საზოგადოება

ნინო მიქიაშვილი: ვაკის პოლიციაში უნდა მივიდე და ჩვენება მივცე

,,ვაკის პოლიციაში უნდა მივიდე და ჩვენება მივცე. მანამდე მოვლენები ასე განვითარდა:

დღის პირველ ნახევარში ეროვნული მუზეუმიდან მაცნობეს, რომ ჩვენს გაერთიანებაში შემავალ ერთ-ერთ მუზეუმში – კუს ტბაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიწვა იმერული სახლის საწნახელი და ღობეო. დაახლოებით ერთ საათში მე და Dodo Qajaia ეთნოგრაფიულ მუზუემში მივედით. შესასვლელშივე, დაცვის პოლიციას, იქვე მყოფე პირებს გავეცანი ვინ ვიყავი და ვუთხარი რისთვის მივედი. ერთმა მომიგო, ხო, რაღაც მოხდა, მაგრამ აბუქებენო. მეორემ თქვა, ისეთი არაფერი მომხდარაო. ამასობაში გავარკვიე ვის ველაპარაკებოდი – ეთნოგრაფიული მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერს და ეთნოგრაფიული მუზეუმის მმართველს.

შემდეგ ჩავეძიე – რადგან ამბობთ, რომ ისეთი არაფერი მომხდარა, ესე იგი რაღაც მართლა მოხდა და მაჩვენეთ იმერული სახლი-მეთქი. ოფიცერმა მმართველი ხელით შეაჩერა და მე წინ გამიძღვა. მიმიყვანა იმერულ სახლთან და თან მიხსნიდა, აი, ხომ ხედავთ, არაფერი მომხდარაო.

მინიმუმ ათჯერ მაინც ვკითხე და ვუთხარი, რომ ტყუილს ნუ იკადრებთ, სიმართლეს თუ ვერ მეტყვით, გაჩუმდით მაინც; ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები და თქვენ თავს მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებთ, თუ ახლა მატყუებთ-მეთქი. ბოლოს მიმითითა ერთ კონკრეტულ ადგილზე; თქვა, რომ სიგარეტისგან ბალახს ოდნავ ცეცხლი მოეკიდა, ვედროთი წყალი მივასხით და ინცინდენტიც ამით ამოიწურაო. დამწვარი ბალახი რომ არ ჩანს-მეთქი?! ეს ადგილი გადაირეცხა და ამიტომ აქაურობას არაფერი ეტყობაო. ამასობაში ეთნოგრაფიული მუზეუმის მმართველი მოვიდა. ცალ-ცალკე და ორივე ერთად მიმტკიცებდა, რომ საგანგაშო და ამბის ასატეხი არაფერი იყო. საწნახელი სად არის-მეთქი და შიგნითაა ჩაკეტილი, დღეს დასვენების დღეა, ხვალ მოდით და გაჩვენებთ, ნახავთ რომ დამწვარი არაფერიაო.

ამ დროს დოდო ქაჯაია სად იყო და რას აკეთებდა არ ვიცი, მაგრამ სანამ მე წელამდე ბალახს, ეკალ-ბარდებს და გადახურულ ფარდულში შეყრილ დაჭიანებულ ექსპონატებს ვიდეოკამერით ვიღებდი, თავზე დოდო წამოგვადგა – არ გრცხვენიათ ამხელა კაცები როგორ იტყუებით და როგორ ამტკიცებთ რომ არაფერი დამწვარაო?!

წამოდი, მე გაჩვენებ დამწვარ საწნახელსო. – მითხრა დოდომ და იმ ადგილას მიმიყვანა, რომელსაც ვეძებდი. ეს აღმოჩნდა იმერული მარანი. ოფიცერი უკან გამომყვა, მმართველი სადღაც წავიდა. უდიდესი ხისგან გამოჭრილი (ერთი მთლიანი ხისგან) საწნახელის ძირი დამწვარი დაგვხვდა. მიწა ისევ სველი იყო. ძველისძველი ხის დანახშირებული ფრაგმენტებიც იქვე ეყარა. ეს კამერითაც გადავიღე, ფოტოაპარატითაც.

პირველი რაც გავაკეთე, იყო ის, რომ დავრეკე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, შემდეგ 112-ზე. საპატრულო პოლიცია მალევე მოვიდა. მათ მკითხეს რომელი საუკუნის იყო ეს საწნახელი. არ ვიცი, ეგებ ამ ბატონმა იცოდეს-მეთქი. შემდეგ უსაფრთხოების ოფიცერს იგივე ჰკითხეს. იმან თქვა XVII საუკუნისააო. რომ შევიცხადე, მერე თქვა მეჩვიდმეტე თუ მეთვრამეტე საუკუნისაა, ზუსტად არ ვიციო.

საპატრულომ ოქმი შეადგინა. მათ ეს საქმე ვაკის პოლიციას გადასცეს. იქიდან მოგვიანებით მოვიდნენ და იმის რკვევა დაიწყეს, ეროვნული მუზეუმიდან ვინ მომაწოდა ინფორმაცია. ეს დაახლოებით სამჯერ რომ გამომიმეორა ჩინით შედარებით მაღლა მდგომმა, მერე მკაცრად ვუთხარი – თქვენ აქ იმის გამოსარკვევდ მოხვედით საიდან გავიგე, თუ ის უნდა გამოარკვიოთ რა მოხდა-მეთქი. მეც და დოდოც ძალიან დაღლილები, მშივრები ვიყავით. ვისადილებთ და პოლიციაში თავად მოვალ-მეთქი, – ვუთხარი. ხუთ საათზე წამოვედი იქიდან. ახლა “ობიექტივში” ვარ და გამომძიებლის ზარს ველოდები. კრიმინალური პოლიცია ეთნოგრაფიულ მუზეუმში დარჩა, ადმინისტრაციას დაველაპარაკებითო, – თქვეს.

დამწვარი ღობის ამბავი ჯერ ვერ დავადგინე, ეს ინფორმაცია ჯეროვნად ვერ გადავამოწმე, რადგან შესაფერისად არ მეცვა. მაღალ ბალახში და ეკალ-ბარდებში კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვერ ვივლიდი.

“ობიექტივის” საინფორმაციო გამოშვების გადამღებმა ჯგუფმა უნიკალური კდარები გადაიღო. “იმედიც” იყო მოსული. იქიდან ეროვნულ მუზეუმში კომენტარის ჩასაწერად წავიდნენ. ყველა წვრილმანი და ნიუანსი ვერ დავწერე. მთავარი წერია. გზადაზგა რაიმე თუ გამახსენდება, კომენტარებში დავწერ და რაც ახლა დავაკელი ჩემს გადაცემაში ვიტყვი ყველაფერს წვრილად” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close