პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლანმაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმის თქმით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება. ახალგაზრდის წნევის შენარჩუნება მხოლოდ მედიკამენტების საშუალებით ხერხდება.

დაჭრილის ოჯახის წევრები პანკისის ხეობის უხუცესებისა და სუს-ის უფროსის შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრობენ, რომლის დასრულების შემდეგ უხუცესთა საბჭოს წევრებმა განაცხადებს, რომ ისინი დარწმუნდნენ აყვანილი პირების კავშირში ტერორიზმთან.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები აცხადებენ, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ როგორც გამოძიებას, ასევე იმ უხუცესებს, ვინც მსგავსი განცხადებები გააკეთეს. ისინი სუს-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას და მტკიცებულებების წარდგენას ითხოვენ.

„რაც მაგათ მიაწოდეს, ის დამონტაჟებული იქნება, თუ ყალბი იქნება, ის ანახეს უხუცესებს. ესენი, რაც უშიშროება და სუს-ი იძახის, ის უხუცესთა საბჭოც მაგას იტყვის იმიტომ, რომ ისინი ერთობლივად მუშაობენ. რაც შეეხება რუსეთის საელჩოს აფეთქებას, ჩემს შვილთან დაკავშირებით, ჩემს შვილს რაში სჭირდება რუსეთის საელჩო აფეთქება ან მასში მონაწილეობა. ბავშვი 18 წლისაა, სად მოასწრო ამდენი იმეების მოპოვება. ერთი წელი არ არის, რაც საზოგადოებაში გამოვიდა. თვალების ოპერაცია გაიკეთა და მის მერე გამოვიდა.

“ჩემი  უმცროსი გოგო არის ევროპაში ხუთი წელია. ამ ერთი თვის წინ ჩემი უფროსი გოგო ჩავიდა გერმანიაში თავის დასთან. მაგის შეგროვილი თანხა ჩამოიტანა თბილისში, რომ იქ ეყიდა ბინა და ეს თანხა არის ამოღებული. არ რცხვენიათ? ნამუსი აღარ არის. ერთ-ერთი რომ იძახის, უმწეო ბავშვი ჩაითრიესო, არ ჩაუთრევიათ ჩემი ბავშვი არსად. მომაწოდეთ, მშობელი მე ვარ. მომაწოდეთ, აგერ აქ არის შენი შვილის ჩანაწერი, აქ არის შენი შვილის დანარეკი, აქ არის შენი შვილის ბანკის “შოტი” და მე ამოვისუნთქებ. სიკვდილს ხომ ებრძვის, ვიტყვი, რომ ახი ყოფილა, მომაწოდეთ ეს ყველაფერი,“ – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, ამ ამბავს ასე არ დატოვებს და კანონიერი გზით შეეცდება სამართლის მოპოვებას.

კომენტარები