ნინო მიქიაშვილი: თქვენ სამარცხვინო წინაპრები იქნებით!
,,თქვენ სამარცხვინო წინაპრები იქნებით!
მე ვამაყობ ჩემი წინაპრებით და თქვენს შთამომავლებს თქვენი ნამოქმედარის გამო შერცხვებათ და თან როგორ შერცხვებათ! თქვენზე ვამბობ, საყდრისის ჯალათებო, დღეს ცა ქუდად, რომ არ მიგაჩნიათ და დედამიწა ქალამნად.
,ალბათ გახსოვთ, თქვენი სახეები ფოტოაპარატით მაქვს გადაღებული; უამრავ ვიდეოკადრშიც ხართ. ზოგიერთი თქვენგანი დღესაც თავს იწონებს ტელეგამოსვლებით და ამაყად ამართლებს საყდრისის აფთქებას. სინანულის ნატამალი არ იგრძნობა თქვენს ინტონაციაში. ამიტომაც არა ხართ დასანდობი – თქვენს სახეებს, თქვენს ნამოქმედარს ერთ წიგნში მოვუყრი თავს, საყდრისის ვაიდამცველებთან ერთად!
როგორ გგონიათ, მთელი ცხოვრება სახელმწიფო თანამდებობაზე იმუშავებთ, სულ ბულდოზერზე იჯდებით და სულ დირექტორები იქნებით?! ვერ იქნებით. თქვენი ადგილი ციხეშია! მანამდე გამოძიების კითხვებზე მოგიწევთ პასუხის გაცემა, მაგრამ დავუშვათ და სამართალს გადაურჩით, მე ვერ გადამირჩებით – ჩემს წიგნში მიგიჩენთ სათანადო ადგილს. მე რომ ვერ შევძლო (ყველაფერი ხდება), ისეთი ფორმით მაქვს “საყდრისის ქრონიკები”-სთვის მასალები შენახული, ამას სხვა გააკეთებს და თქვენს სახეებს შთამომავლობას შემოუნახავს. წიგნს ასე ერქმევა – “საყდრისის ქრონიკები”!
დღეს, 2017 წლის 13 დეკემბერს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს აფეთქების სამი წლისთავი იყო. ღმერთმა ნურასდროს განგვაცდევინოს ის, რაც სამი წლის წინ განვიცადეთ” _ აცხადებს ნინო მიქიაშვილი.