ჯანდაცვა

ონკოლოგიური პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს წინ შიმშილობას დაიწყებენ (ექსკლუზივი)

   ძალიან გავოცდით, როცა გავიგეთ, რომ უკიდურესად გაჭირვებულებს, იმ ადამიანებს, რომელთაც მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვთ, სახელმწიფო არ ეხმარება და მათთვის დაფინანსებას ვერ იმეტებს. აი, რა მოგვითხრო ონკოლოგიურმა პაციენტმა, გორის თეატრის მსახიობმა, მაია ტურაშვილმა:
   _ ონკოლოგიური პაციენტები მესამე სტადიამდე ფინანსდებიან, მაგრამ რაიონებში, მეოთხეს არ აფინანსებენ.
_ თბილისში?
_ თბილისის მერია აფინანსებს თბილისელებს. მე ავტეხე ერთი ამბავი და ნოემბერში გვითხრეს, ახალი წლიდან იქნებაო. გავიდა თითქმის ეს წელი და დაფინანსება მაინც არ ჩანს. მათხოვრებად გადავიქეცით და  ამაზე დიდი განადგურება რაღა უნდა იყოს? წამლები, რომლებიც გვჭირდება სამკურნალოდ, სიცოცხლის შესანარჩუნებლად ჩვენ უნდა ვიყიდოთ. არ გეგონოთ, რომ იაფასიან წამლებია საჭირო.
_ რომელ წამლებზეა საუბარი და რა ღირს მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები? 
_ ,,პერჯეტა” ღირს 8000 ლარი, ,,ჰერცეპტინი”- 2300 ლარი და ესეც ეხლა გაიაფდა. თებერვლამდე 3800 ლარი ღირდა.  ესენია მედიკამენტები, რომლებიც აქრობს და კურნავს სიმსივნეს. მე და სხვა ქალებს ამ წამლებმა შეგვიჩერა დაავადება, მაგრამ მისი შეძენა ძალიან გვიჭირს, მათხოვრები გავხდით, ხელისუფლება კი არ გვეხმარება და გვხოცავს. ეს როგორ შეიძლება?
    რადგან დიდი წონის არ ვარ, ერთი ,,პერცეპტინი” და ერთი ,,პერჯეტა” მყოფნის. ,,ჰერცეპტინი” წონის მიხედვით ინიშნება და  ზოგს 2 სჭირდება. წარმოიდგინეთ, თავად უნდა ვიყიდოთ რაიონებში მცხოვრებმა ონკოპაციენტებმა, ყოველგვარი შეღავათის გარეშე.
  ასევე საჭიროა მედიკამენტი ,,ზომეტა”, რომელიც  ძვლების მეტასტაზებს აჩერებს. საერთოდ, არცერთი თეთრით არ ფინანსდება ეს ძვირადღირებული წამლები, არადა, ყველაზე გაჭირვებულ ონკოპაციენტებს წყალივით გვესაჭიროება. მისი არმიღება ნიშნავს სწრაფ სიკვდილს და ამისთვის გვწირავს სახელმწიფო. რადგან მეოთხე სტადიაა და გამოჯანმრთელების შანსი ნაკლებია, ფეხებზე დაგვიკიდეს. იმ მიზეზით, რომ ეს წამლები ვერ შეიძინეს, ფინანსები ვერ მოიძიეს, ბევრი უკვე გარდაიცვალა. ზოგსაც  გაუუარესდა მდგომარეობა, არადა, ეს გახლავთ ამ მდგომარეიბაში მყოფებისთვის განკურნების ერთადერთი იმედი.
  _ ვინ შეგპირდათ, რომ იანვრიდან დააფინანსებდნენ?
   _ ჯანდაცვის სამინისტრო. როგორც ვიცი, მინისტრი მზად იყო, შეხვედროდა რაიონების გამგებლებს. ჯანდაცვა დააფინანსებს 80%-ს და დარჩენილი 20% გამგებლებს უნდა დაეფინანსებინათ, მაგრამ არ ჩქარობენ. რა ეჩქარებათ, მათ სიცოცხლეზე ხომ არ არის საუბარი?  ამ უგულობას ვერ ვიგებ და ვერც გავიგებ. რამდენიმე დღეს კიდევ დაველოდები და მე, პირადად, შიმშილობას გამოვაცხადებ ჯანდაცვის სამინისტროსთან. უკვე დავიღალე ამდენი მათხოვრობით…
   ავადმყოფმა, ან მისმა პატრონმა ამდენი ფული საიდან უნდა მოიტანოს? როგორც გითხარით, ეს მკურნალობა წარმოუდგენელ თანხებთანაა დაკავშირებული და თან, ხანგრძლივად უნდა ვიკეთოთ ეს მედიკამენტები. ერთი თვეც რომ ვერ გავიკეთოთ, მერე ორია საჭირო. ერთს ვერ ვყიდულობთ და ორი როგორ ვიყიდოთ? არიან ისეთებიც, ვერცერთი ცალი რომ ვერ გაიკეთეს, ჩაიქნიეს ხელი და ელოდებიან სიკვდილს.
     რომ შეიხედოთ ონკოლოგიურ საავადმყოფოებში, ნახავთ, იქ რა საშინელებებიც ხდება, მაგრამ ამაზეც დუმს  ჯანდაცვის სამინისტრო.  სხვა გზა არ დაგვიტოვეს და  გადავწყვიტე, შიმშილობის აქცია მე დავიწყო. დარწმუნებული ვარ, სხვა ონკოპაციენტებიც შემომიერთდებიან. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ჩირის ფასადაც არ ვღირვართ. ყველაფერს აქვს დასასრული…
    შეიძლება არ იცით და იანვრიდან, ვინც ქიმიას აღარ იკეთებს, მათი გამოკვლევებიც აღარ ფინანსდება. ისედაც  ბევრით არ აფინანსებდნენ, მაგრამ ცოტა მაინც შეღავათი იყო.
ძალიან ძვირია კვლევები. წინა თვეში გავიკეთე და 1200 ლარი დამიჯდა. არადა, ყველა ონკოპაციენტს კვლევები ჭირდება ორ თვეში ერთხელ. ამხელა თანხებს  ვაძლევთ წამლებში და საავადმყოფოში, გადასხმის მომსახურებაში კიდევ 90 ლარს გვახდევინებენ.
   _ რომელ საავადმყოფოზე იხდით ამ თანხას?
   _ ყველგან ასეა. თავად ნახეთ, შეამოწმეთ და დარწმუნდებით ჩვენს სიმართლეში.
 euronews.ge სოლიდარობას უცხადებს ონკოპაციენტებს და თავადაც იწყებს აქციას _ ,,ნუ მომკლავ, გადამარჩინე!”. აღნიშნული აქციის ფარგლებში ვესტუმრებით ყველა სამედიცინო დაწესებულებას და გავარკვევთ, როგორ ,,ზრუნავენ” თეთრხალათიანები სიცოცხლის გადასარჩენად. რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტებისთვის და რა  სახის თხოვნაზე ეუბნება მათ უარს… მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, შემოუერთდნენ ჩვენს აქციას და ერთად დავეხმაროთ უაღრესად გაჭირდებულ ადამიანებს – ონკოპაციენტებს სიცოცხლისთვის ბრძოლაში. 
euronews.ge -ს მთავარი რედაქტორი ნელი ვარდიაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close