩვევია ქართველებს) , არამედ მთელი საფესტივალო კურორტის განსავითარებლად და ასაშენებლად, ცნობადობის შესაძენად და მსოფლიოსთვის თავის გასაცნობად.

მესამე: ჯემფესტს წინ უძღოდა ერთი წლით ადრე ანაკლიაში შემდგარი “კაზანტიპი” , რომლის დროსაც 8.000.000 ლარზე მეტი დაიხარჯა და არც იქ გამოგვირთმევია ფული სახელმწიფოსთვის. იცით ალბათ შვიდს რომ რვა მივუმატოთ თხუთმეტია ხომ? ანუ 15.000.000 ლარი დაიხარჯა ორ წელიწადში ანაკლია-განმუხურში ისე, რომ არავის უთხოვია სახელმწიფო დაფინანსება.

მეოთხე: წლევანდელი ჯემფესტის ნაწილი (ხაზს ვუსვამ ნა წი ლი) ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. რატომ და რამდენი? ახლავე გეტყვით. მას შემდეგ რაც 2015 წლის ბოლოს ჩვენს გენერალურ სპონსორებს შეექმნათ ფინანსური პრობლემები და გაჩნდა საფრთხე რომ ჯემფესტი შეწყვეტდა არსებობას, მივედი მთავრობასთან და ვკითხე იყო თუ არა სახელმწიფო დაინტერესებული ასეთი პროექტის არსებობით, კურორტის მსგავსი სახით განვითარებით და ზოგადად ამ კონცეფციით. მივიღე დადებითი პასუხი (არც კულტურის მინისტრია ჩემი ნათელ მირონი, ნათესავი და ახლობელი, არც ეკონომიკის და არც პრემიერმინისტრი) , მაშინ მჭირდება თქვენი დახმარება და ამჯერად 7 მილიონიდან რაც ჯემფესტის გაკეთებას სჭირდება, გამოგვიყავით 2 , დანარჩენ 5 მილიონს ისევ ჩვენ მოვიძიებთ (შედარებით “წვრილი” სპონსორები, ბილეთების გაყიდვა და სხვა წყაროები) და გავაგრძელებთ არსებობას და კურორტის განვითარებას. შევიტანე განცხადება და მივიღე დადებითი პასუხი, ანუ მოხდა პროექტის არა სრული დაფინანსება არამედ თა ნა და ფი ნან სე ბა! ეს არის ის პრაქტიკა რასაც ძალიან კარგად იცნობენ ის ადამიანები, ვინც ტალახს გვესვრიან და არაერთხელ მიუღიათ (ახლა რომ თვალებს აფახულებენ უმანკო კრავებივით) ხან ოფენ ეარებზე, ხან ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე ბათუმში, ქუთაისსა თუ თბილისში (პირადად მაქვს მიღებული თხოვნები და დაკმაყოფილებული განცხადებები სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერაზე, მაშინ როდესაც ვიყავი თანამდებობის პირი).

მეხუთე: ჯემფესტის გასაკეთებლად მუშაობს 300 ზე მეტი ადამიანი, საიდანაც 90% საერთოდ არავითარ ანაზღაურებას არ იღებს (არიან მოხალისეები), დანარჩენები კი მზად არიან აგვისტოს თვემდე ელოდოდ საკუთარი ოჯახების სარჩენად საჭირო ხელფასს და ჯემფესტი გააკეთონ. მარტო ამ 300 ზე მეტი ენერგიული, გულანთებული და ძალიან მაგარი გოგო-ბიჭების ხარჯზე ვზოგავთ უზრმაზარ რესურსს, ხშირად ჩვენი ხელით (დიახ ჩვენი) ვარიგებთ ქუჩებში ფლაერებს ტურისტებზე და ვაშენებთ იმას რასაც ვაშენებთ.

მეექსვსე რატომ და რისთვის? იმისთვის რომ საქართველო სიენენმა და ბიბისიმ მარტო წყალდიდობებით და ომებით კი არ გააშუქოს, არამედ ანახოს მსოფლიოს, რომ ქართველებს ძალიან მაგარი რამეების კეთება შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებმა ვიამაყოთ, რომ ჩვენ, ჩვენი ხელით სამეგრელოს ბოლო სოფელში ვაშენებთ იმას, რაც იბიცას, ამსტერდამის, ბერლინის ალტერნატივა იქნება რეგიონში და ქუთაისის აეროპორტში ისეთი რეისები იყოს როგორიც არის იბიცა-ქუთაისი, ლონდონი-ქუთაისი, და რიო-დე-ჟანეირო-ქუთაისიც კი, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარი ღირსეული სიტყვა ვთქვათ და მსოფლიოს სრულიად ახალი, ნოლიდან აშენებული ახალგაზრდული კურორტი გავაცნოთ. ჩვენი მიზანი ხომ მარტო ჯემფესტის შექმნა და ერთი კვირით ანაკლიის გავსება და აგუგუნება არ არის. ჩვენი მიზანია ამ საკურორტო ზონაში მაისიდან ოქტომბრამდე სულ გუგუნი და აურაცხელი ტურისტი იყოს, ინვესტორების ყურადღება მივიქციოთ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე აშენდეს.

მეშვიდე: უნდა იყოს თუ არა მთავრობა ჩართული მსგავს პროექტებში და ჯემ ფესტის გარდა სხვა ღონისძიებებს უნდა აფინანსებდეს? აუცილებლად უნდა იყოს და 29 მილიონს კი არა 229 მილიონს უნდა ხარჯავდეს და თუ ამის გამო ვინმე იბოღმება და გული უსკდება მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ ვერ ღებულობს რამეს რომ ხარბი მუცელი ამოივსოს! და კიდევ, რომ არა მთავრობის მხარდაჭერა, ასეთი გრანდიოზული პროექტები და გეგმები ვერ შედგება და ვერ განვითარდება. მეხმარება კულტურის მინისტრი? დიახაც მეხმარება! მეხმარება პრემიერმინისტრი? დიახაც მეხმარება!მეხმარება სამეგრელოს გუბერნატორი Levan Shonia ? დიახაც მეხმარება და ძალიან მაგარი კაციც არის!

მერვე: რატომ ვჩუქნით “ფროდიჯის” ბილეთებს ჯემფესტის ბილეთების მყიდველებს? იმიტომ რომ ამას სახელმწიფოს ფულით არ ვაკეთებ, ასე გვინდა და ჩვენი, კერძო კომპანიის ფულით მინდა “ფროდიჯის” ბილეთს ვიყიდი სხვა კერძო კომპანიისგან და მივაყოლებ “ჯემფესტის” ბილეთს და მინდა გურჯაანის ნაყინს!

მეცხრე: რატომ შემომყავს იახტები და გემები განმუხურის წყლებში? იმიტომ რომ არც ამას ვაკეთებ ბიუჯეტის ხარჯზე, ჩვენი ხარჯით კი, მინდა იახტებს შემოვიყვან და გავაგრანდიოზულებ და გავალამაზებ ამით ფესტივალს და მინდა კოსმოსურ ხომალდებს.

და ბოლოს მეათე:
ჩვენ ჯიუტად ვაშენებთ სამეგრელოში ახალ იბიცას და რამდენიც უნდათ გვლანძღონ, გვწყევლონ და გვკრულონ, მაინც ავაშენებთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა და ჩვენ შეგვიძლია!”

კომენტარები