„მინდა, თვალებში ჩავხედო მკვლელს“
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის დარღვევას აპირებს
7 ნოემბერს 12:00 საათზე კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესია. ბრალდებულის ადვოკატი, სალომე არდოტელი ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილს დაარღვევს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სასამართლოს პროცესს კესარია აბრამიძის ოჯახი დაესწრება.
„აუცილებლად, ვიქნები სასამართლო პროცესზე! მინდა, ვნახო, თვალებში ჩავხედო მკვლელს. იმედი გვაქვს, მოსამართლე გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმედი მაქვს, დუმილს დაარღვევს, მკვლელობას აღიარებს და მოყვება დეტალურად ყველაფერს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
37 წლის მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე18 სექტემბერს თავის ბინაში მოკლული ნახეს.
მკვლელობაში ბრალდებული 19 სექტემბერს დააკავეს. სასამართლომ მას 20 სექტემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბექა ჯაიანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
26 წლის ბექა ჯაიანის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.