„მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო დავდექით გლობალური ამ გამოწვევის წინაშე – კორონავირუსი, დღემდე უცნობი დაავადება, რომელმაც ყველა მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადაგვიყვანა.

ჩვენ გვინდა მოგიხმოთ თქვენ, მოგმართავთ კრეატიულ ადამიანებს დაგვეხმაროთ იდეებით. ერთად ჩვენი კრეატიულობით დავამარცხოთ კორონავირუსი. მოგმართავთ ყველას – მათ, ვისაც გაქვთ ინოვაციური ახალი მოსაზრებები და იდეები, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ამ გამოწვევას, როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, რომ ისინი დარჩნენ სახლში და მათი თვითიზოლაცია თუ კარანტინი იყოს ისე მოწყობილი, რომ ზედმეტი დისკომფორტი არ ჰქონდეთ, არ მოწყდნენ თავის საქმიანობას და ეს საქმიანობა შეძლონ დისტანციურად წარმართონ. როგორ გავხადოთ ჩვენი განათლება ისევ ისეთი ეფექტური, ოღონდ – დისტანციური. გვაინტერესებს, სხვა იდეები თუ როგორ მოვახდინოთ ადამიანების მობილიზაცია, დახმარება – ყველა ინოვაციური იდეა, რომელიც დაეხმარება საქართველოს და ალბათ გლობალურად მსოფლიოს ჩვენ ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი და ერთად დავუპირისპირდეთ ამ გამოწვევას. ასეთი იდეების მოზიდვის და მხარდაჭერის მიზნით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ვაცხადებთ ჰაკათონს – ინოვაციური იდეების კონკურსს, შეჯიბრს.

აპლიკაციების  მიღება დაიწყება ამ წუთიდან, გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში და შემდეგ უკვე ჩატარდება ჰაკათონი.

ჩვენ შევქმენით საკმაოდ სერიოზული საპრიზო ფონდი გამარჯვებული იდეებისთვის, იმისთვის, რომ მათ განხორციელებაში დაგეხმაროთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაიმარჯვებთ თუ არა, ჩვენ მათ ყურადღებით გავეცნობით იმიტომ რომ, ჩვენ მხოლოდ ასე ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დავძლიოთ ეს დიდი გამოწვევა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური იდეების ჰაკათონის წარდგენისას.

კომენტარები