“მხარდამჭერებთან ერთად ოქტომბრის სასახლის რამდენიმე ოთახის დაკავებას ვაპირებდი”
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ზიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ოქტომბრის სასახლესთან მას პროვოკაცია მოუწყვეს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სასახლეში რამდენიმე ოთახის დაკავებას მხარდამჭერებთან ერთად აპირებდა, თუმცა ადგილზე პოლიციელები დახვდნენ.
მისივე თქმით, თუ სასახლის ადმინისტრაცია მომხრეებს ოთახების დათმობაზე უარს ეტყოდა, დემონსტრანტები დაიშლებოდნენ.
სააკაშვილის აზრით, ოქტომბრის სასახლესთან ვითარება იმ ადამიანებმა დაძაბეს, რომელთაც შენობაში ეროვნული გვარდიის მობილიზაცია მოახდინეს. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა განმარტა, რომ მისი გეგმა მშვიდობიანია და ძალადობას ემიჯნება.
„ეს იყო სპეციალურად მომზადებული, გაზითა და ხელკეტებით იყო მობილიზებული პოლიცია. მაშინვე დაიწყეს ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება. მე ვგმობ ძალადობას, როდესაც ჩვენ ვიქნებით მილიონები, ყველა კარი და ფანჯარა გაიღება თავისით. პროვოკაცია მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს და ჩვენ მათ ამ თამაშში არ ავყვებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის განცხადებითვე, ის პოროშენკოსთან შესახვედრად მზად არის, თუმცა ჟურნალისტების თანხლებითა და კონკრეტულ მოთხოვნებზე სასაუბროდ.
„პოროშენკოსთან მოლაპარაკებებს აზრი აქვს მხოლოდ ერთ საკითხზე – თანამდებობიდან გადადგომაზე. მას მეორე ვადით არავინ აირჩევს, ამიტომ ჯობდა შეენარჩუნებინა სახე და წასულიყო თანამდებობიდან. მოლაპარაკებებს გავმართავ მხოლოდ კამერების თანხლებითა და კონკრეტული დღის წესრიგით, ესენია – კორუფციის მოსპობა და ანტიკორუფციული სასამართლოს დაფუძნება. ასევე უნდა დაანებონ თავი ანტიკორუფციულ ბიუროს, მიიღონ იმპიჩმენტის შესახებ კანონი და დაიწყოს ძალაუფლების გადაცემა. ისინი არიან პროფესიონალი პროვოკატორები. მე ვარ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის პროფესიონალი და ვემიჯნები ძალადობას“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „ზიკის“ ჟურნალისტთან საუბრისას.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ხვალ ის უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბისთანგეგმავს შეხვედრას.
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მხარდამჭერებთან ერთად ოქტომბრის სასახლის შენობაში შეჭრა დღეს სცადა სააკაშვილის მომხრეების ნაწილმა შენობაში შესვლა მოახერხა.
პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი აირი. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად რადას შენობის წინ გაშლილი კარვების ქალაქისკენ გადაინაცვლა.