მეგი გოცირიძე, ნაციონალური პარტიის წევრი:

_  მინდა, ჩემი ძველი სტატუსი შემოგთავაზოთ, სადაც აღწერილი მაქვს, თუ როგორ შემამჩნია მიშამ და როგორ გავხდი იმ გუნდის წევრი. მაქვს პატივი, დღესაც იმ გუნდის წევრად ვირიცხებოდე, რომელი გუნდიც თავისუფალი და ძლიერი საქართველოს შენებისთვის იბრძვის!
სწორედ ისევე აღმოაჩინა მიხეილ სააკაშვილმა ახალი სახეები, ის პატრიოტები, რომლებიც დღეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან და რომლებიც 2012 წლის შემდგომ ებრძვიან ივანიშვილის რეჟიმს, როგორც თავის დროზე მე აღმომაჩინა და ამაშია სწორედ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების საიდუმლოც.
იცით როგორ მოვხვდი მიშასთან?
(იქამდე იყო 9 აპრილი, როცა საშიმშილოდ დავსხედით პირველი კურსის სტუდენტები და ჩემი თანატოლები თვალწინ ამიჩეხეს.
სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ სასტიკად მომწამლეს ღორებმა …)

მაშინ, როცა თბილისში ბნელი და უკუნი იდგა, ჩემი ქმარი ნავთის და ბენზინის “ბიზნესში” იყო და საკამოდ სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებდა. გარდა იმისა, რომ ნავთქურაში ნავთი არ გამომლევია და სტამბულში ნაყიდი სამი ნავთქურა მედგა სახლში, ოთხი სხვადასხვა კაბელი მქონდა შემოყვანილი თავისი “რუბილნიკებით” , აგარაკიც მქონდა, “დვიჟოკიც” , აკუმულატორზე შეერთებული ტელევიზორიც, რომელსაც ეზოში ვდგამდი თუ 7 საათზე სერიალ ,,იზაურა”-ს დროს დენს არ ჩართავდნენ და მთელი უბანი აქ იკრიბებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაკლდა, რამდენიმე მანქანა იჯარით მქონდა გაქირავებული, ორი “ბუტკაც” მქონდა პლეხანოზე და ვარკეთილის მეტროსთან……
გადავწყვიტე უსამართლობასთან ბრძოლა და თანამოაზრეებთან ერთად გზების გადაკეტვა დავიწყე ელექტროენერგიის მოთხოვნით, პირველი საბურავიც სამთავრობო ტრასაზე დავწვით და ერთი საათით დენიც მივიღეთ.
მაშინ გავედი ქუჩაში უსამართლობის წინააღმდეგ, როცა მიშა ედუარდის გუნდში იყო. მაშინ ვებრძოდი ედუარდის ცოლის დაქალებს, რომლებიც გამგეობებში სოცგანყოფილებებს კურირებდნენ და უმწეოებისთვის გამოყოფილ მიზერულ თანხას ინაწილებდნენ. მაშინ გავედი უსამართლობასთან საბრძოლველად, როცა მოქალაქეთა კავშირის წევრები ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს ედუარდის გუნდში.
ცოტა ხანში კი ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია დაჯი ჯინჭარაძესთან, ია ფხოველიშვილთან და სხვა ჩემს ახლობლებთან ერთად .

მერე მიშა წავიდა ედუარდის წინააღმდეგ და იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მე ვებრძოდი. მერე ვანომ მითხრა, რომ ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებით და მოდი გავერთიანდეთო. დაფუძნდა პარტია და საცხოვრებლის მიხედვით ისნის რაიონის ორგანიზაციაში დავიდე ბინა. 
ცოტა ხანში მიშამ ჩამაბარა თბილისის მასშტაბით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, მოგვიანებით კი 30- მდე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის “პრეზიდენტად” ამირჩიეს. შემდეგ იყო საკრებულოს არჩევნები და შევედი საკრებულოში სოც. საკითხთა ექსპერტ კონსულტანტის სტატუსით. ნახევარი საკრებულოს შენობა იყო ჩამოშლილი და ერთ პატარა კაბინეტში 3-4 დეპუტატი იჯდა.  მე კი ფოიეში პრემიერ ქურხულის კაბინეტის წინ მდებარე ორ დიდ სვეტს შორის სახელდახელოდ კაბინეტი შემიკრა მიშიკომ და იქ “განმათავსა.” 
  შემდეგში საპენსიო ფონდის დირექტორობაც მანდო და იქედან “გამიყვანა” პარლამენტში ისნის რაიონიდან. ამის შემდეგ კიდევ ბევრი რამ მანდეს მიშამ და ვანომ, მაგრამ ამაზე სხვა დროს დავწერ ან არასდროს.
ჰოდა, ამით იცით რისი თქმა მინდოდა?
ზუსტად ვიცოდი და საჯაროდაც ამბობდა მიშა, რომ “ბუტკებს “აიღებდა”, ელ მაფიას დაასრულებდა, ნავთქურები აღარ იხრჩოლებდა … მაგრამ მაინც მის გვერდით დავდექი, რადგან ყველაფერი გამაჩნდა სახელმწიფოს გარდა და ძალიან მინდოდა, რომ სახელმწიფო მქონოდა. როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, ჩემს ქმარს რასაკვირველია ნავთის ბიზნესი აღარ ჰქონდა, გაგიკვირდებათ და ჩემი ორივე “ბუტკის” აღების “სპეცოპერაციაში” თავად მივიღე მონაწილეობა, როგორც სხვა ჯიხურების აღების “სპეცოპერაციებში”.
მას შემდეგ არანაირი ბიზნესი არ გვქონია ოჯახს და ხელფასზე ვცხოვრობდით, გვქონდა კრედიტები როგორც ყველას, ვიხდიდით კრედიტებს არცთუ ისე მაღალი სახელფასო შემოსავლებიდან, სანამ ბიძინა ივანიშვილმა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდანაც არ გამომაგდო (მოსვლისთანავე გამოგვაგდო მეც და ჩემი ქმარიც, ოღონდ ის სხვა სამსახურიდან). დავრჩით ორი სტუდენტი შვილით სრულიად უსახსროდ, უსამსახუროდ, უპერსპექტივოდ და კრედიტების ამარა. დავრჩით იგივე სახლში, რომელშიც მიშამდე ვცხოვრობდით და ბევრი სხვაც არაფერი გაგვაჩნია!
ბიძინას მოსვლამდე არცერთი თეთრი პრემია არ ამიღია და არავითარი სიკეთით არ მისარგებლია გარდა იმისა, რომ ჩემი ქვეყანა წუმპედან ამოათრია 9 წელმა. 
  ჰოდა, ამ სიკეთის შესანარჩუნებლად ვიბრძვი და სულ მარტოც რომ დავრჩე, ვიბრძოლებ ბოლომდე, რადგან ეს ყოფილა ჩემთვის მთავარი!

კომენტარები
Загрузка...