პოლიტიკა

ნარკორეალიზატორები სამუდამო პატიმრობით უნდა ისჯებოდნენ

ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის თქმით, ნარკოტიკებით ვაჭრობა სამუდამო პატიმრობით უნდა ისჯებოდეს.

შალვა ნათელაშვილი:

_ დღეს ჩვენ გავხდით ხელისუფლებისგან მართული ე.წ. კლუბების მეპატრონეების თავდასხმის ობიექტი. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდები უნდა ერთობოდნენ, მაგრამ არ უნდა იხოცებოდნენ იქვე, კლუბებში თუ გარედან ნაყიდი ნარკოტიკებით. მიგვაჩნია, რომ დემოგრაფიული პრობლემის წინაშე მდგარ ქვეყანას არ აქვს იმის ბედნიერება, რომ კლუბიდან გამოსული ხუთი, ერთი თუ ათი ახალგაზრდა კვდებოდეს ნარკოტიკებისგან და ლოგინში გარდაცვლილები იპოვონ. მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე უნდა დაწესდეს სამუდამო პატიმრობა ყოველგვარი შეწყალებისა და ამნისტიის გარეშე. მერე ვნახავთ, როგორ გაყიდიან ნარკოტიკებს ჩვენი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ის, რომ ივანიშვილი, მისი ოჯახი, მისი გარემოცვა მფარველობს ნარკოტრეფინგს, ღამის კლუბებს, მგონი, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. გაიხსენეთ, ნარკოტიკებით მოვაჭრე დიჯეებზე ბერა ივანიშვილის პოსტით მოწყობილი მიტინგი. რამდენი კაცი დაიჭირეს უსამართლოდ, ჩაუდეს ნარკოტიკი და ან ბერას, ან უტას, ან მამაცაშვილს გაუკეთებიათ რაიმე ფეისბუქპოსტი? ან რაიმე მიტინგები? ზოგი ამბობს, რაში სჭირდება ივანიშვილებს ღამის კლუბი, იპოდრომი, საცურაო აუზი ,,ვერე“, ოქროს საბადო; რაში სჭირდებათ დენდროპარკი და ხეების გაჩეხვა; რაში სჭირდებათ შაორში უნიკალური ხეების მოთხრა; რაში სჭირდებათ მონა-მინისტრები, სასამართლოს მონები… დღეს, როცა რუსმა ოკუპანტებმა ისევ გაგვივლეს ცხინვალთან უზარმაზარი ხნული, მთელი ქვეყანა დაკავებულია იმით, თუ როგორ გამოვნახოთ უკეთესი ფორმები, რათა ნარკომანებმა ნეტარებით განვლონ ცხოვრება. ნაცვლად იმისა, რომ ვფიქრობდეთ ახალგაზრდების ჯანსაღ ცხოვრებაზე, მათ განათლებაზე, შეირაღებული ძალების სრულყოფაზე, ეროვნულ იდეოლოგიის დახვეწაზე, ნარკომოვაჭრეთა ლობებისა და ღამის კლუბების მეპატრონეთა განცხადებებს იხილავს მთელი ქვეყანა.

აი, რა არის ჩვენი უბედურების სათავე. ვერავინ მოგვერეოდა, თუ არა ისევ ჩვენ, შიგნით, ხელისუფლებაში ჩაბუდებული ეშმაკები. რესტორანში რომ მოიწამლოს ადამიანი, იმ რესტორანს ჰაერშივე აწევენ და ,,ბასიანის“ 5 კლიენტი დაიღუპა, არ უნდა დაიხუროს ეს კლუბი? მფარველები რომ არ ჰყავდეთ ქვეყნის მმართველის ოჯახში, ამათ ვინმე ისე დატოვებდა?! მსგავსი დაუსჯელობა ჯუნგლებშიც აღარ ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close